ახალი ამბები

ბოლნისის სიონის მოძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 აპრილი, 2020 • 1964
ბოლნისის სიონის მოძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისში მღვდელს, რომელიც ბოლნისის სიონის ტაძარში მსახურობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დაუდასტურა ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა დიმიტრი მოდებაძემ.

მოდებაძის ინფორმაციით, ამჟამად ბოლნისის სიონის ტაძარი მრევლისთვის დაკეტილია, სამონასტრო კომპლექსში კი სასულიერო პირები რჩებიან:

“დადასტურებულია ეს ფაქტი ნამდვილად, რომ დაუდგინდა კორონავირუსი. ამ წუთისთვის ტაძარი დაკეტილია. სამონასტრო კომპლექსში მონაზვნები ისედაც იზოლაციაში იმყოფებიან, მრევლი ამ წუთისთვის ტაძარში არ არის”, – ამბობს მერის წარმომადგენელი “ნეტგზეთთან”.

მერის წარმომადგენლისთვის უცნობია, როდის ჩაატარა ბოლოს მსახურება სასულიერო პირმა, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა. ნეტგაზეთი ამ ინფორმაციის მიღებას საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საპარტიარქოსგან ცდილობს.

კორონავირუსი ასევე დაუდასტურდა თბილისში, ვერაზე მდებარე ერთ-ერთი ეკლესიის სასულიერო პირსაც, ასევე, საპატრიარქოს დაცვის წევრს, რომელიც გარე პერიმეტრზე მუშაობდა.

23 მარტს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა. მთავრობის გადაწყვეტილებით,  მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა, დაიხურა ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომია მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

17 აპრილის 14:40 საათის მონაცემებით, კორონავირუსის 370 შემთხვევაა გამოვლენილი, 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 პირი გარდაიცვალა, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი