ახალი ამბები

ჯარიმების ჩამოწერა — ერთი ჰუმანური აქტის 4 თანმდევი პრობლემა

24 ივნისი, 2021 • 4587
ჯარიმების ჩამოწერა — ერთი ჰუმანური აქტის 4 თანმდევი პრობლემა

საქართველოს 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერებათ, თუმცა ამნისტიის ეს ჰუმანური აქტი პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო.

რა ხდება?

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ამნისტიის შესახებ.

ამნისტიის კანონპროექტები ჯერ არ გასაჯაროებულა. იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა პრემიერის მოკლე განცხადების მიღმა დამატებით ინფორმაციას არ გასცემს, უცნობია, ზუსტად რა პერიოდს და ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსების რომელ მუხლებს ეხება ამნისტია.

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ამნისტია შეეხება დაახლოებით 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის, ასევე, კომენდანტის საათის დარღვევისთვის გამოწერილ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

ამნისტია ჰუმანური აქტია, რომელსაც სახელმწიფო პერიოდულად მიმართავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ასპექტების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

“გვესმის, რომ ვირუსის მართვის დროს აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება”, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

4 თანმდევი პრობლემა

თუმცა იურისტების ეს კონკრეტული ამნისტია პრობლემურია მინიმუმ ოთხი მიზეზის გამო:

  1. არჩევნებამდე 3 თვით ადრე ასეთი ინიციატივა შესაძლოა, ემსახურებოდეს ამომრჩევლის გულის მოგებას;
  2. უსამართლოა იმ მოქალაქეების მიმართ, რომელთაც უკვე გადაიხადეს ჯარიმა;
  3. აზიანებს წესებისა და რეგულაციებისადმი პატივისცემას;
  4. სანქცირების ფაქტებზე მიმდინარე დავებში შესაძლო ბრალეულობის დადგენისგან სახელმწიფოსაც ათავისუფლებს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ ჯარიმების რაოდენობა თავიდანვე არ იყო თანაზომიერი იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, რაც ქვეყანაშია და ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკა პრობლემურია რამდენიმე კუთხით.

“ჯარიმები ძალიან ბევრ ადამიანს დააწვა ტვირთად და შემსუბუქება ზოგადად არ არის პრობლემა, მაგრამ ახლა, არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ამას ვაფასებთ ამომრჩევლის გულის მოგებისთვის გადადგმული ნაბიჯად”, — ამბობს “ნეტგაზეთთან” ნინო დოლიძე, თუმცა შენიშნავს, რომ ამით კანონი არ ირღვევა.

საქართველოს კანონმდებლობით, ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული ფორმალური შეზღუდვები მოქმედებს საარჩევნო კამპანიის დროს. ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში, აკრძალულია არჩევნებამდე ორი თვით ადრე.

“ეს გადაწყვეტილება, ასევე, არ აყენებს თანაბარ პირობებში იმ მოქალაქეებს, რომლებმაც უკვე გადაიხადეს ჯარიმები და მათი გულწრფელი გულისწყრომა ძალიან გასაგებია. ამასთან, როდესაც არათანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა ხდება ხელისუფლების მხრიდან, ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეც ნეგატიურად აისახება — გამოიწვევს მოსახლეობის დაბნევას, უნდა შეასრულოს თუ არა რეგულაციები და შემდეგ გადაიხადონ ჯარიმები თუ არა. ამ პრეცედენტმა შეიძლება, ხელი შეუშალოს მოქალაქეების მიერ რეგულაციების დაცვას”, – აცხადებს ნინო დოლიძე.

იურისტ ლევან ალაფიშვილის აზრით, რეგულაციების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ჩამოწერა განსაკუთრებით სახიფათო პრეცედენტია იმ დროს, როდესაც კორონავირუსის მეოთხე მოსალოდნელი ტალღის შემთხვევაში მთავრობას, შესაძლოა, კვლავ დასჭირდეს ახალი რეგულაციების შემოღება.

“სახიფათო პრეცედენტია თვითონ მთავრობისთვის, იმიტომ, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილში — თითო დაჯარიმებულთან მიმართებაში ერთი ოჯახის წევრი მაინც რომ ვიანგარიშოთ, ნახევარ მილიონამდე ავდივართ — აღძრავს შეგრძნებას, რომ სამომავლოდ შეიძლება რაღაც დაარღვიონ და მთავრობამ ისევ აპატიოს. ნებისმიერი სამართალმცოდნე გეტყვით მარტივ პრინციპს, რომ ხშირი ამნისტია ფუნდამენტს აცლის კანონის წინაშე პასუხისმგებლობას და კანონის პატივისცემის ფაქტორს.

გამიხარდება, თუკი საგანგებო მდგომარეობის და ახალი რეგულაციების გამოცხადება არ დაგვჭირდება, მაგრამ ამის შემდეგ ბევრი იტყვის, რომ სხვებს აპატიეს, მე რატომ არ უნდა მაპატიონ, მით უმეტეს, წინ არჩევნებია. ეს სახელმწიფოებრივი პრობლემაა იმიტომ, რომ კანონის პატივისცემას და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტს საფუძველს აცლის”, — უთხრა “ნეტგაზეთს” ალაფიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ პირობითად, ერთმა კანონმორჩილმა ადამიანმა გადაიხადა ჯარიმა, მეორემ — არა, მაგრამ ამნისტიით ეპატიება და ეს გარკვეულწილად უსამართლობის გრძნობას აღძრავს, ალაფიშვილის თქმით, კანონი ცალსახად ამბობს, რომ არანაირად არ ირღვევა იმ ადამიანის უფლება, ვინც ჯარიმა გადაიხადა:

“ეს მისი ვალდებულება იყო, უბრალოდ, სხვამ არ შეასრულა და სახელმწიფომ აპატია”.

ლევან ალაფიშვილიც ამნისტიის გადაწყვეტილებას დიდწილად ამომრჩევლის გულის მოგების ნაწილად თვლის. ამავდროულად, ყურადღებას ამახვილებს საკითხის სამართლებრივი მხარის უკან არსებულ მოსალოდნელ შედეგებზე.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ამბობს, რომ თუკი ჯარიმა, ისევე როგორც სხვა სახდელი, არ აღსრულდა 6 თვის განმავლობაში, ის აღსრულებას ვეღარ ექვემდებარება. ასე რომ, სამართლებრივი შინაარსით რომ წარმოვიდგინოთ, ეს ამნისტია ეხება ბოლო 5 თვის განმავლობაში გამოწერილ ჯარიმებს, იმიტომ, რომ მანამდე გამოწერილი ვერც აღსრულდებოდა. ნებისმიერ მოქალაქეს რომ ჰკითხოთ, მე რამდენიმე საქმეს ვაწარმოებ სასამართლოში, არცერთის მიმართ არ არის აღსრულებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოწერილი ჯარიმები.

რეალურად ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა და პანდემია მართა ავტორიტარიზმისკენ გადახრილი უფლებამოსილებით — საკონსტიტუციო სასამართლოსა და სასამართლოების კონტროლის გარეშე, ისევე, როგორც პრაქტიკულად არ არსებობდა საპარლამენტო კონტროლი და ბოლოს ამნისტიით საკუთარივე ანტიკონსტიტუციური, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები და კანონსმიღმა ქმედებები “ჩამოიწერა”. მაგალითად, თუ ადამიანი აპირებს ან შეტანილი აქვს სარჩელი სასამართლოში, ან შსს-ში აქვს გასაჩივრებული ჯარიმა, ამნისტიის შედეგად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ისე, რომ ვერ შევა შინაარსობრივ ნაწილში და ვერ იტყვის, მთავრობამ თუ პოლიციამ დაარღვია თუ არა მოქალაქის უფლება”, — აცხადებს ალაფიშვილი.

თუმცა კორონავირუსის პანდემიისას მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვები გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც რამდენიმე სარჩელია შეტანილი.

“საწყის ეტაპზე, როცა პრეზიდენტის დეკრეტი იქნა გამოცემული, შემდგომ, როცა კანონში შევიდა ცვლილება, ვადის გაგრძელების საკითხი დადგა და არ განისაზღვრა მთავრობის კომპეტენციის შეზღუდვის ფარგლები, ეს იყო ანტიკონსტიტუციური. შესაბამისად, ყველა გამოწერილი ჯარიმა, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რომ ადამიანი გადაადგილდებოდა პირბადის გარეშე ღია სივრცეში, საფრთხეს არ ქმნიდა, მაგრამ დააჯარიმეს, ანტიკონსტიტუციურია.

საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ ისევ დევს არაერთი სარჩელი როგორც პრეზიდენტის დეკრეტთან დაკავშირებით, ისე პირბადის ტარების წესებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ, მე ვფიქრობ, ყველაზე დიდი და იმედისმომცემი შეღავათი გაუკეთა დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ გუნდს – მაქსიმალურად გაწელა ამ საქმეების განხილვა, არადა, ვენეციის კომისია იქნება თუ ევროსაბჭო, პირველ რეკომენდაციას რასაც გასცემენ პანდემიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, ისაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს წამყვან ადგილზე იმისთვის, რომ არ მივიღოთ ავტორიტარული მმართველობა.

მომდევნო თვის ბოლოს ერთი წელი გახდება, რაც პრეზიდენტის დეკრეტის თაობაზე წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვა მოეწყო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო 1 წელია გასულია სათათბიროდ და ჯერ არ გამოუცხადებია გადაწყვეტილება”, — ამბობს ალაფიშვილი.

ლევან ალაფიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა ერთ საქმეზე “პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ და მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები უმეტესწილად კონსტიტუციურად მიიჩნია, თუმცა სარჩელი დააკმაყოფილა ერთ — შრომითი უფლებების მოწესრიგების უფლებამოსილების მთავრობაზე არასათანადო ფორმით დელეგირების ნაწილში .

“საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც გამოაცხადა, იმაშიც კი ვერ დახუჭა თვალი აშკარა ანტიკონსტიტუციურობაზე ერთ ნაწილში. დანარჩენი მოთხოვნები, თუ სასამართლოს მსჯელობა რამდენად სწორი იყო, ცალკე საკითხია, მაგრამ იმდენად ნაკლულია პანდემიის მართვის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გვერდს ვერ აუვლის. სავარაუდოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობასა და მთავრობას თუ პარლამენტს შორის არის კომუნიკაცია და ამით აიხსნება სარჩელების განხილვის გაჭიანურება”, — მიიჩნევს ლევან ალაფიშვილი.

“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შემზღუდავი ღონისძიებების გასატარებლად მთავრობას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის პირველ იანვრამდე გაუგრძელდა. კანონში ცვლილება თავდაპირველად 2020 წლის 22 მაისს შევიდა და მთავრობასა და მის მიერ განსაზღვრულ სამინისტროებს დროებით მიენიჭათ უფლებამოსილება, პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო წესები და ღონისძიებები დაედგინათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი