ახალი ამბები

14 წლის შვილთან ერთად საქართველოში არ მიშვებენ, ცუდად გვეპყრობიან – რუსეთის მოქალაქე

18 მარტი, 2020 • 2394
14 წლის შვილთან ერთად საქართველოში არ მიშვებენ, ცუდად გვეპყრობიან – რუსეთის მოქალაქე

რუსეთის მოქალაქე ელენა ვარვანინა ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ, მცირეწლოვან შვილთან ერთად საქართველოს საზღვარზე არ უშვებენ იმის მიუხედავად, რომ ბინადრობის მოქმედი მოწმობა აქვს და მეუღლესთან ერთად საქართველოში სახლს ფლობს.

ის „ნეტგაზეთს“ უამბობს, რომ ამ დრომდე [20:00 საათი] თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებიან, სადაც პასპორტი ჩამოართვეს, ცუდად ეპყრობიან და დღეს ღამითვე უპირებენ მოსკოვში უკან გაბრუნებას.

ელენა ვარვანინას მონათხრობის ასეთია: დღეს, 18 მარტს, არასრულწლოვან შვილთან ერთად მოსკოვიდან მინსკის გავლით ჩაფრინდა თბილისში, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ორივე მათგანს ბინადრობის ნებართვა აქვს, საზღვარზე არ შემოუშვეს.

„ჩვენი ერთადერთი სახლი აქ არის, საქართველოში. აქ ჩემი მეუღლე გველოდება“, – წერს იგი. როგორც მან „ნეტგაზეთს“ უამბო, სამივე მათგანს აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება, თბილისში ცხოვრებენ და სახლს ფლობენ.

ამასთან, ვარვანინას თანახმად, მისმა მეუღლემ წინა დღით პოლიციის ცხელ ხაზზე დარეკა და იკითხა, შეეძლო თუ არა ჩამოსვლა, რაზეც დადებითად უპასუხეს.

„მაგრამ ჩამოფრენისთანავე გვითხრეს, რომ ქვეყანაში არ გვიშვებენ და უკან გაგვაბრუნებდნენ“, – ამბობს იგი.

ელენა ვარვანინა პოლიციისგან ცუდი მოპყრობის შესახებაც საუბრობს: „მთელი ღამე გზაში გავატარეთ, არაფერი გვიჭამია, არ გვიძინია, ძლივს ვიდექით ფეხზე“, – წერს იგი. მან „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ დაახლოებით დღის 12 საათიდან იმყოფებიან აეროპორტში, არაფერი უჭამიათ და სათანადო ყურადღება არ მიუქცევიათ.

„ცუდად გავხდი. ამ მომენტში მოვიდა პოლიციის წარმომადგენელი და მოითხოვა, ავმდგარიყავი და გავყოლოდი. რამდენადაც გავიგე, მინსკისკენ მიმავალ თვითმფრინავში. ვუთხარი, რომ ცუდად ვიყავი და არ შემიძლია სიარული და ვთხოვე ექიმის გამოძახება. მაშინვე არა, მაგრამ გამოიძახეს“.

მისი თქმით, აწეული ჰქონდა წნევა და გულისცემა აჩქარებული, რის გამოც ტაბლეტები მისცეს.

„ამ მდგომარეობაში კორიდორში სკამზე ვიჯექი. ვთხოვე, დაწოლის საშუალება მოეცათ. რეაქცია არ ჰქონიათ. შემდებ მითხრეს, რომ ავმდგარიყავი და წავყოლოდი… წავლასლასდი. მივედით კორიდორის მეორე ბოლომდე, მითხრეს, რომ მომეცადა.

ფეხზე დგომა არ შემეძლო, დავჯექი იატაკზე. რაღაც დროის გნმავლობაში მარმარილოს ცივ იატაკზე ვიჯექი. შემდეგ ისევ გამიზომეს წნევა, მითხრეს, რომ უკეთ ვარ, აქ კი ადგილი არ არის და კორიდორის მეორე მხარეს წამიყვანეს. იქ ისევ დიდხანს ლოდინი მომიწია.

ერთი სიტყვით, საბოლოოდ ავტობუსით წამიყვანეს და მარტო დაგვტოვეს სპეციალურ ტენტში აეროდრომზე. მითხრეს, რომ ღამის რეისით დამაბრუნებენ უკან. ბარგის მაიდენტიფიცირებელი სტიკერები და პასპორტი წაიღეს. მდგომარეობა ჯოჯოხეთურია“… 

დედა-შვილი ამ დრომდე აეროპორტში რჩება და უკან გაბრუნებას ელოდება: „აეროპორტში ვსხედვართ და ველით, რა მოხდება. არაფერი არ ვიცით“, – ამბობს იგი.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მის საკითხთან დაკავშირებით, სადაც გვიპასუხეს:

„საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 18 მარტიდან ორი კვირით აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვარზე შემოსვლა. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ შემოდის საქართველოში“.

საქართველომ 18 მარტიდან 2 კვირით ჩაკეტა საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თუმცა პრემიერ-მინისტრის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ, ექნებათ საშუალება, საქართველოს ავიახაზების დახმარებით დაბრუნდნენ. მისი განცხადების თანახმადვე, იგივე შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი