ახალი ამბებისაზოგადოება

ჯგუფი FB-ზე, რომლის წევრებმა უკვე 40-მდე თანამოქალაქეს გადაუხადეს კომუნალური გადასახადი

9 აპრილი, 2020 • 2883
ჯგუფი FB-ზე, რომლის წევრებმა უკვე 40-მდე თანამოქალაქეს გადაუხადეს კომუნალური გადასახადი

კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური წნეხის მოსახლეობისთვის შესამსუბუქებლად სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” 26 მარტს ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც კომუნალური გადასახადების გადახდაში ეხმარებიან მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

ჯგუფის არსებობის 2 კვირის მანძილზე მოხალისეებმა უკვე 40-მდე ოჯახის დახმარება შეძლეს. ჯგუფის ადმინისტრატორის თქმით, დახმარების მთხოვნელთა ნაკადი არც მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პაკეტის გამოცხადების შემდეგ შეწყვეტილა, რადგან არაერთი ოჯახი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, პროგრამის კრიტერიუმებს მიღმაა.

“გადავუხადოთ ერთმანეთს კომუნალური გადასახადები”  – ჯგუფი ფეისბუკზე, რომელშიც უკვე ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, სოფო შუბითიძემ შექმნა. როგორც სოფო ამბობს, კორონავირუსის გამო რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების დახმარება თავდაპირველად მისი პირადი ინიციატივა იყო, რომელშიც შემდგომ მისი მეგობრებიც ჩაერთვნენ. საბოლოო ჯამში კი, ვინაიდან მათი რესურსები შეზღუდული იყო, ფეისბუკ- ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა:

“შევქმენით ეს ჯგუფი, დამეხმარა ჩემი კოლეგა სოფო აბაშიძე აქტიურად და ძალიან დატვირთულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა, ძალიან ცოტა გვეძინა თავდაპირველ დღეებში. ბევრი ადამიანი მოგვმართავდა დახმარების თხოვნით”, – ამბობს სოფო.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ჯგუფი მუშაობს. პრიორიტეტია სოციალურად დაუცველების, დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების, მარტოხელა მშობლების, ხანდაზმულების, ქრონიკული დაავადების მქონე და შშმ პირების დახმარება.

სოფოს თქმით, ჯგუფის ადმინისტრატორებს შუამავლის როლი აქვთ. მათ უკავშირდებიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, რის შემდეგაც ადმინისტრატორები მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობას ამოწმებენ და დადასტურების შემთხვევაში, ჯგუფში აბონენტის ნომერს წერენ. ამის შემდეგ საქმეში ერთვებიან ჯგუფში გაწევრიანებული მომხმარებლები, რომლებმაც თანამოქალაქის გადასახადი უნდა გადაიხადონ.

“ჩვენი მოვალეობაა, ინფორმაცია შევაგროვოთ, გადავამოწმოთ, რომ ნამდვილად ეს ოჯახი საჭიროებს დახმარებას, არ გვაქვს საქმე თაღლითობასთან, რადგან ასეთი ადამიანებიც, ჩვენდა სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ და ვცდილობთ მათგან თავი და ჩვენი ჯგუფის წევრები დავიცვათ”.

მისი თქმით, არ არის აუცილებელი, უშუალო კომუნიაცია იყოს დახმარების მსურველსა და გამწევს შორის.

“თუმცა არის შემთხვევები, როცა ითხოვენ დავაკავშიროთ, ვისაც უნდა საკვებით დაეხმაროს და ა.შ. ამას ჩვენ ვერ ავკრძალავთ, ეს თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ როგორ დაეხმარება” ,- ამბობს სოფო.

რაც შეეხება ჯგუფის წევრებს, რომლებსაც თანამოქალაქეების დახმარების სურვილი აქვთ, ისინი გამოქვეყნებულ პოსტებში მითითებულ აბონენტის ნომერზე ინტერნეტ-ბანკით ან სწრაფი გადახდის აპარატით რიცხავენ თანხას:

“ჯგუფში ვწერთ ინფორმაციას და ვინც დააკომენტარებს, მე გადავუხდი, კი, ბატონო, ის გადაუხდის. ზოგ ადამიანს არ უნდა, გამოჩნდეს, რომ მან გადაუხადა  და არც გვეხმიანებიან, ისე იხდიან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ გავიგებთ, ვინ გადაუხადა აბონენტს და მართლაც, 1-2 წუთში რიცხავენ.

აბონენტის ნომრით იხდიან, შეუძლიათ ჩასარიცხი აპარატით თუ ინტერნეტბანკით გადაიხადონ. მთავარი პრინციპი არის, რომ არავის პირად ანგარიშზე არც ჩვენს და არც იმ ადამიანის, ვინც დახმარებას საჭიროებს, არ ჩაირიცხება. ეს ძალიან მარტივი გასაკონტროლებელია, რამდენი დარჩა გადასახდელი, დაიფარა თუ არა. ამიტომ ჩვენც გვიწევს სწრაფად კონტროლი, რომ ზედმეტი არ გადაიხადონ და ა.შ.” , – ამბობს სოფო.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას სოფო აღნიშნავს, რომ ჯგუფის საჭიროება არც მას შემდეგ ამოწურულა, რაც მთავრობამ მოქალაქეებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირება შესთავაზა. სოფო აღნიშნავს, რომ ბევრია ისეთი ოჯახი, რომელმაც ამა თუ იმ მიზეზის გამო დადგენილ ლიმიტს გადააჭარბა, თუმცა თანხის გადახდას ვერ ახერხებს:

“ჩვენ როცა გავიგეთ ამ სუბსიდიების შესახებ, გვეგონა, რომ ბევრ ოჯახს შეუმსუბუქებდა მდგომარეობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ამ სუბსიდიის მიღმა დარჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც ამ პაკეტს გადააჭარბეს. ვისაც ძალიან ბევრი საჭიროება აქვს და ამ ფასში ვერ ეტევა, მაგალითად, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ელექტროენერგიას მოიხმარენ და გაზი საერთოდ არ აქვთ შეყვანილი. მიზნობრივად სახელმწიფომ ეს დახმარებები, სამწუხაროდ, არ გასცა და ამიტომ მოგვიხდა, ისევ დავბრუნებოდით ჩვენს საქმეს და არც კი ველოდით, იმდენი ადამიანი კვლავ დაგვიკავშირდა”, – ამბობს სოფო.


საქართველოს მთავრობის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, ყველა აბონენტს, რომელიც 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე გაზს მოიხმარს, სამი თვით აღნიშნულ გადასახადებს მთავრობა გადაუხდის. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ასეთია ელექტროენერგიის 1.2 მილიონი აბონენტი (საერთო რაოდენობის 2/3) და ბუნებრივი აირის 650 ათასი აბონენტი.

გიორგი გახარიამ  განაცხადა, რომ მათავრობამ დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეების შეფასებისთვის რამდენიმე მეთოდი მოსინჯა, თუმცა ყველაზე სამართლიანად მიიჩნია მოხმარებულ ენერგიაზე მიბმული სტრუქტურა:

“რთულია იდენტიფიცირება, ადამიანმა დაკარგა თუ არა შემოსავალი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა, ვინც მოიხმარს ამაზე ნაკლებს, იმსახურებს ამას. მე მესმის, იდეალური არაფერი არსებობს და ხარვეზები ყველა შემთხვევაში არის. პირველი, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც რამდნეიმე ბინა აქვთ, საკამოდ შეძლებული არიან”, – თქვა გახარიამ.

ადამიანებს, რომლებიც ფიქორბენ, რომ მთავრობისგან აღნიშნული დახმარება არ სჭირდებათ, შეუძლიათ სუბსიდიაზე უარი თქვან ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი