ახალი ამბები

კორონავირუსი, დიდწილად, უსიმპტომო ინფიცირებულებისგან ვრცელდება – კვლევა

12 მარტი, 2020 • 3507
კორონავირუსი, დიდწილად, უსიმპტომო ინფიცირებულებისგან ვრცელდება – კვლევა

ბელგიელი და ნიდერლანდელი მეცნიერების აღმოჩენის მიხედვით, კორონავირუსი COVID-19, დიდწილად, იმ ადამიანებისგან ვრცელდება, რომლებიც ვირუსით ცოტა ხნის წინ დაინფიცირდნენ და და სიმპტომები ჯერ არ გამოვლენიათ. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.

სინგაპურს და ჩინეთის ქალაქ ტიანძინში ინფიცირების ანალიზმა აჩვენა, რომ ინფიცირებულთა 2/3-მა და 3/4-მა ვირუსი მიიღეს მათგან, ვისაც ვირუსი უკვე ჰქონდა, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

ამგვარად, აღმოჩენის გათვალისწინებით, ინფექციონისტები მიიჩნევენ, რომ ადამიანების იზოლირება მას შემდეგ, რაც ისინი თავს ცუდად იგრძნობენ, პანდემიის გავრცელების შენელებაში მოსალოდნელზე ნაკლებად ეფექტიანი იქნება.

ბელგიელმა და ნიდელრანდელმა მკვლევარებმა სინგაპურიდან და ტიანძინიდან ინფორმაციის ანალიზის შედეგად მიიღეს „ინტერვალი“ – დრო, რომელიც ერთი ადამიანის დაავადებიდან და მის მიერ სხვისი ინფიცირებიდან გადიოდა. ამ ინტერვალმა სინგაპურში 5.2 დღე შეადგინა, ჩინეთის ქალაქ ტიანძინში კი – 3.95 დღე.

ამ აღმოჩენაში კვლავ არის დასაზუსტებელი დეტალები, რადგანაც მეცნიერებს არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ ვის გადასდო ვირუსი, მაგრამ ყველაზე მცირე გამოთვლებითაც კი, გადადების მნიშვნელოვანი წილი მოდიოდა მათგან, ვისაც სიმპტომები ჯერ არ აღენიშნებოდა.

სინგაპურში გადადების შემთხვევები 45 პროცენტიდან 85 პროცენტამდე მოდიოდა მათზე, ვისაც ვირუსი ჰქონდა, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებოდა. ჩინეთში იგივე მაჩვენებელი 65 პროცენტიდან 87 პროცენტამდე იყო.

ტაპივა განიანი, მეცნიერთა გუნდის მკვლევარი ამბობს, რომ პანდემიასთან საბრძოლველად დაავადებულთა იზოლაცია საკმარისი არ იქნება.

„ნაკლებად სავარაუდოდა, რომ მხოლოდ ეს ზომები მოგვცემს Covid-19-ის ეპიდემიის კონტროლის საშუალებას“, – აცხადებს ის და დაძენს, რომ საჭიროა „დამატებითი ზომები, როგორიც სოციალური დისტანცირებაა“.

როულანდ კაო, რომელიც ედინბურგის უნივერსიტეტში ინფექციური დაავადებების დინამიკას შეისწავლის, აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიას 2003 წელს მომხდარი SARS-ის ეპიდემიისგან ის განასხვავებს, რომ SARS-ის გადადება მხოლოდ კლინიკური სიმპტომების შემთხვევაში ხდებოდა, რის გამოც ეპიდემიის კონტროლი მარტივი იყო


კორონავირუსით ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 130 000-ზე მეტ დაავადებულზეა ცნობილი, საიდანაც 4 000-ზე მეტი გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი