ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის პირველ დღეს 500- კაციანი ქორწილი გაიმართა

28 მარტი, 2020 • 2843
აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის პირველ დღეს 500- კაციანი ქორწილი გაიმართა

აფხაზეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა დღეიდან მოქმედებს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბაში ქორწილი გაიმართა. თვითმხილველთა მონაყოლით, ოჯახმა ქორწილი 500 კაცზე გადაიხადა.

საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთში საზოგადოებრივი წესრიგისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დაცვის უზრუნველყოფას, ასევე მოქალაქეების გასვლა-შემოსვლის განსაკუთრებულ რეჟიმს ითვალისწინებს. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ მოქალაქეებს გარკვეული დროით საცხოვრებლის დატოვებას შეუზღუდავს.

იკრძალება შეკრებები, მიტინგები, დემონსტრაციები და სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება. 28 მარტიდან უნდა შეიზღუდოს ასევე კაფეების, რესტორნებისა და მაღაზიების [სასურსათოს გარდა] მუშაობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სოხუმში რამდენიმე დღის წინ შეიზღუდა. ასევე, გადადებულია სასწავლო პროცესი.

ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში დღეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი