ახალი ამბები

მარნეული და ბოლნისი დაიკეტა – კარანტინი

23 მარტი, 2020 • 7205
მარნეული და ბოლნისი დაიკეტა – კარანტინი

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში 104 300 ადამიანი ცხოვრობს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 53,590 ადამიანი.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 00:30 საათზე ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვერ ხდება მარნეულში მცხოვრები პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა და ქვეყანა გადავიდა ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე.

მარნეულში მცხოვრებ ქალს COVID-19-ით ინფიცირება 22 მარტს დაუდგინეს — ის მარნეულიდან თბილისის კლინიკაში დღის მეორე ნახევარში გადაიყვანეს. ის მძიმედაა.

პრემიერის თქმით, ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ვირუსის შიდა გადაცემა მოხდა „სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა“. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ საუბარია წლისთავზე.

რამდენიმე საათით ადრე NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბოლო პაციენტის 86 კონტაქტია იდენტიფიცირებული, თუმცა ასეთი კიდევ ბევრია.

„საქართველოს მთავრობას მოუწია გადაწყვეტილების მიღება, რომ მარნეულის და ბოლნისის რაიონები გადავიდეს მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე“, — განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით იზღუდება ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები“.

ამასთან, შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, მუნიციპალიტეტის შიგნით იზღუდება გადაადგილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

პრემიერმა განაცხადა, რომ 23 მარტის დილიდან მუნიციპალიტეტები, ჯანდაცვის ორგანოები დაიწყებენ ამ ორ მუნიციპალიტეტში კარდაკარ სიარულს, რათა რაც შეიძლება სწრაფად გამოავლინონ შესაძლო ინფიცირების შემთხვევები.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან სამი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 22 მარტს ტესტმა უარყოფითი შედეგი უჩვენა კიდევ ხუთ ადამიანზე.

სტაციონარში 233 ადამიანი რჩება, კარანტინის რეჟიმში — 3254.

22 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

მარნეული და ბოლნისი დაიკეტა – კარანტინი

მარნეული და ბოლნისი დაიკეტა – კარანტინი

მასალების გადაბეჭდვის წესი