ახალი ამბები

ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურებაზე მრევლის დასწრება შეიზღუდება – დეკანოზი თეოდორე

18 აპრილი, 2020 • 2135
ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურებაზე მრევლის დასწრება შეიზღუდება – დეკანოზი თეოდორე

ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ თეოდორე გიგნაძის თქმით, ტაძარში მღდელთმსახურება კვლავ გაგრძელდება, თუმცა შეიზღუდება მსახურებაზე მრევლის დასწრება, სანამ ქვეყანაში პანდემიის აფეთქების საშიშროება არ გადაივლის. ამის შესახებ დეკანოზმა საკუთარ მიმართვაში ისაუბრა.

“დღევანდელ დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია უნდა ვიტვირთოთ. მითუმეტეს გამკაცრდა რეგულაციები და ადამიანებს ფიზიკურად აღარ შეუძლიათ ტაძარში მოსვლა… ამას ემატება ისიც, რომ მრევლისადმი ისმის მოწოდება, რომ ვინც რისკ ჯგუფშია, თავი შეიკავონ მსახურებაზე დასწრებისგან, რამეთუ მსახურება სწორედ თავშეყრას და ერთად ყოფნას გულისხმობს. ის რეგულაციები, რომელსაც აქამდე ვატარებდით, აღარ არის საკმარისი, იმდენად ვერაგია ეს დაავადება და იმდენად საშიში გახდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლს მოვუწოდოთ, სოლიდარობა გამოიჩინონ ერთმანეთისადმი და ის, ვინც ახლოს არის და ეიოლება მოსვლა, ნუ ექნება უპირატესობის განცდა იმასთან შედარებით, ვინც შორს არის.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა გაჩერდეს მსახურება არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ მსახურება არა მარტო იმათთვის არის, ვინც ესწრება, არამედ მათთვისაც, ვინც ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება ჩვენ მათთვისაც ლოცვებს ვკითხულობთ. არ შეიძლება გაჩერდეს ევქარისტიული მსახურება, რომელიც ზეცისა და მიწის შეერთება არის. წმინდა ტრაპეზი და ღვთის კურთხევა გადმოდის არა მარტო იმ ადგილზე, არამედ მთელ სამყაროში.

მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება მანამ, სანამ საქართველოში პანდემიის აფეთქების საშიშროება იქნება.”, – განაცხადა დეკანოზმა თეოდორემ.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა მრევლს არ უნდა დაეკისროს, რადგან მათ ბუნებრივი მორჩილება აქვთ საეკლესიო იერარქიისა და სახელმწიფოს მიმართ.

“ჩემთვის გაუგებარია, როდესაც იგივე, ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ მრევლის პასუხისმგებლობაზე, როდესაც მრევლს აქვს ბუნებრივი მორჩილებითი განწყობა საეკლესიო იერარქიისადმი და ზოგადად ქრისტიანს ბუნებრივი განწყობა აქვს მორჩილებისადმი, იგივე საერო ხელისუფლებისადმი. ამიტომ ჩვენ ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას მრევლს და პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ვიტვირთოთ.

ჩვენ, შეიძლება, საერთოდ არაფერი არ დაგვემართოს, მაგრამ სხვა გახდეს ავად. ამიტომ, როდესაც საუბარია, რომ მოვერიდოთ თავშეყრას თუნდაც ტაძრის ეზოში, ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფო რეგულაციების დაცვას და დისტანცირებას, თუმცა მაინც შეუძლებელი ხდება გარანტიების მიცემა. შესაბამისად, თითოეული ადამიანი ამ ერთობიდან გამომდინარე, შესაძლოა, სხვისთვის გახდეს სახიფათო… არასოდეს არ ყოფილა ისე, რომ ქრისტიანს მოწამოებრივ ღვაწლად ჩაეთვალოს, როცა იგი სხვას წირავს, სხვის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, ეს ყოვლად გაუგონარი და გამორიცხულია”, – განმარტა დეკანოზმა მიმართვაში.


საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოსა და ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღდგომის კვირეულში ეკლესიებში თავშეყრა არ იკრძალება, მათ შორის, არ იკრძალება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება მიუხედავად იმისა, რომ ლიტურგია კომენდანტის საათის დროს ტარდება.

თუმცა გარკვეული სასულიერო პირები ბოლო დღეების განამვლობაში საკუთარ მრევლს, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სახლში დარჩენას მოუწოდებენ. მათ შორის არის მარგვეთისა და ურბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავრი, მეუფე საბა, გარდა ამისა გუშინ, 17 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 13-მა სასულიერო პირმა და 16-მა თეოლოგმა მიმართვა გაავრცელა, სადაც განმარტეს, რომ ის ადამიანი, რომელიც ეპიდემიის გამო თავს შეიკავებს ღვთისმსახურებაზე შეკრებისგან, “არათუ ქრისტეს ღალატობს, პირიქით, ცდილობს მოცემულ ვითარებაში აღასრულოს სულიერი ლიტურგია მოყვასის მსახურებისა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი