ახალი ამბები

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში მსჯავრდადებული ბიძა 12 წლით დააპატიმრეს – თანასწორობის მოძრაობა

13 დეკემბერი, 2022 • 697
არასრულწლოვნის გაუპატიურებაში მსჯავრდადებული ბიძა 12 წლით დააპატიმრეს – თანასწორობის მოძრაობა

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში მსჯავრდადებულ ბიძას სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ინფორმაციას ავრცელებს “თანასწორობის მოძრაობა”, რომელსაც დაზარალებულმა 2022 წლის მარტში, 21 წლის ასაკში მიმართა.

ორგანიზაციის თანახმად, ქალი აცხადებდა, რომ არასრულწლოვან ასაკში ბიძა მასზე სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

“საქმეზე ეფექტურად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ 2008 წლიდან 2012 წლამდე დროის პერიოდში ბრალდებული სისტემატურად, ძალადობითა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებებს და სექსუალური ხასიათის შეღწევას”, — აღნიშნავს “თანასწორობის მოძრაობა”.

ორგანიზაციის ცნობით, ბრალდებული გონივრულ ვადაში დააკავეს და ბრალდება სსკ-ის 137-ე მუხლით წარუდგინეს. მას 16 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 2012 წელს მიღებული ამნისტიის კანონის ძალით, სასჯელი 1/4-ით, 12 წლამდე შეუმცირდა.

“განაჩენი 9 წლის შემდეგ დადგა. ბენეფიციარს გაეწია სრულყოფილი სამართლებრივი კონსულტაცია, საქმეში ჩაერთო მულტიგუნდი ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის მონაწილეობით”, — დასძენს “თანასწორობის მოძრაობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი