ახალი ამბები

იანვართან შედარებით თებერვალში ტურისტული ვიზიტები 29%-ით შემცირდა

6 მარტი, 2020 • 1717
იანვართან შედარებით თებერვალში ტურისტული ვიზიტები 29%-ით შემცირდა

სახელმწიფო უწყებების მონაცემების თანახმად, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის თებერვალთან შედარებით, ტურისტულმა ვიზიტებმა მცირედით — 4%-ით — მოიმატა, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა კი უფრო მცირედით, 0,4%-ით შემცირდა.

თუმცა თებერვლის მონაცემებს წინ თვის, 2020 წლის იანვრის რიცხვებს თუ შედარებით, საქართველოში შემცირდა როგორც ტურისტული ვიზიტების, ისე საერთაშორისო მოგზაურობების რაოდენობა. საქართველოს სასტუმროების გაერთიანების თანახმად, ამის მიზეზი ნაწილობრივ ახალი კორონავირუსის გავრცელებაა და ამ ფონზე დახმარება სჭირდებათ.

რას ამბობს რიცხვები?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებამ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 6 მარტს გამოაქვეყნა 2020 წლის თებერვლის მონაცემები, რაც ადმინისტრაციას, მათ თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

ამ მონაცემების თანახმად, თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257,547 შეადგინა; იანვარში ეს რიცხვი გაცილებით მეტი, 363,614 იყო.

ამ რიცხვებს შორის პროცენტული სხვაობა 29.11-ია, ანუ თებერვალში 29.17%-ით შემცირდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს: თებერვალში ეს რიცხვი 466,409 იყო, იანვარში კი 633,201. ანუ თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობები 26%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტები თებერვალში, იანვართან შედარებით, შემცირებული იყო 2019 წელსაც. კერძოდ, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305,939 შეადგინა, თებერვალში კი 247,705. ეს ნიშნავს, რომ 2019 წლის იანვრიდან იმავე წლის თებერვლამდე ტურისტების ვიზიტებმა 19%-ით იკლო.

თუკი შარშან იანვარსა და თებერვალს შორის ტურისტების ვიზიტებში სხვაობა 19% იყო, წელს ეს პროცენტული მაჩვენებელი 29%-მდე ავიდა.

რატომ შემცირდა ვიზიტები?

ტურიზმის ადმინისტრაცია წერს, რომ ახალმა კორონავირუსმა გავლენა უკვე იქონია ეკონომიკასა და ტურიზმის დარგზე მთელ მსოფლიოში.

„ახალი კორონა ვირუსის შედეგად განსაკუთრებით გართულდა მდგომარეობა თებერვლის ბოლოდან, რაც ნეგატიურად აისახება საერთაშორისო ტურისტულ და საავიაციო ბაზრებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – წერს ადმინისტრაცია.

უწყება ასევე წერს, რომ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო საერთაშორისო ავიაციის დანაკლისმა ორ თვეში უკვე შეადგინა 4,9 %. წლიურმა დანაკლისმა კი შესაძლოა 13%-ს მიაღწიოს, რაც ჯამში საავიაციო სექტორისთვის 28 მილიარდამდე დოლარის შემოსავლის შემცირებას გულისხმობს.

რას შეიძლება ველოდოთ?

ადმინისტრაცია წერს, რომ „საერთაშორისო ობიექტური ტენდენციებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მარტის თვე მაღალი გამოწვევებით სავსე იქნება, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში“.

ტურიზმის ადმინისტრაცია ასევე აცხადებს, რომ „ზოგადად ვირუსს ახასიათებს სეზონურობა, ამიტომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შესაბამის დროს მაქსიმალური აქტივობებით და რესურსების სრული მობილიზებით მარკეტინგულ კამპანიების ინტენსივობას გაზრდის სხვადასხვა მიმართულებით“.

„საქართველოს მთავრობამ მთელი რიგი ეფექტური ღონისძიებები განახორციელა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, როგორიცაა: სხვადასხვა სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებში, აეროპორტებში, საბაჟო-ტერმინალებსა და ა.შ. მკაცრად მოწმდება ქვეყანაში შემოსული როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქე. მიმდინარეობს მასობრივი სადეზინფექციო სამუშაოები, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე სასწავლო დაწესებულებებსა და თავშეყრის ადგილებში. ასეთი ზომები ხელს შეუწყობს საქართველოს იმიჯს, რომ ახალი კორონა ვირუსის გავრცელების კუხით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არის“, – წერია პრესრელიზში.

უწყების თანახმად, „საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა, ეს იმიჯი ვირუსის ჩაცხრომასთან ერთად დაეხმარება კერძო სექტორს და ხელს შეუწყობს პოტენციურ ტურისტებს, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისას არჩევანი საქართველოზე გააკეთონ“.

რას ითხოვს ტურიზმის ინდუსტრია?

საქართველოში მომუშავე სასტუმროები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, „ჯავშნების“ გაუქმებას და ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას უჩივიან, აცხადებენ, რომ ვერ მოახერხებენ დასაქმებულებისთვის – ათიათასობით ადამიანისთვის – ხელფასების გადახდას. ამის გამო, მათი თქმით, შესაძლოა, დასამქებულების გათავისუფლება მოუწიოთ.

სფეროს წარმომადგენლები შექმნილი „ფორსმაჟორული სიტუაციის“ გათვალისწინებით, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ — ბანკებთან შუამავლობას ვალდებულების გადასანაწილებლად და სახელმწიფო გადასახადის გადავადება/გადანაწილებას.

ინდუსტრიის წარმომადგენლებს დღეს ხვდება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, დაეხმარება თუ არა სახელმწიფო მათ და რა სახით.

გირჩევთ წაიკითხოთ:

კორონავირუსის ფონზე სასტუმროებში ჯავშნები შემცირდა – ინდუსტრია დახმარებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი