ახალი ამბები

ჯაჭვლიანი: ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსაზღვრელი ტერმინები

16 სექტემბერი, 2015 • 1496
ჯაჭვლიანი: ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსაზღვრელი ტერმინები

დეპუტატი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებს და სურვილს გამოთქვამს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება.

 

“პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივის მიერ, რომ ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება, მაგრამ, მეორე მხრივ, მინდა დავაფიქსირო ჩემი სინანული და გულისტკივილი იმ ფაქტის გამო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს ჩვენ თვითონვე ვუყარეთ კენჭი მამათმავლობას, უკანონო ცხოვრების წესის დაკანონებას. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება, რათა მოევლინონ ჩვენს შვილებს პედაგოგებად სკოლებსა და ბაღებში. ამ კანონის საფუძველზე მათ უკვე მოიპოვეს სრული უფლება, თავიანთი ცხოვრების წესს გაუწიონ პროპაგანდა და აგიტაცია და პირიქით, ამ კანონის საფუძველზე ჩვენ მიერ უკვე მათი მხილება, პროპაგანდაში ხელის შეშლა გახდა დასჯადი. აქედან გამომდინარე, ვსარგებლობ რა ჩემი სადეპუტატო მანდატით, გამოვდივარ საკანონმდებლო წინადადებით, ანტიდისკრიმინაციულ კანონში შევიტანოთ ცვლილებები. მისი ჩამონათვალიდან ამოვიღოთ მამათმავლობის განმსაზღვრელი ტერმინები: გენდერული იდენტობა და სექსუალური უმცირესობა. და, შესაბამისად, რათა მომავალში აღარ დაშენდეს მასზე – იქნება ეს ერთსქესიანთა ქორწინება, ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანა და ა.შ. იმედს გამოვთქვამ, დეპუტატები მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას და თუნდაც დღეს არ გავიდეს ეს კანონი, მომავალში მაინც შევქმნით პრეცედენტს, რათა გაიმარჯვოს რწმენამ და ზნეობამ,” – განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

 

დეპუტატის თქმით, შეუცდენელი ადამიანი დედამიწაზე არ არსებობს და შეუცდენელია მარტო უფალი:

 

“კარგია, როცა შეგიძლია, რომ გამოთქვა სინანული. მე მგონია, რომ ძალიან ბევრია ამ პარლამენტში ადამიანი, რომელიც ფიქრობს ისე, როგორც მე. ყველამ კარგად იცის ჩემი და ბატონი გიორგი ბარამიძის დამოკიდებულება ერთმანეთთან. გიორგი ბარამიძე ახლა დარბაზში არ იმყოფება და მინდა ვთხოვო მის მეგობრებს, რომ გადასცენ: თუ, აი, ამ ცვლილებებს ბატონი გიორგი დაუჭერს მხარს, თუ მისი სურვილი იქნება, რა თქმა უნდა, მე მისი მეგობარი გავხდები. თუ არ იქნება მისი სურვილი და დაუჭერს მხარს, ჩემთვის ჩავთვლი, რომ მყავს ერთი სულიერი მეგობარი.”

 

პარლამენტმა კანონპროექტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები 2014 წლის 2 მაისს 115 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.

 

კანონის თანახმად, პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმიანცია, მათ შორის ისეთები, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია. კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევის იდენტიფიკაცია.


არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ კანონპროექტს არაეფექტურად მიიჩნევენ, რადგან კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებით, ინიცირებულ ვარიანტში საუბარი აღარ არის სპეციალური ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნაზე, რომელსაც მოქალაქეების დაჯარიმება შეეძლებოდა.


ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი ნაწილია.

 

სოსო ჯაჭვლიანი
სოსო ჯაჭვლიანი

რედაქციის შენიშვნა: ჯაჭვლიანის დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ კომენტარებს გთავაზობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის საჯარო ფიგურა, მმართველი გუნდის წარმომადგენელი პარლამენტში და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს მისი მოსაზრებები ამ საკითხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი