ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ავტომანქანებით გადაადგილების სრულად აკრძალვა არ არის კავშირში ტაძრებში მისვლასთან.
„თუ დავაკვირდებით ტაძრების გეოგრაფიულ გადანაწილებას საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, დავინახავთ, რომ მანქანების გადაადგილება ვერ შეაფერხებს ტაძარში მისვლას. შესაბამისად, ამ ორ ფაქტს შორის არანაირი კავშირი არ არის“, – განაცხადა მინისტრმა 16 აპრილს, გვიან ღამით ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.
აკრძალვა არ ეხება სატვირთო მანქანებს. კომპანიებმა, ვინც ამ პერიოდში მუშაობს, შესაბამის სამინისტროებს უნდა მიმართონ თანამშრომლების სახლიდან სამსახურში და უკან ტრანსპორტირების ნებართვის მისაღებად.
ამასთან, 17 აპრილიდან აუცილებელი ხდება დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება. ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იურიდიულ პირებს — ჯარიმა 15000 ლარია.
ამასთან, 17 აპრილიდანვე იზღუდება სასაფლაოებზე შესვლა.