ახალი ამბები

გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

30 მარტი, 2020 • 2703
გამოცხადდეს ფაქტობრივი კარანტინი ქვეყანაში – გახარია

პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა. კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება.

პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ასევე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეები საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ. ამ დროს ფუნქციონირების უფლება მხოლოდ აფთიაქებს ექნებათ.

„ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი, სწრაფი, თამამი გადაწყვეტილებებია“ ,- თქვა გახარიამ.

საყოველთაო კარანტინი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად აკრძალვას, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ასევე, მათ შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი იქნება – მათ შორის 2 უკანა სავარძელზე.

იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია.

აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან.

გახარიას თქმითვე, პირთა გადაადგილების კონტროლის, გამკაცრებული ზომებისა და პირველადი თერმოსკრინინგის შესრულების მიზნით, მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში.

„ნებისმიერ მოქალაქეს ქალაქში გადაადგილების დროს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი“, – აცხადებს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი