ახალი ამბები

ეს არის რეაქცია, რომელიც ერთად უნდა გადავიტანოთ – გახარია ლარის გაუფასურებაზე

13 მარტი, 2020 • 1022
ეს არის რეაქცია, რომელიც ერთად უნდა გადავიტანოთ – გახარია ლარის გაუფასურებაზე

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, ლარის გაუფასურება – ეს არის ვალუტის რეაქცია COVID-19-ის პანდემიაზე, რომელიც ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ.

დღეს, 13 მარტს გამართულ ბრიფინგზე გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლარის გამყარებასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთან საუბრები გაიმართება.

„ლარის კურსი ბოლო რამდენიმე კვირა საკმაოდ სტაბილურად და პოზიტიურად მოძრაობდა. რა თქმა უნდა, ეს არის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქცია. ეს არის რეაქცია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად წყნარად და მშვიდად უნდა გადავიტანოთ.

ამისთვის დღეს ჩვენ გვექნება ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთან საუბარი და იმ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც ჩამოვთვალეთ, ჩვენი ძირითად მიზანი გახლავთ ლარის კურსთან გამკლავებაშიც ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, რასაც ვაკეთებთ. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი შესაბამის ნიშნულს, საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება” – თქვა გახარიამ.

ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება. გუშინ 12 მარტს ცნობილი გახდა, რომ მომდევნო დღის (ანუ 13 მარტის) ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან კიდევ 7 თეთრით, ევროსთან კი 5 თეთრით გაუფასურდა.

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9494 ლარი გახდა, 1 ევრო კი –  3.3145 ლარი ღირს.

საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა რეგისტრირებული. ვირუსისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესამცირებლად მთავრობამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

ტურიზმში ჩართულ კომპანიებს 4 თვით გადაუვადდება ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები

მასალების გადაბეჭდვის წესი