შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლს ამნისტია შეეხო და საბოლოოდ მას 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა განესაზღვრა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო. ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, ისინი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის ბრალი 2020 წელს წარუდგინეს. პროკურატურა მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. იგივე ბრალი ჰქონდა წარდგენილი ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილსაც. ლაშა ჩხიკვაძემ ის გაამართლა.

“2004 წლის 24 ნოემბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 02 საათზე, ქ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მიერ გაჩერებულ იქნა BMW-ს მარკის ავტომანქანა, მძღოლითა და ხუთი მგზავრით. მათი შეჩერებისა და პირადი შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორ გრიგოლ ბაშელეიშვილს შემთხვევით გაუვარდა ტყვია ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღიდან და მძიმედ დაჭრა ავტომანქანიდან გადმოსული მგზავრი – ამირან (ბუტა) რობაქიძე, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

ხსენებული ფაქტის თაობაზე, იმავე ღამით ინფორმაცია მიიღო შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც დავალება მისცა შემთხვევის ადგილზე მისულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომ გადაერჩინათ საპატრულო პოლიციის იმიჯი და აღნიშნული ფაქტისთვის მიეცათ შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე.

ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გარდაცვლილ ამირან (ბუტა) რობაქიძეს და ავტომანქანაში მასთან ერთად მსხდომ პირებს ჩაუდეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. აღნიშნულის შემდეგ იმჟამინდელი საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, გამოძიება წარიმართა სამართლებრივად არასწორი მიმართულებით, რაც გამოიხატა გაყალბებული მტკიცებულებების საპროცესო წესით დამაგრებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული ვერსიის გამყარებაში.

ყოველივე აღნიშნულის შედეგად, გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემულ იქნენ ავტომანქანაში მსხდომი პირები, ხოლო გარდაცვლილი ამირან (ბუტა) რობაქიძე გამოცხადდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრად. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა გამოიწვია”, – აცხადებენ პროკურატურაში.

ოქრუაშვილის განაჩენს გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი. ის ითხოვს საქმის ფიგურანტი სხვა პირების, მათ შორის ზურაბ ადეიშვილის დასჯას.

“იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს”, – წერს მეტრეველი.

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო. მათ შორის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე, რომლებმაც საპატიმრო 2020 წელს, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვეს.

ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამადაც დაკავებულია. ის 14 მაისს დააკავეს “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილი, “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი წევრების საქმიანობის შემსწავლელ დროებით კომისიაზე არმისვლის გამო. 4 ივლისს მას 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ამავე თემაზე: