ახალი ამბები

წყნეთში ეკლესია ჩაიკეტა, სასულიერო პირები თვითიზოლაციაში არიან

17 აპრილი, 2020 •
წყნეთში ეკლესია ჩაიკეტა, სასულიერო პირები თვითიზოლაციაში არიან

დაბა წყნეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ჩაიკეტა.

ტაძრის შიდა ტერიტორიაზე 7 ადამიანია დარჩენილი, რომელთაც ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ.

ასევე აკრძალულია ტაძრის ტერიტორიაზე სხვა პირების შესვლა.

ტაძრის წინამძღვრის, იოანე ოქროპირიძის თქმით, ტაძრის ჩკეტვის მიზეზი ერთ-ერთი ადამიანის სტუმრობა გახდა, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა:

“ეს ქალბატონი ტაძარს ხარებაზე სტუმრობდა და აღსარება ჩამაბარა, მას შემდეგ აქ არ ყოფილა. გუშინ გაირკვა, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდ და ჩვენი ტაძარი ჩაკეტეს”, – უთხრა ნეტგაზეთს იოანე ოქროპირიძემ.

მისი განმარტებით, ტაძარში დარჩენილებს მრევლი სურსათითა და სხვა საჭირო ნივთებით ამარაგებს. ტაძრის წინამძღვრის თქმით, მას და დანარჩენ 6 ადამიანს ტაძარში დარჩენა 14 დღის განმავლობაში მოუწევთ. ტაძარში ჩატარდა დეზინფექციაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი