მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიამ პლანეტა მოიცვა, შვედეთი დასავლურ დემოკრატიებს შორის ის გამონაკლისი აღმოჩნდა, სადაც იზოლირების თვალსაზრისით მცირე შეზღუდვები მოქმედებს. მეტყველებს თუ არა აღნიშნული მიდგომა შვედური საზოგადოების უნიკალურ სიძლიერეზე, თუ ეს არის სიტუაციის არასწორად შეფასების ნიშანი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ქვეყნის სტატისტიკის შედარებით მის მეზობელ ქვეყნებთან.
ავტორი: ჰანს ბერგსტრომი
შვედეთის განსხვავებული მიდგომა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით პოპულარულია ქვეყნის შიგნით. აღნიშნული მოდელი მოწონებას იმსახურებს მის საზღვრებს გარეთაც, თუმცა მან განაპირობა COVID-19-ით გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ევროპაში, რომელიც აშშ-საც აჭარბებს.
სტოკჰოლმში ბარები და რესტორნები ხალხითაა სავსე. ისინი ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ გაზაფხულის მზით ტკბებიან. ღიაა სკოლები და სპორტული დარბაზებიც. სახელმწიფომ საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაავრცელა, თუმცა მხოლოდ მსუბუქი სანქციები შემოიღო. ამასთან, არცერთი ოფიციალური ინსტრუქცია მოქალაქეებს პირბადეების ტარების რეკომენდაციას არ აძლევს.
პანდემიის ადრეულ სტადიაზე, სახელმწიფოს წარმომადგენლები და სხვა სპიკერები სიამაყით საუბრობდნენ “შვედურ მოდელზე”, ირწმუნებოდნენ, რომ ის ეფუძნებოდა შვედების უნიკალურად მაღალი ხარისხის “ნდობას” ინსტიტუციებისა და ერთმანეთის მიმართ.
პერმიერ-მინისტრმა სტეფან ლუფვენმა შვედების დისციპლინურობასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ მათგან მოელის პასუხისმგებლიან საქციელს, მთავრობის მხრიდან ბრძანებების გაცემის გარეშე.
მსოფლიო ღირებულებების კვლევის მიხედვით, შვედები ამჟღავნებენ როგორც საჯარო ინსტიტუტების ნდობის, ასევე, უკიდურესი ინდივიდუალიზმის უნიკალურიკომბინაციას. როგორც სოციოლოგი ლარს თრიგორდი აღნიშნავს, ყოველი შვედი მხრებით ატარებს საკუთარ პოლიციელს.
თუმცა მიზეზ-შედეგობრიობას ნუ ავურევთ. ე.წ. შვედური მოდელი მთავრობას პანდემიასთან საბრძოლველად სამოქალაქო პასუხისმგებლობის რწმენით არ შეუქმნია. ქმედებები ბიუროკრატებმა ჩამოაყალიბეს და შემდეგ დაიცვეს, როგორც შვედური ღირსების მაგალითი.
პრაქტიკაში, პანდემიასთან ბრძოლის ძირითადი ტვირთი ერთ ადამიანს დააწვა: ეპიდემიოლოგ ანდერს ტეგნელს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტიდან. ტეგნელი კრიზისს საკუთარი მტკიცე რწმენით მიუდგა, რომ ჩინეთიდან სხვაგან არ გავრცელდებოდა, შემდეგ კი უცხოეთიდან შემოტანილი ინდივიდუალური შემთხვევებისთვის თვალყურის მიდევნება შესაძლებელი იქნებოდა. ამასთან, ათასობით შვედურ ოჯახს, რომლებიც თებერვლის ბოლოს იტალიური ალპებიდან ბრუნდებოდნენ, ურჩევდნენ, სამსახურებსა და სკოლებში დაბრუნებულიყვნენ, თუ დაავადების გამოხატული სიმპტომები არ ჰქონდათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოჯახის რომელიმე წევრი იყო ინფიცირებული. ტეგნელი ირწმუნებოდა, რომ შვედეთში შიდა გადაცემის შემთხვევების ნიშნები არ ფიქსირდებოდა და დამატებითი ზომების მიღება საჭირო არ იყო. ღია იყო შვედეთის სათხილამურო კურორტებიც დამსვენებლებისა და სტოკჰოლმის მაცხოვრებლებისთვის.
ტეგნელმა მიანიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლაში დრაკონულ პოლიტიკაზე უარის თქმით შვედები თანდათან კოლექტიურ იმუნიტეტს გამოიმუშავებდნენ. ეს სტრატეგია კი საზოგადოებისთვის უფრო მდგრადი იქნებოდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში შვედეთის მთავრობა პასიური მაყურებლის როლში რჩებოდა. ეს ნაწილობრივ ასახავს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის უნიკალურ თვისებას: ძალაუფლების ძლიერ გამიჯვნას ცენტრალურ მთავრობასა და დამოუკიდებელ სააგენტოებს შორის. ის, რომ “ომის ქარ-ცეცხლში” მმართველობა ტეგნელის სააგენტოს უნდა ეკისრა, დამაჯერებელი იყო შვედეთის პრემიერ-მინისტრისთვისაც. მისი ქმედებების მიმართ რწმენამ ხელისუფლებას საშუალება მისცა, გაურკვევლობის პერიოდში საკუთარი პასუხისმგებლობა მოეხსნა მოვლენებზე. ამასთან, ლუფვენს, როგორც ჩანს, სურდა ეჩვენებინა, რომ სჯერა მეცნიერებისა და ფაქტების, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპიგან განსხვავებით, რომელიც საკუთარ ექსპერტებს აკრიტიკებს.
უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფო ეპიდემიოლოგმა აირჩია, შვედეთში დამოუკიდებელი ექსპერტების კრიტიკას იმსახურებს. ქვეყნის 22-მა წამყვანმა ეპიდემიოლოგმა და ინფექციონისტმა შვედურ გამოცემა Dagens Nyheter-ში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ტეგნელის გადადგომასა და მთავრობის მიერ სხვა ზომების მიღებას ითხოვდნენ.
მარტის შუა რიცხვებში მასობრივმა შიდა გავრცელებამ აიძულა ლუფვენი, უფრო გააქტიურებულიყო. ამის შემდეგ მთავრობა “დაჭერობანას” თამაშობს. 29 მარტიდან მასობრივი თავშეყრის დასაშვები რიცხვი 500 ადამიანიდან 50-მდე შემცირდა, დარღვევისთვის კი სანქციები დაწესდა. პირველი აპრილიდან მოვლის დაწესებულებებში ვიზიტები აიკრძალა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვირუსმა სტოკჰოლმის მოხუცთა დაწესებულებების ნახევარი მოიცვა.
შვედეთის მიდგომა, სულ მცირე, სამი მიზეზის გამო აღმოჩნდა შედცომაში შემყვანი. რამდენად ვირტუოზებიც არ უნდა იყვნენ შვედები, ყოველთვის აღმოჩნდებიან საზოგადოებაში გამონაკლისები და როდესაც ძლიერ, გადამდებ ინფექციასთან გვაქვს საქმე, ბევრი ასეთი ადამიანი არაა საჭირო სერიოზული ზიანის მიყენებისთვის… ამასთან, შვედეთის მთავრობამ მხოლოდ თანდათანობით შეიტყო ასიმპტომური გადაცემის შესაძლებლობის შესახებ; ასევე ის, რომ ადამიანები ყველაზე მეტად მაშინ არიან გადამდები, სანამ სიმპტომები გამოუვლინდებათ. და მესამე – შვედეთის პოპულაციის სტრუქტურა შეიცვალა.
აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, შვედეთის მოსახლეობის 25% წარმოშობით შვედი არაა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტში. გარდაცვლილთა შორის განსაკუთრებით მაღალია ემიგრანტების რიცხვი სომალიდან, ერაყიდან, სირიიდან და ავღანეთიდან. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია ემიგრანტების მშობლიურ ენაზე ინფორმაციის ნაკლებობითა. თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ, ემიგრანტებით დასახლებულ გარეუბნებში ცხოვრობენ, რასაც ამძაფრებს თაობებს შორის ფიზიკური სიახლოვეც.
ჯერჯერობით ძალიან ადრეა, სრულად შევაფასოთ “შვედური მოდელის” ეფექტი. COVID-19-ით სიკვდილიანობის რიცხვი შვედეთში ფინეთზე 9-ჯერ, ნორვეგიაზე 5-ჯერ და დანიაზე 2-ჯერ მეტია. შესაძლოა, ეს რიცხვები შვედეთის მეზობლებთან შედარებით უფრო ემიგრანტების ფართო პოპულაციითაა განპირობებული, მაგრამ განსხვავება მაინც თვალშისაცემია. დანიამ, ნორვეგიამ და ფინეთმა, ყველამ მტკიცე საკარანტინო ზომები ადრეულ სტადიაზე შემოიღეს და აქტიური პოლიტიკური ლიდერშიფი აჩვენეს.

მონაცემები 17 აპრილის მდგომარეობით
ამჟამად, როდესაც COVID-19 ფართოდ ვრცელდება მოხუცთა მოვლის დაწესებულებებსა და სხვა ჯგუფებში, შვედეთის მთავრობას დამუხრუჭება მოუწია, სხვებმა კი, ვინც “შვედური მოდელით” ცდუნდებიან, უნდა გაიაზრონ, რომ მისი განმსაზღვრელი თვისება სიკვდილიანობის მაღალი კოეფიციენტია.
ავტორი ჰანს ბერგსტრომი შვედური ყოველდღიური გამოცემის, Dagens Nyheter აღმასრულებელი რედაქტორი იყო. ის გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი და საინჟირნო მეცნიერებების შვედეთის სამეფო აკადემიის წევრია.
სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და “ნეტგაზეთის” შეთანხმების შესაბამისად.
თარგმანი: მარიამ ბოგვერაძე
გაეცანით სხვა მოსაზრებებსაც