ახალი ამბები

გამკაცრებული წესების აღსრულების მიზნით მთავრობა სპეციალურ შტაბებს ქმნის

30 მარტი, 2020 • 856
გამკაცრებული წესების აღსრულების მიზნით მთავრობა სპეციალურ შტაბებს ქმნის

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობისა და უკვე კარანტინის რეჟიმის დროს გამკაცრებული წესების აღსასრულებლად ქვეყანაში ოპერატიული მართვის შტაბები შეიქმნება. ეს შტაბები მთავრობის მიერ შექმნილ უწყებათაშორის საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას გააკონტროლებენ:

“ამ ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი საბჭოს პარალელურად, ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნა. ეს შტაბი 24 საათის განმავლობაში მომუშავე უწყება იქნება, რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რომელიც უწყებათაშორის საბჭოზე მიიღება. ასეთი შტაბები ყველა რეგიონში შეიქმნება და ჩვენს მოქალაქეებს ინფორმაცია დღესვე ექნება, თუ ვინ უხელმძღვანელებს მათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს შტაბები ადგილზე იქნებიან უწყებათაშორის საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებების განმახორციელებლები. ამასთან, კოორდინაციას გაუწვენ იმას, რომ ეკონომიკამ ფუნქციონირება გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობისა და საკმაოდ მძიმე კარანტინის პირობებში”.

დღეს, 30 მარტს, გიორგი გახარიამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა. კარანტინი ხვალ, დილის 8 საათიდან დაიწყება.

პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. ამ დროს ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს ექნებათ.

საყოველთაო კარანტინი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე, მათ შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება – მათ შორის 2 უკანა სავარძელზე.

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი