ახალი ამბები

GNCC მობილურ კომპანიებს ყალბი SMS-ების შეზღუდვას სთხოვს

17 მარტი, 2020 • 984
GNCC მობილურ კომპანიებს ყალბი SMS-ების შეზღუდვას სთხოვს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილურ ოპერატორებს მიმართავს, არ დაუშვან კორონავირუსთან დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება.

მარეგულირებლის ცნობითვე, კომისიამ  ყველა ავტორიზებულ პირს მისცა მითითება, დაუყონებლივ  შეუზღუდონ სმს  შეტყობინებების გავრცელება არაავტორიზებულ პირებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ მობილური ოპერატორების სერვისით და საზოგადოებას შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აწვდიან.

“ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, მობილურმა კომპანიებმა  მოახდინონ უსწრაფესი რეაგირება, რათა აღიკვეთოს  შეცდომაში შემყვანი შეტყობინებებისა და არასათანადო სოციალური რეკლამების გავრცელება. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირების მიერ არ მოხდება შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა, კომუნიკაციების კომისია მისი რეგულირების სფეროში შემავალი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს ზომებს გაატარებს და საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციას შეუჩერებს  მათ”,-აცხადებენ GNCC-ში.

გუშინ, 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ მოქალაქეებს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც მოუწოდებდა, აუცილებელი საჭიროების გარეშე სახლიდან არ გავიდნენ და დაიცვან პირადი ჰიგიენა. მთავრობის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე 60 წელს გადაცილებულმა მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ. მთავრობა ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან თვითიზოლაციის წესები, მაღალი სიცხისა და ხველებისას კი მიმართონ ექიმს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისისს ინფორმაციით, ამ სმს-ის გავრცელებიდან დაახლოებით 2 საათში მოქალაქეებს  ყალბი სმს შეტყობინებები მიუვიდათ:

“დაინტერესებული პირების მიერ მოხდა მთავრობის სახელით ფეიკ შეტყობინების გავრცელება, ოდნავ მოგვიანებით კი ანალოგიურად ყალბი  შეტყობინება გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს სახელით. სმს-ების გამავრცელებლის მიზანს საზოგადოების კიდევ უფრო დაძაბვა და მათი შეცდომაში შეყვანა წარმოადგენდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი