ახალი ამბები

COVID-19-ის გადაცემა მოხდა წლისთავზე – პრემიერი

23 მარტი, 2020 • 1347
COVID-19-ის გადაცემა მოხდა წლისთავზე – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას ცნობით, მარნეულში კორონავირუსის გადაცემა წლისთავზე მოხდა, რომელსაც ათეულობით ადამიანი ესწრებოდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 00:30 საათზე ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვერ ხდება მარნეულში მცხოვრები პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა და ქვეყანა გადავიდა ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე.

პრემიერის თქმით, ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შიდა გადაცემა მოხდა „სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა“. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ საუბარია წლისთავზე.

რამდენიმე საათით ადრე NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბოლო პაციენტის 86 კონტაქტია იდენტიფიცირებული, თუმცა კიდევ მეტია.

„საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, — განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თანახმად, ეს სამართლებრივად ნიშნავს, რომ იზღუდება ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები“.

ამასთან, შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, მუნიციპალიტეტის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან სამი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 22 მარტს ტესტმა უარყოფითი შედეგი უჩვენა კიდევ ხუთ ადამიანზე.

სტაციონარში 233 ადამიანი რჩება, კარანტინის რეჟიმში — 3254.

22 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მარნეული და ბოლნისი დაიკეტა – კარანტინი

მასალების გადაბეჭდვის წესი