ახალი ამბები

ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმება კონკრეტულ პატიმრების გათავისუფლებაზე შედგა

9 მარტი, 2020 • 1556
ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმება კონკრეტულ პატიმრების გათავისუფლებაზე შედგა

გიგი უგულავა, ბესიკ თამლიანი, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი, – ეს არის ჩამონათვალი იმ ადამიანების, რომელთა პატიმრობიდან გათავისუფლებაზეც, ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგა.

როგორც საარჩევნო სისტემაზე გამართული დიალოგის მონაწილეები ირწმუნებიან, საუბარი იყო როგორც კონკრეტულ გვარებზე, ასევე, იმ მექანიზმებზე, რომლის საფუძველზეც ეს ადმიანები უნდა გათავისუფლდნენ.

“მათ ძალიან კარგად იციან, რაზე შედგა შეთანხმება. აბა, შეთანხმება თუნდაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვერ შედგება თუნდაც იმ სახით, რა სახითაც ჩვენს საერთაშორისო პარტიორებს უნდათ, რომ ოპოზიციურმა პატიებმა მხარი დავუჭიროთ 120/30-ზე პროპორციას, თუ არ იქნება გათავისუფლებული ყველა პოლიტიკური პატიმარი და არ იქნება შეწყვეტილი დევნა”, – განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

ამასთან, მელია აცხადებს, რომ ერთ-ერთია მათ შორის, ვისი გვარიც ფიგურირებდა სამართლებრივი დევნის შეწყვეტის კონტექსტში.

“პირადად მე დამიდასტურეს შეხვედრაზე მყოფმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ოქრუაშვილი, თამლიანი და რურუა გათავისუფლდებიან უახლოეს ხანებში. სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიება შეეცვლებათ. პროცედურულად ცოტა რთულია გიგი უგულავას საკითხი, თუმცა ეს თემა მუდმივად იდგა დღის წესრიგში და ვფიქრობთ, იმედია, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის შესაძლებლობას, შეიწყალოს გიგი უგულავა”, – განაცხადა, თავის მხრივ, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

პრეზიდენტის როლის შესახებ რომ “შემთხვევით არ ჩაიწერა” ერთობლივ განცხადებაში, მიუთითებს “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილის მიერ გიგი უგულავას შეწყალებას ელის.

“შეთანხმება მიღწეულად ვერ ჩაითვლება, თუ ეს ადამიანები არ იქნებიან თავისუფალი. წერტილი, მორჩა, დამთავრდა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბარქაძის ცნობით, შეხვედრაზე იყო საუბარი კონკრეტულ მექანიზმებზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო დევნის შეწყვეტა.

“ვადასტურებ, რომ დიახ, იყო საუბარი კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტულ გვარებზე. ეს “ქართულმა ოცნებამაც” და საერთაშორისო ფასილიტატორებმაც დაადასტურეს. თუ “ქართულ ოცნებას” გაუადვილდება საკუთარ ამომრჩეველთან ურთიერთობა, კი ბატონო, ისაუბრონ, რომ არაფერზე საუბარი არ ყოფილა და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. ჩვენი ამოცანაა, შეთანხმება შესრულდეს და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში კონკრეტულმა ადამიანებმა, ვისზეც ამ პროცესში საუბარი იყო, საპატიმროები დატოვონ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლებით გამართული დიალოგი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის თქმით, შეთანხმება შედგა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზეც.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში არავის გათავისუფლების ან დაპატიმრების საკითხზე არ შეთანხმებულან.

არავის გათავისუფლებაზე შეთანხმება არ ყოფილა – თალაკვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი