ახალი ამბები

ანგლიკანური ეკლესიის წევრი, რომელსაც „ალტ ინფოს“ წევრი ემუქრებოდა, დაზარალებულად ცნეს

15 მარტი, 2023 • 834
ანგლიკანური ეკლესიის წევრი, რომელსაც „ალტ ინფოს“ წევრი ემუქრებოდა, დაზარალებულად ცნეს

„თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებით, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა ანგლიკანური ეკლესიის პასტორალურ ლიდერს, რომელსაც პრორუსული ძალადობრივი ჯგუფის, „ალტ-ინფოს“ წევრი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ორგანიზაციისვე განცხადებით, ბრალდებულის სტატუსი მიანიჭეს „ალტ-ინფოს“ წევრსაც, თუმცა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა სასამართლოში აპირებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოთხოვნას.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის 5 აგვისტოს ა.ა.ი.პ. „თანასწორობის მოძრაობას“ მიმართა საქართველოს ანგლიკანური ეკლესიის პასტორალურმა ლიდერმა, რომელიც აცხადებდა, რომ მას ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, 2022 წლის 5 აგვისტოს ეპისკოპალური ეკლესიის პასტორალურმა ლიდერმა ანგლიკანური ეკლესიის ფეისბუქ გვერდზე განათავსა პოსტი, რომ მათ ეკლესიაში პირველად მოხდა ერთნაირსქესიან წყვილთა შორის ქორწინება.

„თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებით, პოსტის განთავსებიდან რამდენიმე წუთში მას ტელეფონზე დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ასევე, აღნიშნული პიროვნება პოსტის კომენტარებშიც აკეთებდა ძალადობრივ მოწოდებებსა და იმუქრებოდა როგორც ეკლესიის, ასევე, მრევლის სიცოცლის მოსპობით.

ორგანიზაციის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მუქარის განმახორციელებელი არცერთი პირის პასუხისმგებლობა არ დადგა, 2022 აგვისტოდან დღემდე ანგლიკანური ეკლესიის ლიდერი საცხოვრებელ სახლში აღავლენდა ღვთისმსახურებას:

„2022 წლის აგვისტოდან დღემდე „თანასწორობის მოძრაობა“ აქტიურად იყო ჩართული გამოძიების პროცესში, უამრავი განცხადებისა და საჩივრის გაგზავნის შემდეგ, 2023 წლის 14 მარტს მოხდა ანგლიკანური ეკლესიის პასტორალური ლიდერის დაზარალებულად ცნობა, ხოლო ერთ პირს (ძალადობრივი ჯგუფის „ალტ-ინფოს“ წევრს) წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მუქარას გულისხმობს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე მიმართვას აპირებს“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი