ახალი ამბები

არავის გათავისუფლებაზე შეთანხმება არ ყოფილა – თალაკვაძე

9 მარტი, 2020 •
არავის გათავისუფლებაზე შეთანხმება არ ყოფილა – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში არავის გათავისუფლების ან დაპატიმრების საკითხზე არ შეთანხმებულან.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ოპოზიციის ნაწილის ინტერპრეტაცია კონკრეტული პატიმრების გათვისუფლებასთან დაკავშირებით განპირობებულია მათ მიერვე მხარდამჭერებისადმი მიცემული პირობით და შეთნხმების მიღწევამდე აღნიშნული საკითხის პრიორიტეტად განსაზღვრით და გასაკვირი არ არის.

“გუშინ და დღეს ვისმენთ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს მაღალი პროფილის საქმეებზე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ შევთანხმდით, რომ მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის და არავინ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას.

ჩვენი პოზიცია აქამდეც, დღესაც და მომავალშიც იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სადაც მართლმსაჯულება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესის და კალენდრის ნაწილი.  სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება ამ მიმართულებით დოკუმენტში არ არის მოცემული. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილება რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვიზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტს, არც მიღებული ყოფილა, არც ხელმოწერილი და არც დადასტურებული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლებით გამართული დიალოგი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის თქმით, შეთანხმება შედგა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზეც.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი