Interviewsახალი ამბებიკომენტარი

ეს ჯერ არაა ნამდვილი ეპიდემია, მხოლოდ დასაწყისია – ვირუსულოგი გერმანიაში არსებულ სიტუაციაზე

11 აპრილი, 2020 • 11837
ეს ჯერ არაა ნამდვილი ეპიდემია, მხოლოდ დასაწყისია – ვირუსულოგი გერმანიაში არსებულ სიტუაციაზე

გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვირუსოლოგი, SARS-ვირუსის თანააღმომჩენი და კორონას ერთ-ერთი ტესტის შემქმნელი, ბერლინის ყველაზე ძველი და ევროპის ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო კლინიკის, „შარიტეს“ პროფესორი ქრისტიან დროსტენი (Christian Drosten) ყოველდღე საუბრობს NDR INFO პოდკასტების სერიაში კორონოვირუსის შესახებ. 

„ნეტგაზეთმა“ დროსტენთან რამდენიმე ინტერვიუს თარგმანი შემოგთავაზათ. ამჯერად გთავაზობთ 27-ე პოდკასტს, რომელშიც ის NDR INFO-ს სამეცნიერო რედაქტორის კორინა ჰენიგის კითხვებს პასუხობს. 

  • მაქსიმა, რომელიც გამუდმებით გვესმის: ტესტები, ტესტები, ტესტები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანი დადის ჩვენ გვერდით, ვისთანაც ინფექცია შეუმჩნევლად, უსიმპტომოდ ან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. მოგვიწოდებენ, რომ ტესტირება უფრო ინტენსიურად უნდა ჩატარდეს, რომ საჭიროა სხვადასხვა დაწესებულების ჩართვა ამ პროცესში. რა ვითარება გვაქვს ახლა? საერთოდ, არის კი შესაძლებელი ფართომასშტაბიანი ტესტირების ჩატარება?

 არსებობს რობერტ კოხის ინსტიტუტის (რკი) ახალი მონაცემები აქტუალური ტესტირების შესახებ. ისინი ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენში გამოქვეყნდა. რაც შეეხება PCR ტესტებს. ისინი გაკეთდა 09.03. -დან 23.03. -მდე. შემდეგი პროექცია 30.03. – 05.04. – ზე მოდის. ამ პერიოდისთვის ეს არის კვირაში დაახლოებით 500 000 დან 700 000 -მდე ჩატარებული ტესტი. მიახლოებითი მონაცემებია. ზუსტი ციფრები, როგორც გითხარით, რკი-ს ანგარიშში წერია.

  • ეს გაცილებით მეტია, ვიდრე 350 000, რომელზეც აქამდე იყო საუბარი?

დიახ, 350 000 ტესტი გაკეთდა ორი კვირის წინ, ერთი ამდენი კი – ერთი კვირის წინ. ეს გახლდათ 23.03.- 29.03. პერიოდი და წინასწარი გათვლებით 500 000 ტესტის გაკეთების საშუალება იყო. გამოცხადდა მხოლოდ 350 000. მიზეზი ნაწილობრივ შეიძლება იყოს ის, რომ პასუხები იგვიანებს. შედეგები ამ კვირაში გახდება ცნობილი. 

ლაბორატორიები ვერ ასწრებენ მასალის დროულად დამუშავებას. შეიძლება მიზეზი ისიც იყოს, რომ მიუხედავად ტესტისთვის საჭირო დანადგარებისა და პერსონალის საკმარისი რაოდენობისა, ზოგიერთი რეაგენტი ან სხვა კომპონენტი არსებული მდგომარეობის გამო ლაბორატორიებს შეფერხებით მიეწოდებათ. მაგალითად, PCR ტესტისთვის საჭირო ძირითადი რეაგენტი ან რეაგენტები აღებული ნაცხიდან ნუკლეინის მჟავის გამოსაყოფად, რათა ლორწოვანიდან აღებული ნიმუშიდან სუფთა სახით იქნეს მიღებული ვირუსის გენეტიკური მასალა (რნმ). 

სწრაფი ტესტები და კორონავირუსის მკურნალობის მეთოდები – ინტერვიუ “შარიტეს” პროფესორთან

ეს ყველაფერი ლაბორატორიამ უნდა შეისყიდოს. ეს კი ის ბაზარია, რომელიც მთელ ევროპაზე ნაწილდება. ამიტომ ზოგჯერ გვაქვს პრობლემა, ისევე როგორც ნიღბების შემთხვევაში. გერმანიაში საკმაოდ ადრე გავაკეთეთ განაცხადი საჭირო მასალებზე, რადგან აქ ადრე დაიწყო მოქალაქეების დიდი რაოდენობის ტესტირება. ბუნებრივია, რეაქტივების მწარმოებელმა და გამსაღებელმა ფირმებმა იფიქრეს, აჰა, გერმანიიდან მოდის დაკვეთები, იქ საწყობები უნდა შეივსოს. თებერვალში ასეც იყო. მაგრამ მარტში უკვე ევროპის სხვა ქვეყნებიდან წამოვიდა დიდი მოცულობის დაკვეთები, როცა ისინიც მიხვდნენ, რომ ეპიდემია გავრცელდა და მეტი ტესტირება იყო საჭირო. კოლეგებისგან, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ თავიანთი ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებთან, ვიცი, რომ უკვე პოლიტიკოსებმა მიმართეს შესაბამის კომპანიებს კითხვით: როგორ მოვიქცეთ? რატომ ვერ ღებულობს ჩვენი ქვეყანა საჭირო მასალებს? ამჯერად პოლიტიკოსებმა პირდაპირ მიმართეს მწარმოებლებს. ამ სიტუაციაში ვართ დღესაც. ესაა შეზღუდული ბაზარი, რომელიც, პრინციპში, ყველას უნაწილებს აუცილებელ რეაქტივებს, რომელთა წარმოებაც უსასრულოდ არ შეიძლება გაიზარდოს. შეფერხებების მიზეზი ხშირად სწორედ ესაა.

  • ტესტირების შესაძლებლობა შეზღუდულია?

საზოგადოებისთვის არც ისე ადვილია გაიგოს, რატომ არიან ჩემნაირი ადამიანები, რომლებიც დიაგნოსტიკის სფეროში მუშაობენ, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად განწყობილი მეტი ტესტირების ჩატარების იდეისადმი. ამ პროცესის მართვა არაა მხოლოდ ჩვენს ხელში.

ჩვენ შეგვიძლია ორგანიზება გავუკეთოთ ლაბორატორიებს, შემოვიღოთ ცვლაში მუშაობის გრაფიკი, მეტი პერსონალი ავიყვანოთ და ა.შ., მაგრამ რაღაც მომენტში ტესტირებისთვის აუცილებელია მასალები, რომელთა შეკვეთაც გვიწევს და მათი განაწილება წყვეტს, შევძლებთ თუ არა, მეტი ადამიანი გამოვიკვლიოთ. უკვე ორი კვირაა, რაც იმ წერტილამდე მივედით, როცა ლაბორატორიები 2 კვირის სამყოფ რეაქტივებს უკვეთავენ და 3 დღის რაოდენობას იღებენ. ეს ყველაფერი უკვე ნაკლებად ექვემდებარება წინასწარ გათვლას.

ერთმა კოლეგამ მომწერა, რომ ლაბორატორიებს ძლივს გააქვთ თავი და ეს მართალია. ის ძალიან გამოცდილი კოლეგაა, რომელიც უკვე მრავალი წელია ამ ტიპის დიაგნოსტიკაზე მუშაობს. ამიტომ ჯობია, უბრალოდ, კი არ გამოვაცხადოთ, რომ მეტი ტესტირება უნდა ჩატარდეს, არამედ იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავზარდოთ მოცულობები და როგორ გავაუმჯობესოთ დიაგნოსტიკის ფოკუსირება, ანუ ტესტი ჩავატაროთ იქ, სადაც აუცილებელია. ასეთია მომავალი კვირების გეგმა. ესაა ერთ-ერთი იმ სამი ღონისძიებიდან, რომლებიც სამედიცინო სფერომ შეზღუდვების გამოცხადებისთანავე დასახა: ნიღბების ტარება, ტესტირების რაოდენობისა და ხარისხის გაუმჯობესება და ახალი შემთხვევების გამოსავლენი ღონისძიებების შემუშავება, მათი იზოლაცია და კარანტინი. აგრეთვე, მობილური ტელეფონებით ელექტრონული საშუალებების გამოყენებაც. რაც შეეხება ტესტირებას, უნდა გავაცნობიეროთ, რომ კარგი იქნებოდა, იმაზე მეტის გაკეთება არ გახდეს საჭირო, რასაც ახლა ვაკეთებთ.

  • საავადმყოფოებში?

დიახ. საავადმყოფოებში. იქ სადიაგნოსტიკოდ ორი მიმართულებით ვიყენებთ ტესტებს. ეს არიან პაციენტები, რომელთაც კლინიკურ სურათზე დასაკვირვებლად უკეთდებათ ტესტირება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, თანამშრომლებზე დასაკვირვებლადაც, რათა მათი შესაძლო ინფიცირება არ გამოგვეპაროს. ანტისხეულების ტესტით შეიძლება შემდგომში ისინიც გამოვიკვლიოთ, ვინც ავადმყოფობა უკვე გადაიტანა. ამით პერსონალის მუშაობას ვმართავთ და დავიცავთ მათ. რასაკვირველია, ასევე, საავადმყოფოს გარეთ, იქაც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ჩავატაროთ დიაგნოსტიკა.

  • ტესტირების დროს უპირატესობა რისკის ჯგუფის პაციენტებს ენიჭებათ?

დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ფორმა, ბუნებრივია, ტესტირების გარეთ, რისკის მქონე პაციენტის უშუალო გარემოში ჩატარებაა. ეს ის პირები არიან, რომლებიც შესაძლოა საავადმყოფოში იქნენ გადასაყვანი. წარმოვიდგინოთ, რომ გვყავს ორი პაციენტი, რომლებსაც აქვთ სიმპტომები და სახლში რჩებიან. ერთია სტუდენტი, 25 წლამდე, მეორე კი- ადამიანი,რომელიც მუშაობს და დაახლოებით 60 წლისაა. ამ შემთხვევაში, ცხადია, ამ უკანასკნელს მეტი რისკი აქვს, რომ გართულებები ექნება, ვიდრე ახალგაზრდას. ამიტომ მისთვის დადასტურებული დიაგნოზია აუცილებელი. პირი, რომელიც 60 წლისაა, ან თუნდაც ცოტა უფრო ახალგაზრდა, რომელსაც ზედმეტი წონა და გულის დაავადება აქვს, რისკის ჯგუფის პაციენტია. ასეთ პაციენტებს, პირველ რიგში, ეკუთვნით PCR ტესტი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მათი ავადმყოფობის პირველი კვირაა, სიმპტომები ჯერ კიდევ მსუბუქი. დასაწყისში სიმპტომები ყოველთვის მსუბუქია, ჯერ კიდევ შეიძლება მათი სახლის კარანტინში ყოფნა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პაციენტი პოზიტიურია. ექიმი 2 დღეში ერთხელ ურეკავს და ეკითხება, ხომ არ განუვითარდა ჰაერის უკმარისობა. 

  • ერთი კვირის შემდეგ იწყება ფაზა, როცა მდგომარეობა უცბად მძიმდება?

არაა სასურველი, პაციენტი დაგვიანებით გაიგზავნოს საავადმყოფოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 

წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი დროის გარკვეულ მონაკვეთში სახლის პირობებში მკურნალობს. მას უკვე აქვს ჰაერის უკმარისობის ნიშნები, ტემპერატურა, ის ძირითადად საწოლში რჩება, უყურებს ტელევიზორს, ნაკლებად მოძრაობს და ეს თანდათან აისახება მისი ფილტვებზეც. დგება მომენტი, როდესაც მდგომარეობა ისე მძიმდება, რომ თვითონ ცდილობს კლინიკაში მოხვედრას. იქ კი ექიმი ადგენს, რომ ფილტვი მთლიანად ინფილტრირებულია, შეიძლება ითქვას, შეწებებულიც კი. შედეგად, მომდევნო დღეს უკვე საჭირო ხდება მისი რეანიმაციაში გადაყვანა. დრო აღარ ითმენს. 

  • ეს ნიშნავს, რომ ახლა არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ და სად ჩატარდეს მიზნობრივი ტესტირება? ამის ნაცვლად უნდა შევქმნათ საჭირო საკომუნიკაციო სტრუქტურები. ბევრ ადამიანს, მაგალითად, აქ, ჰამბურგში, შთაბეჭდილება რჩება, რომ ვერ აღწევენ სათანადო სამსახურებამდე. ეს რეგიონების მიხედვით, ალბათ, სხვადასხვაგვარადაა. ზოგან ერთი ცხელი ხაზია საამისოდ, ზოგან არიან ექიმები, რომლებიც თვითონ აკეთებენ ტესტირებას. მაგრამ ეს სტრუქტურები ჯერ უნდა არსებობდნენ, რომ შესაძლებელი იყოს ტესტირებისთვის პაციენტების შერჩევა.

რასაკვირველია, ეს სტრუქტურები უნდა არსებობდნენ და ისინი ბევრ ადგილზე გადატვირთულია. სხვა დიდ ქალაქებშიც იგივე მდგომარეობაა, რაც თქვენ აღწერეთ. პაციენტების შერჩევა ტესტირებისთვის ასე ხდება: ეს სტუდენტია, კი, სიცხე აქვს, ეს შეიძლება კორონავირუსი იყოს, რადგან გრიპის სეზონი უკვე დამთავრებულია. ვიცით ჩვენს ქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ და დიდი ალბათობით ვასკვნით, რომ ისიც ინფიცირებულია, მაგრამ ის დაახლოებით 25 წლისაა. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ოჯახის პირობებში იზოლაცია ვურჩიოთ, მაგრამ 60 წლის პაციენტს დაუყოვნებლივ ტესტირება უნდა ჩაუტარდეს.

უნდა შეიქმნას სტრუქტურები, ამაზე შორსაც შეგვიძლია წავიდეთ. იდეალურ შემთხვევაში ზოგიერთ ქალაქში უკვე ფუნქციონირებს ე.წ. კორონატაქსი, ჯანმრთელობის უწყების სერვისი, რომელიც მიდის პაციენტთან სახლში. მას უღებენ ნაცხს და მიაქვთ ლაბორატორიაში. თუ პაციენტი პოზიტიურია, ის აგვყავს აღრიცხვაზე და ვურეკავთ ორ დღეში ერთხელ. თუ გვაქვს გარკვეული პარამეტრები, სუნთქვის გარკვეული სიხშირე, ან თუ სიცხის დაწევა არ ხერხდება, მაშინ მას ურჩევენ საავადმყოფოს ამბულატორიას მიმართოს, რათა მისი მიღება არ დაგვიანდეს. ასე იმართება სიტუაცია. აქ ბევრი პატარა ნაბიჯია გადასადგმელი, პროცესი ძალიან შრომატევადია. სამაგიეროდ, ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, კლინიკებში პაციენტების რიცხვმა არ მოიმატოს ექსპონენტურად, როგორც ეს სხვა შემთვევაში იქნებოდა, არამედ ფაზების მიხედვით, როგორც ეს ხდება,როცა „ლოკდაუნის“ მდგომარეობაში არ ვართ. იმედისმომცემი სიახლე ამის საწინააღმდეგოდ რაიმეს გასაკეთებლად ელექტრონული დამხმარე საშუალებების, განსაკუთრებით მობილური ტელეფონს აპლიკაციის ჩართვაა. 

  • თქვენ ახსენეთ ანტისხეულების ტესტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რამდენად დიდია იმუნიტეტი მოსახლეობაში. რამდენად საიმედოა ამ ტესტების ეფექტურობა? ამ მიმართულებით დიდი პროექტებია დაწყებული, რომლებშიც შარიტეც მონაწილეობს.

ბევრი საუნივერსიტეტო კლინიკა იღებს ამ პროგრამებში მონაწილეობას. მიდგომის საფუძველი გახლავთ მოსაზრება, რომ ეს ინფექცია მოსახლეობას მთლიანად მოიცავს და ჩვენ დაკვირვება უნდა ვაწარმოოთ. კონკრეტულად კი, გვინდა ვიცოდეთ, რამდენი ადამიანია ისეთი, ვისაც უკვე აქვს ინფექცია გადატანილი. რატომ გადატანილი? რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ იმუნიტეტი აქვთ. ანტისხეულების ტესტი გვაჩვენებს არა ადამიანის იმუნიტეტს, რომელიც იმუნური სისტემის მრავალი ასპექტისაგან შედგება, ის ხედავს ანტისხეულებს, როგორც იმუნური სისტემის ერთ-ერთ ცელულარულ პასუხს. 

  • ჩვენ ეს საკითხი ადრე უკვე განვიხილეთ. 

დიახ. ჩვენ შეგვიძლია ანტისხეულების ტესტი გამოვიყენოთ, როგორც ინდიკატორი გადატანილი ავადმყოფობის დასადგენად. თუმცა ამ ტესტებს ერთი სუსტი წერტილიც აქვს. მაგალითად, თითქმის ყველა მათგანი ჯვარედინად რეაგირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყალბ პოზიტიურ სიგნალებს იძლევა მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ჩეულებრივი გაციების კორონავირუსით იყო ავად. 

არსებობს 4 სახის გაციების ვირუსი და ჩვენ ვიცით, რომ კვლევების თანახმად გაციებით გამოწვეული დაავადებების 5% – 10% ამ კორონავირუსების ერთ-ერთ სახეობაზე მოდის. ძირითადად ისეა, რომ თუ ადამიანს ორგანიზმში აღმოაჩნდა ამ ტიპის ვირუსის ბევრი ანტისხეული, განსაკუთრებით, თუ ინფექცია ახალი გადატანილი აქვს, ესენი იქნება IgM ანტისხეულები. ისინი გამორჩეულად ჯვარედინ-რეაქტიულები არიან.

ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ELISA ტესტის შედეგი პოზიტიური იყოს, მაგრამ სინამდვილეში იმუნიტეტი არა ახალი კორონავირუსის, არამედ ძველი, კარგად ცნობილი ინფექციის წინააღმდეგ არის გამომუშავებული, რომელიც პაციენტს ერთი თვის წინ ჰქონდა. ჩვენ ვხედავთ სწორედ ამ ვირუსის IgM -ს. ეს უკანასკნელი არის ანტისხეულების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ოდნავ წებოვანია. ასეთია ადრეული ანტისხეულები.

  • თქვენ ახლა გაციებული ხართ. იმედია, მალე გაგივლით. ნიშნავს თუ არა ეს, რომ თუ 4 კვირაში ანტისხეულების ტესტს ჩაიტარებთ, შესაძლოა პასუხი პოზიტიური იყოს, თუმცა თქვენმა PCR ტესტმა აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსი არ გქონიათ?

გაციებული ვიყავი წინა კვირის მეორე ნახევარში. თუ ეს ჩვეულებრივი გაციების კორონავირუსი იყო, მაშინ ახლა უკვე მექნება ანტისხეულების მკვეთრი მატება და, სავარაუდოდ, SARS -2 ანტისხეულების ტესტზე ჯვარედინი რეაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსით არ ვყოფილვარ დაავადებული, ასეთი რამ შესაძლებელია. გრიპის სეზონი უკვე დამთავრებულია, მაგრამ ერთი თვის წინ ეს ასე არ იყო. ბევრ ადამიანს ექნება ახლა გაციების გამომწვევი კორონავირუსების IgM ანტისხეულები ორგანიზმში. ამიტომ ამ ეტაპზე ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ. 

კორონავირუსის ტესტების შესახებ – ინტერვიუ “შარიტეს” კლინიკის პროფესორთან

ერთი მხრივ, გვაქვს ეს დაგვიანებული ეფექტი, მეორე მხრივ კი, ძალიან მცირედ გავრცელებული, ნამდვილი SARS -2 ინფექცია. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჯერ არაა ნამდვილი ეპიდემია, მხოლოდ მისი დასაწყისია. ამ ეტაპზე უკვე გვაქვს გამოცხადებული სოციალური კონტაქტების შეზღუდვა. ეს კი ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა შესახებ არსებული მონაცემების მიუხედავად, რომლებიც იზრდება, გერმანიის მოსახლეობაში ინფექცია ჯერ მასობრივად არაა გავრცელებული. არსებობს აზრი, და ამას მე მედიაშიც ვხედავ, რომ ახლავე თუ დავიწყებთ ანტისხეულების ტესტების მასობრივ ჩატარებას, დავინახავთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა. სინამდვილეში მოსახლეობის ნახევარი უკვე ინფიცირებულია ისე, რომ მათ ეს არც შეუმჩნევიათ. არსებობს ასიმპტომური ფორმებიც. და ვინ იცის, იქნებ ვირუსი, რომელიც ასე სწრაფად ვრცელდება, უკვე გადაიტანა მოსახლეობის უმრავლესობამ და ეპიდემიის პიკიც უკვე უკან მოვიტოვეთ? ასეთი სცენარის წარმოდგენაც შეიძლება.

  • აქ შეიძლებოდა ჯოგურ იმუნიტეტზე საუბარი.

დიახ. წარმოდგენა ასეთია: თუ დავიწყებთ ანტისხეულების ტესტების ჩატარებას, დადგინდება, რომ ბევრს უკვე აქვს ანტისხეულები, ანუ იმუნურები არიან ისე, რომ არც კი შეუმჩნევიათ, ინფიცირებულნი თუ იყვნენ. სამწუხაროდ, ეს ასე არაა. ასეთ დასკვნას ვერ გავაკეთებთ. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ ტესტირება და ჩემი უცხოელი კოლეგებისგანაც მესმის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ინფექცია ისე გავრცელდა, როგორც ჩვენთან, ტესტირებით არ დგინდება დიდი რაოდენობა პირებისა, რომლებსაც უცნობი ანტისხეულები აღმოაჩნდათ ორგანიზმში.

  • ანტისხეულების ტესტი გვაჩვენებს სად ვართ ახლა?

ტესტმა მოსახლეობის სხვადასხვა ფენა უნდა მოიცვას. მან ასევე უნდა გვაჩვენოს ინფექციის გავრცელების ტემპი. ჩვენ არა მხოლოდ ის გვაინტერესებს, რომ რაღაც დროის შემდეგ ვიცოდეთ, რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა ანტისხეულები, შესაბამისად, რამდენს აქვს იმუნიტეტი და აქედან გამომდინარე გავაკეთოთ სასურველი დასკვნა, რომ 70% იმუნურია და პანდემიამ გადაიარა. ეს შედეგი გვინდა დაიდოს და აქეთ მივდივართ, მაგრამ ასევე გვინდა გავიგოთ, თუ რა სისწრაფით მოხდება ეს. 

მე არ მჯერა, რომ ჩვენ ამ ეტაპზე შევძლებთ ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებას და თქმას, რომ 50% იმუნურია, რომ მოვლენები კარგად განვითარდა. არ მჯერა, რომ ეს მოხდება. მაგრამ ამის მიუხედავად, გვჭირდება ძირითადი მიმართულება, ხაზი, ერთგვარი ათვლის წერტილი, რომელიც ამ კვირას უკვე უნდა გვქონდეს, თუნდაც ამან გვაჩვენოს, რომ მოსახლეობაში ჯერ არცთუ ისე დიდია მათი რიცხვი, ვისაც ანტისხეულები აქვს. ამის მიუხედავად, უნდა შევაგროვოთ მონაცემები, რადგან ეს კვლევები შემდეგ განმეორებით, განმეორებით და განმეორებით უნდა ჩატარდეს, რათა ყოველკვირეული დინამიკა დავინახოთ.

  • განსაკუთრებით, როცა სოციალური შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნება?

განსაკუთრებით მაგ ეტაპზე, რადგან მაშინ თავისთავად მოხდება ის, რომ ადამიანები სწრაფად დაინფიცირდებიან. უკვე არსებობენ ქვეყნები, მაგალითად, ჰონგკონგი, რომელმაც ამას კარგად გაართვა თავი. მოსახლეობის რაოდენობა იქ საკმაოდ დიდია, მაგრამ არც ისე დიდი, რომ კვლევების ჩატარება ძნელი იყოს. იქ ყოველკვირეული სიზუსტით ქვეყნდება ეპიდემიის აქტუალური რეპროდუქციის წილი, რეპროდუქციის ციფრი R, ეს უკანასკნელი ყოველკვირეულად დგინდება და ქვეყნდება. ეს კი საშუალებას იძლევა ზუსტად იცოდნენ არსებული მდგომარეობა. იცოდნენ, არიან 1 – ის ქვემოთ თუ ზემოთ.

  • ანუ რამდენ პირს გადასდებს ერთი ინფიცირებული ამ დაავადებას?

დიახ. R 1 შემთხვევაში პირი ინფექციას ერთ ადამიანს გადასცემს და ამიტომ ეპიდემია გარკვეული დროის განმავლობაში არ იზრდება. R 2 -ის შემთვევაში კი, ამ ფაზაში ვართ ამჟამად, უკვე ექსპონენტური მატება გვაქვს. ჩვენ გვინდა ამ პროცესს დავაკვირდეთ, მათ შორის სეროკონვერსიის ფორმითაც. ანუ, პაციენტს დღეს გაუკეთდება ტესტი. განმეორებით – ორი კვირის შემდეგ. თუ მას დღეს არა აქვს ანტისხეულები, ხოლო ორი კვირის შემდეგ დაუდგინდა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პირი სეროკონვერტირებულია. ეს ტერმინი ნიშნავს – ანტისხეულებზე ნეგატიურიდან ანტისხეულებზე პოზიტიურისკენ – ესაა სეროკონვერსია. 

წინათ, ძველ სეროლოგიურ დიაგნოსტიკაში ეს ყველაფერი ბევრად რთული იყო და ამ ტერმინსაც სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა დღეს, პროგრესული მედიცინის პირობებში, ჩვენ პრაქტიკულად ერთი ანტისხეულის ტესტს ვაკეთებთ თითო ვირუსზე, არა სხვადასხვა პროტეინზე, არამედ მხოლოდ ერთ ტესტს და ის ან პოზიტიურია, ან ნეგატიური. სწორედ ამას ნიშნავს დღეს ეს ტერმინი. 

პრინციპში, ჩვენი სურვილია, დროის გარკვეულ მონაკვეთში დამდგარი სეროკონვერსიათა წილი დავადგინოთ, ანუ მოსახლეობის რამდენმა პროცენტმა გაიარა გზა ნეგატივიდან პოზიტივამდე. ეს მონაცემები საკმაოდ ზუსტი საზომია ინფექციის აქტივობის დასადგენად მოსახლეობის დიდ რაოდენობაზე. ამაში შედის დადგენილი და დიაგნოსტირებული, კლინიკურად თვალსაჩინო შემთხვევები. ასევე, ჩუმი სეროკონვერსიები, ანუ პირები, რომლებიც შეუმჩნევლად დაინფიცირდნენ, მაგრამ ანტისხეულები გამოუმუშავდათ და დიდი ალბათობით იმუნურები არიან.

სეროკონვერსიის საზომი საუკეთესოა, რაც შეიძლება გვქონდეს ფართომასშტაბიანი ინფექციური ეპიდემიის დროს. ესაა მიზეზი, რატომაც ვიწყებთ ანტისხეულების ტესტის ფართომასშტაბიან გამოყენებას. მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს ინფექციის გავრცელებისთანავე, დასაწყისშივე, ინტენსიურად უნდა ტარდებოდეს. ცალკეულ წერტილოვან კვლევებს აზრი არ აქვს. ამჟამად გვაქვს შემთხვევითი განაწილების ფენომენი. ამ ფაზაში, ეპიდემიის დასაწყისში, ინფექცია იქაა, სადაც ის შემთხვევით მოხვდა. 

ამის შესახებ შეიძლება თვალსაჩინოების გამოყენებით ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს აუცილებელი არაა. ამის წარმოდგენა შეიძლება – იქ, სადაც ვიღაცამ ვირუსი იტალიიდან შემოიტანა, იმ ადგილას, იმ სამეზობლოში იღებს დაავადება სათავეს. სხვა სოციალურ ჯგუფში ის ვერ გავრცელდებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ იმ სოციალური ჯგუფის ძირითადი მახასიათებლები, სადაც ინფექცია პირველად გავრცელდა, განსხვავდება მეორე ჯგუფის მახასიათებლებისაგან. ყველაფერი შემთხვევამ განაპირობა. ამ მომენტში მეტი შემთხვევითობა გვაქვს, ვიდრე სისტემატიკა მთელ ამ პროცესში.

  • ამდენად, უფრო მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, სად შეიძლება მივყვეთ ინფექციის გავრცელების ჯაჭვს? დასასრულ მინდა კიდევ ერთ საინტერესო საკითხს შევეხო, რომელზეც ჩვენი მსმენელი ხშირად ამახვილებს ყურადღებას: რა მნიშვნელობა აქვს კანალიზაციის სისტემას? შეიძლება თუ არა გამწმენდი დანადგარების მეშვეობით ინფექციის გავრცელებას მივადევნოთ თვალი? ამის შესახებ ნიდერლანდებში პატარა კვლევაც არსებობს.

გასაგებია. მე მხოლოდ გადავხედე ნიდერლანდებში ჩატარებულ კვლევას, დეტალურად არ გავცნობივარ მას. თუმცა მაინც შეგვიძლია ორიოდ სიტყვით შევეხოთ ამ თემას, რადგან მე ამ მეცნიერთა ჯგუფს ვიცნობ. ესენი არიან ექსპერტები, რომლებიც ასევე პოლიომელიტის ვირუსის გავრცელების საკითხებს იკვლევენ. საბედნიეროდ, ეს ვირუსი ჩვენში აღარ გვხვდება. მაგრამ მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს, ისევე როგორც წინათ ჩვენთან, ვირუსის კვლევა კანალიზაციის სისტემაში ძალიან კარგი საშუალებაა იმის დასადგენად, ხომ არ მოხდა მისი კვლავ შემოტანა. განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში ეს კიდევ იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვირუსის იშვიათი, მაგრამ მაინც შესაძლო შემოტანის გვეშინია. შეიძლება სისტემატურად ავიღოთ სინჯები გამწმენდი დანადგარებიდან და შევისწავლოთ მათში პოლიოვირუსის არსებობა. ეს ვირუსი ძალიან გამძლეა, დიდხანს ცოცხლობს დაბინძურებულ წყალში. მე ვფიქრობ, ამ კონტექსტიდან გამომდინარე ჩატარდა დაბინძურებული წყლების ტესტირებაც.

  • ვირუსი წყალში, როგორც ინდიკატორი?

კანალიზაციის წყალში SARS-2 ვირუსიც შეიძლება ვიპოვოთ. მიუნხენში, ისევე როგორც ჩინეთში, ჩატარებულმა რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსის მაღალი კონცენტრაცია განავლის საშუალებითაც გამოიყოფა ორგანიზმიდან. ისინი უფრო რნმ – ის და არა ცოცხალი ვირუსის ფორმით ხვდებიან ტუალეტში. მისი უჯრედული კულტურის სახით იზოლირება მიუნხენის ლაბორატორიაში ვერ შევძელით. თუმცა, ზოგადად, შეიძლება ამის მტკიცება, და ეს გააკეთეს ჰოლანდიელმა კოლეგებმა, რომ ეს კარგი სკრინინგ-მეთოდია. ამ აზრს თანდათან ჩვენი მეცნიერებიც იზიარებენ. თუ მე სწორად გავიგე, რაც წავიკითხე, ისინი მხოლოდ ამას ამბობენ. არ დასტურდება, რომ კანალიზაციით შეიძლება ინფიცირება. ამის თქმა არ იქნებოდა სწორი.

  • ეს კვლევა მეც წავიკითხე და იქ მოცემულია ინფექციის გავრცელების სრულიად კონკრეტული სურათი, ადგილები, რომელთა დადგენაც მათ ამ გზით შეძლეს. ბევრს აინტერესებს ეს საკითხი. ხშირად გვსმენია, მაგალითად, რომ შხაპის გამანაწილებელი არის ლეგიონელების გამავრცელებელი. სასმელი ან დაბინძურებული წყალი არ შეიძლება ინფექციის გავრცელების წყარო იყოს?

ქრისტიან დროსტენი: არა და არა, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. სასმელი წყალი ისედაც გამორიცხულია. და, როგორც ითქვა, თვით პაციენტის განავალშიც კი, რომელიც ჯერ არაა გათხელებული ჩამრეცხი, მოგვიანებით კი კანალიზაციის წყლით, მასშიც კი მხოლოდ ვირუსის დნმ -ია ნაპოვნი. მისგან ცოცხალი, ინფექციის გამომწვევი ვირუსის იზოლირება ჩვენ ვერ შევძელით. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასევე ჩინურ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით არსებობს, არ დასტურდება ინფექციის ამ გზით გავრცელების შემთხვევები. 


თარგმანი: ნინო ლოლაძე. “ნეტგაზეთი” მადლობას უხდის მას მოხალისეობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი