ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრომ ჰომოსექსუალებისთვის დონორობის შეზღუდვის ვადებზე ჩვენი რეკომენდაცია გაითვალისწინა – თანასწორობის მოძრაობა

25 მარტი, 2020 • 1297
ჯანდაცვის სამინისტრომ ჰომოსექსუალებისთვის დონორობის შეზღუდვის ვადებზე ჩვენი რეკომენდაცია გაითვალისწინა – თანასწორობის მოძრაობა

“თანასწორობის მოძრაობის” ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ მათი რეკომენდაცია გაითვალისწინა და მსმ თემისთვის სისხლის დონაციის აკრძალვა 12 თვის ვადით განსაზღვრა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეკომენდაცია, რომლითაც უწყებას მიმდინარე წლის თებერვალში მიმართეს, მინისტრის 2000 წლის ბრძანებაში ცვლილებას ითვალისწინებდა, რაც  სამინისტრომ დააკმაყოფილა და ცვლილება ძალაში უკვე 31 მარტიდან შევა.

“რეკომენდაცია ითვალისწინებდა, რომ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბებულიყო შემდეგნაიარად:

ე) მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (გადავადება 12 თვით ბოლო კონტაქტიდან),. რაც სამინისტრომ დააკმაყოფილა. ცვლილება ძალაში 2020 წლის 31 მარტიდან შევა”,-წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, “თანასწორობის მოძრაობის” ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით არაკონსტიტუციურად გამოაცხადა მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანების დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, ხოლო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2020 წლის 21 მარტამდე.

სწორედ ამ ვადაში სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ახალი რეგულაციის შემუშავება, რომელიც მსმ ადამიანებს დონაციის უფლებას შეუზღუდავს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც ობიექტურად აუცილებელია დონაციის უსაფრთხოებისთვის.

“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლი დონაციის ყველაზე ხანგრძლივ- ათწლიან შეზღუდვას მხოლოდ მსმ ადამიანებისთვის ადგენდა. ყველა სხვა შემთხვევაში დონაციის გადავადება ხდება ე.წ „ფანჯრის პერიოდით“- 12 თვით. ამგვარი რეგულირების მიზანს წარმოადგენს პოტენციური რეციპიენტების დაცვა სისხლის გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის, აივ/შიდსისგან.

მიუხედავად იმისა, რომ მსმ თემისთვის, ზოგადად, მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნება, „ფანჯრის პერიოდის“ ათვლა ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში იწყება რისკის შემცველი ქცევის უკანასკნელი მომენტიდან. შესაბამისად, მსმ პირებისთვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის შეზღუდვა იმაზე მეტი ვადით, ვიდრე აუცილებელია სისხლის ტესტის ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რეალური რისკების გამოსარიცხად, არათანაზომიერი და არაკონსტიტუციურია”,- აცხადებენ “თანასწორობის მოძრაობაში”.

სასამართლომ ჰომოსექსუალებისთვის დონორობის შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო

მასალების გადაბეჭდვის წესი