ახალი ამბები

“პირველ ეტაპზე 5 საავადმყოფო 440 საწოლით” – საქართველოს მზადყოფნა კორონავირუსისთვის

14 მარტი, 2020 • 3247
“პირველ ეტაპზე 5 საავადმყოფო 440 საწოლით” – საქართველოს მზადყოფნა კორონავირუსისთვის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსთან საბრძოლველად პირველ ეტაპზე მობილიზებულია 4 საავადმყოფო და ერთი საავადმყოფოს 11 საწოლი. ჯამში, აღნიშნულ საავადმყოფოებში არსებული საწოლების რაოდენობა 440-ს უდრის. აღნიშნულის შესახებ ცერცვაძემ დღეს, 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“აქამდე თუ მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო იღებდა პაციენტებს და მხოლოდ საკარანტინო პაციენტებს იღებდნენ დანარჩენები, გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა: ინფექციური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფილი მერვე საავადმყოფო) მთლიანად დაიცლება, სადაც განთავსებულია 140 საწოლი. ასევე გამოთავისუფლდება რესპუბლიკური საავადმყოფო, გორის ჰოსპიტალი (140 საწოლი), პლუს, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 11 საწოლი”, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა დღეს მიიღებს და ხვალისთვის დაიცლება ხუთივე საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის გამოყოფილი სივრცეები.

ცერცვაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის არ დგას ამ კლინიკების გამოყენების საჭიროება, თუმცა სახელმწიფომ ნებისმიერი სცენარისთვის მზადყოფნის გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა ამისა, ცერცვაძის თქმით, არსებობს გეგმა ბ-ც, რომლის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, კერძო კლინიკების ნაწილი, კერძოდ “ევექსი”, “ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფო”, “ნიუ ჰოსპიტალი” და “ავერსი” გამოსათავისუფლებლად გაამზადებს სივრცეებს. ცერცვაძის თქმით, აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია უკვე მოელაპარაკა კლინიკების წარმოამდგენლებს. აღნიშნული სივრცეებში გასათავისუფლებელი საწოლების რაოდენობა 3 600-ს უტოლდება. ცერცვაძის თქმით, მოთხოვნიდან 2 დღეში 3600 ადგილი დაიცლება.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი მთლიანად არის მზად კორონავირუსის ეპიდემიასთან გასამკლავებლად და სისტემა მხოლოდ ინფექციური საავადმყოფოს იმედად არ არის.

როგორც ცერცვაძემ თქვა, მისი აზრით, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხევავშიც კი, ამ საწოლების ათვისების საჭიროება არ დადგება, თუმცა სისტემა ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად.

საქართველოში 14 მარტის შუადღის მონაცემებით, დადასტურებულია კორონავირუსის 30 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54.

მასალების გადაბეჭდვის წესი