ნეტგაზეთი | რომ გაჰკივიან, არავინ არ ვართ მათგან დავალებული – მეუფე იაკობი იმნაძე-გამყრელიძეზე რომ გაჰკივიან, არავინ არ ვართ მათგან დავალებული – მეუფე იაკობი იმნაძე-გამყრელიძეზე – Netgazeti
RU | GE  

რომ გაჰკივიან, არავინ არ ვართ მათგან დავალებული – მეუფე იაკობი იმნაძე-გამყრელიძეზე

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს აკრიტიკებს კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობის გაფრთხილებისთვის.

ეპიკსოპოსი იაკობი ამბობს, რომ იმნაძისა და გამყრელიძისგან არავინ არის დავალებული, თუმცა სწორედ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრია პასუხისმგებელი საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის კონტროლსა და შეკავებაზე.

“პატივს ვცემდი ექიმებს. ზოგიერთს რომ ვუყურებთ, ისე ლაპარაკობენ… როცა გინდა უწინამძღვრო ხალხს, შესაბამისად, სიმშვიდე უნდა გქონდეს. რომ გამოდიხარ და პანიკებს თესავ… ვინც პანიკებს იწვევდა ომის დროს, კარგად ვიცი, მათ რას უშვებოდნენ. ვგულისხმობ ბატონ ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს. როდესაც გაჰკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან ისე დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. თვითონაც თავს თუ ვერ იკავებენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ და მერე დაგველაპარაკონ”, – თქვა ეპისკოპოსმა. სასულიერო პირი მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვს მოსახლეობის გაფრთხილებისთვის.

ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში და აღდგომას თავი შეიკავონ ეკლესიაში მისვლისგან. მათი შეფასებით, ვირუსის უკონტროლო გავრცელების გამო ქვეყანა ვირუსის სწრაფი გავრცელების საფრთხის წინაშე დგას, რისი რესურსიც ქვეყანას არ ექნება.

მიუხედავად სპეციალისტების გაფრთხილებისა და მოწოდებისა, მართლმადიდებელი ეკლესია ამ დრომდე უგულებელყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ნორმებს, კერძოდ, უარს არ ამბობს საერთო კოვზით ასობით ადამიანის ზიარების წესის შეცვლაზე, რაც შეიცავს ვირუსის გავრცელების საფრთხეს. გარდა ამისა, ისინი მრევლს მოუწოდებენ დახურულ სივრცეში მისვლისკენ, რაც ასევე შეიძლება ვირუსის სწრაფი გავრცელების წყარო გახდეს.

ამ დრომდე კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა რამდენიმე სასულიერო პირს, მათ შორის, ბოლნისის სიონის მღვდელმსახურს და თბილისში ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელს, ასევე დაინფიცირდა წყნეთის ეკლესიის მრევლის წევრი, რის გამოც ტააძარი დაკეტილია. გარდა ამისა, ვირუსით ინფიცირებულია საპატრიარქოს დაცვის წევრი.

მსოფლიოში კორონავირუსით 2.2 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, საიდანაც 150 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.