ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალსა და ოჩამჩირეს შორის მიმოსვლა აკრძალეს

31 მარტი, 2020 • 1445
გალსა და ოჩამჩირეს შორის მიმოსვლა აკრძალეს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას ბრძანებით, გალსა და ოჩამჩირეს შორის გადაადგილება აიკრძალა, – იუწყება აფხაზური მედია. მიზეზად Covid-19-ის პანდემიის გავრცელების აღკვეთა სახელდება.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 მარტის 21:00 საათიდან აღმართა რაიონებს შორის საპოლიციო კორდონი.

რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთიდან ზუგდიდში 29 მარტს გადაყვანილ პაციენტს, 50 წლის ქალს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ პირველი არხის 31 მარტს ეთერში განაცხადა, რომ პაციენტი მოსკოვიდან ჯერ ადლერში (სოჭთან) ჩაფრინდა, ადლერიდან კი ავტომობილით ჩავიდა გალში, საბერიოში, საიდანაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია მის კონტროლირებად ტერიტორიაზე Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევა. მოწერელიამ ამას „ძნელად დასაჯერებელი“ უწოდა და ივარაუდა, რომ ვირუსი აფხაზეთში უკვე არის გავრცელებული.

COVID-19-თან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 28 მარტს გალის რაიონში კომენდანტის საათი გამოაცხადა — მოსახლეობას ღამის 12-დან დილის 6 საათამდე გამოსვლა აეკრძალა.

გალში ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, რომელთა უფლებების დარღვევაზეც ხშირად მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე, საქართველოსა და მისი მოკავშირე ქვეყნების მთავრობები, რომლებიც შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებენ.

27 მარტს აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება გამშვებ პუნქტებს – ჩაკეტილია მხოლოდ ენგურის ხიდი. რუსეთთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტი „ფსოუ“ თავდაპირველად ღია დატოვეს, თუმცა 28 მარტს რუსეთთანაც ჩაიკეტა საზღვარი.

საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, პირველივე დღეს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბაში ქორწილი გაიმართა, რომელსაც 500 ადამიანი ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი