ახალი ამბები

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ ცვლის

18 მარტი, 2020 • 1243
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ ცვლის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი არ იცვლება და 9% რჩება. ეს ნიშნავს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული საბანკო სესხები მოსახლეობას არ გაუძვირდება.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის, კობა გვენეტაძის თქმით, იანვარ-თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგენდა. გვენეტაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის და მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა:

“მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება როგორც ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, ისე საქართველოში, რის გამოც ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე, ზუსტი შეფასებების გაკეთება შეუძლებელია. იკვეთება ინფლაციაზე როგორც ზრდის, ასევე, შემცირების მიმართულებით მოქმედი ფაქტორები.

საქართველოშიც და რეგიონის სხვა ქვეყნებშიც სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მაღალია და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. ამავე დროს, შესუსტებული საგარეო მოთხოვნა ქვეყანაში ერთობლივ მოთხოვნას მნიშვნელოვნად ამცირებს, რაც ინფლაციაზე კლების მიმართულებით იმოქმედებს. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის დინამიკას ამ ორი ფაქტორის ურთიერთქმედება განსაზღვრავს”, – ამბობს გვენეტაძე.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს:

“წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საგარეო და შიდა მოთხოვნის შემცირება იმდენად ძლიერი და გრძელვადიანი იქნება, რომ, კურსის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის, ეროვნული ბანკი მზად იქნება დაიწყოს მონეტარული პოლიტიკის შერბილება. არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია საპროცენტო განაკვეთს უცვლელად დატოვება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება.

ამასთან, ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით, რასაც ასევე დაემატება სხვა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გამოყოფილი სახსრები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას და ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და, შესაბამისად, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე დადებითად აისახება”, – ამბობს გვენეტაძე.

გვენეტაძის თქმით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი სხდომა 2020 წლის 29 აპრილს ჩატარდება, თუმცა, საჭიროების სემთხვევაში, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარებასაც განიხილავს.

ბოლო 1 კვირაა, ეროვნული ვალუტა, ლარი უცხოურ ვალუტებთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა. ეროვნული ბანკი აღნიშნულს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ მოვლენებს უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი