ახალი ამბებისაზოგადოება

H1N1, SARS, MERS – როგორ დასრულდა მათი აფეთქებები?

16 მარტი, 2020 • 10841
H1N1, SARS, MERS – როგორ დასრულდა მათი აფეთქებები?

ახალი კორონავირუსი — Covid-19 „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ (ჯანმო, WHO) ჯერ საგანგებო სიტუაციად, შემდეგ კი პანდემიად გამოაცხადა.

კორონავირუსმა ამჟამად მსოფლიოს 157 ქვეყანა თუ ტერიტორია მოიცვა. „ჯანმოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 15 მარტისთვის Covid-19-ის 153 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, 5 735 ადამიანი კი დაავადებით გარდაცვლილია (სიკვდილიანობის მაჩვენებელი – 3.74%). [შენიშვნა: სტატისტიკის წყაროა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, შესაძლოა განსხვავდებოდეს ზოგიერთი მედიის უფრო ახალი მონაცემებისგან].

თუმცა ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიოში სხვადასხვა დაავადების გავრცელება საზოგადოების, მედიის და სახელმწიფოების ყურადღებას იპყრობს. უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, 2009 წელს პანდემიად გამოცხადდა ე.წ. „ღორის გრიპი“, 2014 და 2019 წლებში საგანგებო სიტუაციად -ებოლას ვირუსი.

რა ხდებოდა მსოფლიოში, როცა Covid-19-ის მსგავსად სხვა დაავადებები, მაგალითად, H1N1 და სხვები ვრცელდებოდა, რა ეკონომიკური შედეგები მოჰყვა ამ დაავადებებს, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა და როგორ დასრულდა ძველი ეპიდაფეთქებები?

„H1N1  2009-10  – პანდემიის დასაწყისი, დასასრული და ტრანსფორმაცია

H1N1, ე.წ „ღორის გრიპის“ 2009 წლის პანდემია თავდაპირველად დასავლეთ ნახევარსფეროში – მექსიკაში დაიწყო.

H1N1-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაზე მონაცემები განსხვავდება, თუმცა, ყველაზე მცირე გამოთვლებითაც კი, ეს რიცხვი აღემატება ახალი კორონავირუსის — Covid-19-ის დღევანდელ (16 მარტი, 2020) მაჩვენებელს.

Covid-19-ით, რომელიც პირველად დეკემბრის ბოლოს გამოჩნდა, თვეში საშუალოდ 51 172 ადამიანი ავადდება, ღორის გრიპის შემთხვევაში კი, ყველაზე მცირე მონაცემებით – თვეში 35 000 000.

H1N1-ით თავის დროზე  700 მილიონიდან 1.4 მილიარდ ადამიანამდე დაავადდა. დაფიქსირდა გარდაცვალების 150 000 – 575 000 შემთხვევა. ამგვარად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო 0.001–0.007%.

ღორის გრიპისა და Covid-19-ის გავრცელების რუკები. რაც უფრო მუქადაა ასახული ქვეყანა, მით უფრო მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. წყარო: Wikipedia Commons

H1N1-ის შემთხვევები, Covid-19-ის მსგავსად, საქართველოშიც დაფიქსირდა. ქვეყანაში მაშინ 120 შემთხვევა დაფიქსირდა, 18 ადამიანი კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება H1N1-ის პანდემიის დასასრულს, 2010 წლის აგვისტოში დასრულებულად გამოცხადდა.

როგორც CNN წერს, H1N1-ის პანდემია ახლა სეზონურ ვირუსად იქცა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ამჟამად ეს ვირუსი პიკს აღწევს ზამთრის თვეებში და ეცემა, როცა უფრო თბება, ამბობს CNN-თან საუბარში დოქტორ პიტერ ჰოტეზი – ტროპიკული მედიცინის ეროვნული სკოლის დეკანი ბეილორის მედიცინის სკოლაში.

H1N1-ის პანდემიამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკური გავლენაც იქონია: The Economist-ის ცნობით, 2009 წელს ქვეყნებს „ღორის გრიპი“ მშპ-ის 0.5-1.5% დაუჯდათ.

ვაქცინა H1N1-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 11 თვეში უკვე მზად იყო – 2009 ნოემბრისთვის 1 მილიარდი ვაქცინა იყო დამზადებული.

SARS, 2002-04 და დასასრული

SARS, ანუ კორონავირუსებთან ასოცირებული მძიმე, მწვავე რესპირატორული სინდრომის გამომწვევი ვირუსი მსოფლიოში 2002-04 წლებში ფიქსირდებოდა, თუმცა მისი მასშტაბები Covid-19-თან შედარებითაც საკმაოდ მცირე აღმოჩნდა.

SARS „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას“ საგანგებო სიტუაციადაც არ გამოუცხადებია.

თუმცა ამ ვირუსის შემთხვევაში ფიქსირდებოდა შედარებით მაღალი სიკვდილიანობის დონე – 8 096 დაავადებულიდან 774 გარდაიცვალა და, შესაბამისად, სიკვდილიანობამ თითქმის 10-9.6% შეადგინა.

SARS-ის გავრცელების რუკა. წითლად – დაფიქსირებული შემთხვევები, შავად – ლეტალური შემთხვევები. წყარო: Wikipedia Commons

რატომ არ გავრცელდა SARS Covid-19-ის მსგავსად, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად 2 წლის განმავლობაში ითვლებოდა? როულანდ კაო, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტში ინფექციური დაავადებების დინამიკას სწავლობს, აცხადებს, რომ Covid-19-ის პანდემიას 2003 წელს მომხდარი SARS-ის ეპიდემიისგან ის განასხვავებს, რომ SARS-ის გადადება მხოლოდ კლინიკური სიმპტომების ქონის შემთხვევაში ხდებოდა, რის გამოც ეპიდემიის კონტროლი მარტივი იყო, ხოლო ერთ-ერთი ბოლო კვლევით, Covid-19 შეიძლება ერთმა ადამიანმა ისე გადასდოს მეორეს, რომ არც კი იცოდეს, რომ ვირუსი აქვს – ამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ  სტატიას.

ჯონ ნიკოლსი, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პათოლოგიის კლინიკური პროფესორი, CNN-თან საუბრისას აცხადებს, რომ SARS-ის დასრულებას 2003 წლის ივლისში ჰიგიენის ნორმების დაცვამ, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, და ბუნებრივმა ფაქტორებმა – მაღალმა ტემპერატურამ და ტენიანობამ შეუწყვეს ხელი.

საქართველოში SARS-ით დაავადების შემთხვევა არ ყოფილა.

MERS, 2012-

MERS — ახლო აღმოსავლეთში დაფიქსირებული რესპირატორული სინდრომი, რომელიც 2012 წელს გამოჩნდა. მისი აღმოჩენის შესახებ 27-მა ქვეყანამ განაცხადა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ მას „მომავალი ეპიდემიის“ შესაძლო მიზეზად მიიჩნევს.

როგორც „ჯანმო“ იუწყება, ცნობილია 2494 შემთხვევის და 858 გარდაცვალების შესახებ. აქედან გამომდინარე, სიკვდილიანობის მაჩვენებელია 34,4%.

MERS არ დაფიქსირებულა საქართველოში.

კორონავირუსის წამალი/ვაქცინა – მუშაობა მიმდინარეობს

„ნეტგაზეთი“ უკვე წერდა, რომ კორონავირუსის წამლის თუ ვაქცინის შექმნით სხვადასხვა კომპანიები არიან დაკავებული – მათი უმრავლესობა ვაქცინის ტესტირების კლინიკამდელ ეტაპზეა, გარდა „გილიადისა“, რომლის პროდუქტი — „Remdesivir“ კლინიკური ტესტირების მესამე ეტაპზეა. თუმცა Remdesivir დაავადების სამკურნალო პოტენციური წამალია და არა ვაქცინა.

გარდა ამისა, 16 მარტს „AP”-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პირის თქმით, კორონავირუსის — Covid-19-ის ვაქცინის პირველი ტესტირება ადამიანზე ორშაბათს მოხდება. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, სრულფასოვანი ვაქცინის შესაქმნელად ერთი წლიდან 18 თვემდე იქნება საჭირო. მსგავს ვადებზე საუბრობს ამირან გამყრელიძეც.

სიტუაცია საქართველოში – დაავადების სტატისტიკა და პრევენციული ზომები

ოფიციალური საიტზე — stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემების თანახმად, საქართველოში:

  • დადასტურებულია დაავადების 33 შემთხვევა (აქედან 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა), დადასტურებულია ე.წ „მესამეული გადაცემის“ შემთხვევებიც;
  • კარანტინის რეჟიმშია — 633;
  • სტაციონარშია მეთვალყურეობის ქვეშ — 54;

რაც შეეხება ქვეყნის მზადყოფნას დაავადებულთა რაოდენობის შესაძლო ზრდისთვის- როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ 14 მარტს განაცხადა, პირველ ეტაპზე გამოყოფილია 5 საავადმყოფო 440 საწოლით.

რაც შეეხება მიღებულ ზომებს, 16 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ორი კვირით უცხოელებისთვის ქვეყნის საზღვრები ჩაეკეტა.

გარდა ამისა, მთავრობამ რესტორნებს მოუწოდა, მხოლოდ „მიტანის სერვისზე“ იმუშაონ, ხოლო მოქალაქეებს – განსაკუთრებული საჭიროების გარეშე სახლიდან არ გავიდნენ. ამასთან ერთად, მთავრობაში აცხადებენ, რომ პროდუქტების დეფიციტის წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს.

აგრეთვე, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია. იგივეს ამბობენ ბათუმის მერიაშიც. მსგავსი ზომების მიღებაზე საუბრობენ რკინიგზაშიც.

სიტუაცია მსოფლიოში

ჩინეთში, საიდანაც ვირუსი თავდაპირველად წამოვიდა, სიტუაცია ბოლო დროს უფრო დაწყნარდა – „ჯანმოს“ 15 მარტის მონაცემების მიხედვით, შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად მოიკლო – მთლიანობაში, ქვეყანაში დადასტურებულია ვირუსის 81 048 შემთხვევა, 15 მარტს კი ახალი შემთხვევა მხოლოდ 27 იყო. გარდაცვლილია 3000 ადამიანზე მეტი.

იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით დაავადების მხრივ ლიდერობდნენ, კრიზისი ნელ-ნელა დაიძლია – სამხრეთ კორეაში 15 მარტისთვის დაფიქსირებულია 76 ახალი შემთხვევა (სულ – 8162), იაპონიაში – 64 (სულ – 780).

რაც შეეხება ირანს, ქვეყანაში 15 მარტისთვის დაფიქსირებულია 12 000 შემთხვევაზე მეტი, აქედან ახალი – 1365, გარდაცვლილია 600-ზე მეტი ადამიანი.

Covid-19 ფართოდ მოედო ევროპასაც – ასობით შემთხვევაზე მეტია დაფიქსირებული გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებსა და შვედეთში, ხოლო ყველაზე რთული სიტუაციაა იტალიაში – 21 157 შემთხვევა, აქედან 3 497 ახალი. 1 441 გარდაცვალება – 173 ახალი.

რაც შეეხება აშშ-ს, Covid-19 გავრცელდა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასავლეთ ვირჯინის შტატის გარდა. ამჟამად შტატებში – 1678 შემთხვევა და 41 გარდაცვალება.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში 15 მარტის მონაცემებით ასეთი სტატისტიკა:

  • აზერბაიჯანი – 19 შემთხვევა, 0 გარდაცვალება („ჯანმოს“ მონაცემებით)
  • თურქეთი – 18 შემთხვევა, 0 გარდაცვალება („ჰურიეთის“ მონაცემებით)
  • რუსეთი – 63 შემთხვევა, 0 გარდაცვალება („მედუზას“ მონაცემებით)
  • სომხეთი – 8 შემთხვევა, 0 გარდაცვალება („ჯანმოს მონაცემებით)

ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო მსოფლიოში გადაიდო სხვადასხვა სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიება, ზოგ ქვეყანაში დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები – კაფეები, ბარები, რესტორნები და ა.შ.

როგორ უნდა დავიცვათ თავი ვირუსისგან?

გაეცანით „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მიერ გაცემულ რჩევებს:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი საწმენდებით ან საპნით და წყლით.
  • ხველების ან დაცემინების დროს აიფარეთ პირსა და ცხვირზე ხელი (იდაყვის ნაწილი) ან ქაღალდის ხელსახოცი, რომელიც შემდეგ მალევე უნდა მოიშოროთ და დაიბანოთ ხელები.
  • თავი აარიდეთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ტემპერატურა ან ხველება.
  • დროულად მიმართეთ პირველად ჯანდაცვას, თუკი გაქვთ ტემპერატურა, ხველება და სუნთქვის გაძნელება. აცნობეთ ექიმს იმის შესახებ, თუ სად გადაადგილდებოდით.
  • თუკი იმყოფებით ცოცხალი ცხოველების ბაზარში, იმ არეალში, სადაც გამოვლენილი იყო კორონავირუსის შემთხვევები, თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ცოცხალ ცხოველებთან და არ შეეხოთ ხელით.
  • არ მოიხმაროთ უმი ან უცხიმოდ მომზადებული ხორცეული. ხორცეულის დამუშავების დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად და თავი ავარიდოთ სხვა პროდუქტების დაბინძურებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი