ახალი ამბები

პირმა მთავრობის სახელით ყალბი sms-ები გაგზავნა, ოფისში სუსი დაგვადგა – კომპანია

18 მარტი, 2020 • 1592
პირმა მთავრობის სახელით ყალბი sms-ები გაგზავნა, ოფისში სუსი დაგვადგა – კომპანია

კომპანია „ემ ეს ჯგუფის“ წარმომადგენელი შუქრი ბურჭულაძე ამბობს, რომ კომპანიის ოფისში შსს-ს და სუს-ის 50-მდე წარმომადგენელმა სპეცოპერაცია ჩაატარა, რისი საფუძველიც კომპანიიდან უკვე გათავისუფლებული თანამშრომლის ხუმრობა გახდა.

„როგორც შიდა მოკვლევით გავარკვიეთ, სამწუხაროდ, ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავის ახლობელ ადამიანებს, 6 ნომერზე, მთავრობის სახელით გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები… გაუგებრობა მოხდა, ჩვენი თანამშრომელი უბრალოდ გაეხუმრა, ძალიან ცუდად, რა თქმა უნდა“, – ამბობს „მთავარ არხთან“ შუქრი ბურჭულაძე.

მისი თქმით, ეს თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან: „სამწუხაროდ, უნდა გაგვეთავისუფლებინა“, – თქვა მან. „გამოჩნდება, რომ არაფერ შუაში არ ვართ და ასეთი, 50-კაციანი სპეცოპერაციის არანაირი საფუძველი არ არსებობს“.

როგორც კომპანიის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თქვა, სამართალდამცავები განჩინების საფუძველზე სერვერებიდან ინფორმაციას ითხოვდნენ. კომპანია სარეკლამო მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გზავნის ხოლმე.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ინფორმაციის მისაღებად.


16 მარტს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მობილურ ოპერატორებს მიმართა, „არ დაუშვან კორონა ვირუსთან დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება“.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობას რეკომენდაციები გაუგზავნა sms-ის სახით:

„MTAVROBA: დაიცავთ პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან, განსაკუთრებით სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია, საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები, მაღალი სიცხისას და ხველებისას მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას. www.stopcov.ge www.moh.gov.ge, გადაუდებელი დახმარება 112“.

კომუნიკაციის კომისია წერს, რომ „აღნიშნული სმს გაგზავნით ბოროტად ისარგებლეს დაინტერესებულმა პირებმა და ამ სმს გავრცელებიდან, დაახლოებით 2 საათში ადგილი ჰქონდა ორი ყალბი სმს შეტყობინების გავრცელებას. დაინტერესებული პირების მიერ მოხდა მთავრობის სახელით ფეიკ შეტყობინების გავრცელება, ოდნავ მოგვიანებით კი, ანალოგიურად ყალბი  შეტყობინება გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს სახელით. სმს-ების გამავრცელებლის მიზანს საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვა და მათი შეცდომაში შეყვანა წარმოადგენდა“, – წერს GNCC.

GNCC მობილურ კომპანიებს ყალბი SMS-ების შეზღუდვას სთხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი