ახალი ამბები

საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი წესდება

30 მარტი, 2020 • 2774
საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი წესდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან, 31 მარტიდან, დილის 8 საათიდან საქართველოში ფაქტობრივი კარანტინი ცხადდება.

ასევე, 31 მარტიდან, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათი წესდება. დროის ამ მონაკვეთში იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება.

ამ დროს ფუნქციონირებას მხოლოდ აფთიაქები გააგრძელებს.

გადაწყვეტილება 30 მარტს, 17:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საყოველთაო კარანტინი

მოქალაქეებს გადაადგილებისას აუცილებლად თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

საყოველთაო კარანტინის პირობებში იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია.

კარანტინი ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, ასევე, მათ შორის.

დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით, გადაადგილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება – მათ შორის 2 უკანა სავარძელზე.

იკრძალება 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან.

საშვები

იმ დაწესებულებებს, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობიდან თუ სხვა საჭიროებიდან გამომდინარე აგრძელებენ მუშაობას, ექნებათ სპეციალური საშვები.

საშვებს მათ მისცემენ იმ შემთხვევაში, თუ სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

მათ შორის იგულისხმება მედია, სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო ქსელები, ბანკები, პურის ქარნები, დისტრიბუციები და ა.შ.

ოპერატიული შტაბი და ცხელი ხაზი

უწყებათაშორისი საბჭოს დაქვემდებარებაში შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს და მოემსახურება ყველა საწარმოს, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქიონირება.

იქმნება ცხელი ხაზი, რომლის ნომერი იქნება 144 და რომელიც უპასუხებს მოქალაქეების ნებისმიერ კითხვას საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით.

[მასალა განახლდება]


30 მარტის, 17:50 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ დაინფიცირდა 100 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელებულია 18. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 978, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266 პირი.


გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი