ახალი ამბები

პლაქვენილი დიდ სააფთიაქო ქსელებში აღარ იყიდება

23 მარტი, 2020 • 1121
პლაქვენილი დიდ სააფთიაქო ქსელებში აღარ იყიდება

დიდ სააფთიაქო ქსელებში პრეპარატი “პლაქვენილი” საცალო გაყიდვაში აღარაა. აღნიშნული საკითხით “ნეტგაზეთი” მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ინფექციურმა საავადმყოფომ მოქალაქეებს მოუწოდა, ეს პრეპარატი თვითნებურად არ შეიძინონ და მიიღონ.

როგორც “ნეტგაზეთს” კომპანია “ავერსში” უთხრეს, მათ ქსელში ამჟამად ეს პრეპარატი არ იყიდება, თუმცა აღნიშნავენ, რომ მისი ამოყიდვა ბოლოდროინდელ მოვლენებს არ უკავშირდება. კომპანიაში ამბობენ, რომ პრეპარატს შემოტანის შემთხვევაში პირდაპირ სტაციონარებს მიაწვდიან.

სააფთიაქო ქსელ “ჯიპისი-ში” კი აცხადებენ, რომ პრეპარატის საცალო გაყიდვიდან ამოღების რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროდან მიიღეს, რათა არ მოხდეს მისი არამიზნობრივი მიღება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვინაიდან კორონავირუსით არცერთი ინფიცირებული სახლის პირობებში მკურნალობას არ გადის, პრეპარატი საწყობში გადაიტანეს, სტაციონარებს კი უწყვეტად ამარაგებნ.

ჯიპისიში ასევე აღნიშნავენ, რომ მცირეა იმ დაავადებების რიცხვი, რომლისთვისაც აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება. ამიტომ პაციენტები, რომლებიც შესაბამისი დანიშნულებითა და ექიმის მიერ გაცემული ცნობით მიმართავენ აფთიაქს, ამ წამალს უპრობლემოდ შეიძენენ.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ თემაზე “პეესპესაც” დაუკავშირდა. კომპანიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პრეპარატი იშვიათი მოხმარებისაა და მასზე მოთხოვნა არ იყო, რის გამოც დიდი ხანია საცალო გაყიდვაში აღარ აქვთ. მარაგში არსებული პრეპარატები კი საავადმყოფოებს უკვე მიაწოდეს:

“მივაწოდეთ მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალს”, გორის “ნიუ ჰოსპიტალს”, ასევე ინფექციურს გადავეცით უსასყიდლოდ 20 კოლოფი. კიდევ ცოტა რაოდენობა გვაქვს და შეგვიძლია კლინიკებს გადავცეთ. ბოლო პერიოდში საცალო გაყიდვაში აღარ იყო. აქტიური მოხმარების პრეპარატი არ არის, იშვიათად გამოიყენება. სანამ არ გაჟღერდა, მოთხოვნაც არ ყოფილა და მოთხოვნა რომ დადგა, უკვე ქსელშიც არ იყო” ,- ამბობენ “პეესპეში”.

ინფექციურმა საავადმყოფომ კატეგორიულად სთხოვა მოსახლეობას, არ შეეცადონ აღნიშნული პრეპარატის ყიდვასა და მოხამრებას “კორონავირუსისაგან პროფილაქტიკის მიზნით”. საავადმყოფოს განცხადებით,  პლაქვენილი გამოიყენება COVID-19-ის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დროს და ისიც მკაცრად, ექიმის დანიშნულებით და არ გამოიყენება ამ დაავადების საპროფილაქტიკოდ:

“შესაბამისად, კატეგორიულად ვთხოვთ მოსახლეობას, არ შეეცადონ ამ მედიკამენტის აფთიაქებში შეძენას და მის გამოყენებას COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან მედიკამენტის არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ამ პიროვნების ჯანმრთელობას”, – ამბობდნენ ინფექციურში.

მოგვიანებით ამ საკკითხზე განმარტება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემაც გააკეთა. როგორც იმნაძემ განაცხადა, ექიმის დანიშნულების გარეშე აღნიშნული პრეპარატის მიღება არ შეიძლება

“არავითარი აზრი არ აქვს ამ პრეპარატის მიღებას პროფილაქტიკისათვის, რადგანაც მისი მექანიზმი მოქმედება არ არის დაკავშირებული უშუალოდ ანტივირუსულ ზემოქმედებასთან. მოსახლეობისთვის ცოტა ძნელი გასაგები იქნება, მაგრამ ასე რომ ვთქვა – იმუნური სისტემის ზედმეტი პასუხი როდესაც არის ხოლმე ამ ვირუსზე, იმის ჩასაქრობად გამოიყენება, რაც დაავადების განვითარებაში ამძიმებს ხოლმე სიტუაციას. ის გამოიყენება მხოლოდ დაავადების შემთხვევაში და ექიმის [დანიშნულების] შემთხვევაში” ,- თქვა პაატა იმნაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი