ახალი ამბებიეკონომიკა

კორონავირუსის ფონზე სასტუმროებში ჯავშნები შემცირდა – ინდუსტრია დახმარებას ითხოვს

4 მარტი, 2020 • 3435
კორონავირუსის ფონზე სასტუმროებში ჯავშნები შემცირდა – ინდუსტრია დახმარებას ითხოვს

საქართველოში მომუშავე სასტუმროები, კორონავირუსის გავრცელების პარალელურად, „ჯავშნების“ გაუქმებას და ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას უჩივიან. ამ ვითარებაში, მათი თქმით, ვერ მოახერხებენ დასაქმებულებისთვის – ათიათასობით ადამიანისთვის – ხელფასების გადახდას; ამიტომ, შესაძლოა, მათი გათავისუფლება მოუწიოთ.

სფეროს წარმომადგენლები შექმნილი „ფორსმაჟორული სიტუაციის“ გათვალისწინებით, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ — ბანკებთან შუამავლობას ვალდებულების გადასანაწილებლად და სახელმწიფო გადასახადის გადავადება/გადანაწილებას.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მთავრობაში.

„ჯავშნები გააუქმეს“

ქეთევან წერეთელი თბილისში 30-ნომრიან სასტუმრო „სატორს“ მართავს, რომელსაც 30-მდე თანამშრომელი ჰყავს. „ნეტგაზეთს“ უამბობს, რომ დეკემბრიდან აპრილის დასაწყისის ჩათვლით, სასტუმროს ყველა ნომერი გაქირავებული ჰქონდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად დაწესებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების გამო, ბოლო პერიოდში ტურისტებმა ჯავშნები მასობრივად გააუქმეს.

„სასტუმრო ცარიელი დამრჩა, ვერ ვასწრებ დატვირთვას და რაღაც დროით სასტუმროს დაკეტვა მიწევს. ოთხად ოთხი ჯავშანიღა დამრჩა. გაყიდვები არის ნულოვანი, ახალი ჯავშნები არ შემოდის, ამიტომ მიწევს, 9 მარტის შემდეგ დავკეტო“, — ამბობს იგი.

ის არ არის ერთადერთი ადამიანი სტუმარ-მასპინძლობის სექტორში, რომელიც მსგავს ტენდენციას უჩივის: 3 მარტს საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ორგანიზებით სასტუმროების მეპატრონეები, მმართველები და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საერთო პრობლემებზე ისაუბრეს.

ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი, რომელიც რამდენიმე სასტუმროს მენეჯერია, ამბობს, რომ მის სასტუმროებშიც მკვეთრად არის შემცირებული სტუმრების რაოდენობა — თუკი 2 კვირის წინ მარტის დატვირთულობის კოეფიციენტი 50%-ზე მეტი იყო, ახლა 4%-მდეა შემცირებული.

რა ხდება რეგიონებში?

მსგავსი სიტუაცია მხოლოდ თბილისში არ არის. წყალტუბოში მდებარე Legends Tskaltubo Spa Resort-ის დამფუძნებელი ანდრო ჯიშკარიანი „ნეტგაზეთს“ ეუბნება:

„წლის ბოლოს უკვე კლება გვქონდა შარშანდელთან შედარებით, წლის დასაწყისიც კლებით დაიწყო და, რა თქმა უნდა, კორონავირუსმა სერიოზული დარტყმა მოგვაყენა, რადგან ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო პირდაპირ გასცემს რეკომენდაციას, რომ ადამიანებმა არ იმოგზაურონ და ასეც ხდება. გაუქმდა ჯავშნები და არც ახლები ემატება“.

არსებულ სიტუაციას სასტუმროების ბიზნესში ჩართული ადამიანები ძალიან მძიმედ აფასებენ: „რუსეთის ტურისტული ემბარგოს შემდეგაც კი არ ყოფილა ამ მასშტაბის პრობლემა. ის დარტყმა, რაც ახლა მივიღეთ, ვერც შეედრება მაშინდელ ტალღას“, – ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

ამ შეფასებას ქეთევან წერეთელიც იზიარებს:

„5 წლია ამ ბიზნესში ვარ და არასოდეს მქონია მსგავსი პრობლემა, ამ მასშტაბის რამე არ შემხვედრია. ივნისის შემდეგ პირადად მე 30-35%-ით მქონდა გაყიდვები შემცირებული, მაგრამ ამ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვყოფილვარ. და 15-მდე სასტუმროსთან მაქვს კონტაქტი და ისინიც ამ დღეში არიან“, – გვეუბნება იგი.

„ათიათასობით ადამიანი უმუშევარი რჩება“

წერილში, რომლითაც სასტუმროების წარმომადგენლება ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას მიმართეს, ხაზგასმულია, რომ „საქართველოს ტურიზმის სექტორში დასაქმებულია 100 000 მეტი ადამიანი და ტურიზმის სფეროდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის 20%-ზე მეტს შეაგდენს“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მონაცემებით, ამ სფეროში 44 400 ადამიანია დასაქმებული.

შალვა ალავერდაშვილმა, როგორც თვითონ გვიამბობს, 300-ზე მეტ დასაქმებულს გაჭირვებით გადაუხადა თებერვლის ხელფასები, შემდეგ კი გამოუცხადა, რომ მარტში, შესაძლოა, ანაზღაურების გარეშე დარჩნენ.

„ვუთხარი, რა მდგომარეობაც გვაქვს, ვუთხარი, რომ გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, რაც გვექნება შემოსავალი, იმით მიზერული ხელფასები მაინც დავარიგოთ… ეს ვუთხარი 300-ზე მეტ ადამიანს“, – თქვა მან.

„30 თანამშრომელი მრჩება სამსახურის გარეშე, რომლებსაც თავიანთი ოჯახები ჰყავთ“, – ამას სასტუმრო „სატორის“ მმართველი ქეთევან წერეთელი გვეუბნება. შეხვედრაზე ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ მსგავს ვითარებაში არიან.

„დღეს გვყავს 80 ადამიანი დასაქმებული, სეზონურად 110-მდე ავდივართ. ამ სიტუაციაში რთულად წარმოგვიდგენია კადრების შენარჩუნება და სხვადასხვანაირად ვცდლიბთ, რომ შევინარჩუნოთ“, – გვეუბნება ანდრო ჯიშკარიანი („წყალტუბო“).

„მხოლოდ ამ დარბაზში მყოფი ბიზნესის წარმომადგენლებზე, სულ მცირე, 5 000 ადამიანია თავიანთი ოჯახებით მობმული“, – თქვა შეკრებაზე ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.

„გრძელი ჯაჭვი“

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მსგავსი პრობლემები ამ ინდუსტრიის სხვა მიმართულების წარმომადგენლებსაც აწუხებთ. მაგალითად, ტურისტული კომპანია Check in Travel-ის დამფუძნებელი ია გედევანიშვილი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ ჩამოთვლილი პრობლემები მასზე და მის 10 დასაქმებულზეც აისახება.

„იგივე პრობლემა გვაქვს ტურისტულ კომპანიებს… 10 თანამშრომლები მყავს და ყველას უკან ოჯახი დგას. მე თუ დავიკეტები, აღარ გავიხსნები… სხვა ტურისტული კომპანიებიც ასე არიან და თუ ისინიც დაიკეტნენ, შემდეგ სასტუმროებსაც დაეტყობა ეს ყველაფერი“, – თქვა მან.

როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, მათი სფერო დიდი ჯაჭვისგან შედგება, რომელშიც ათობით ათასი ადამიანია ჩაბმული:

„ყველაფერი კავშირშია, ეს არის არამარტო ტურისტული კომპანიები, სხვადასხვა პროდუქტის დისტრიბუციები, რასაც სასტუმროები იყენებენ და ეს დიდი ბაზარია, დიდი დარტყმა ექნებათ სატრანსპორტო კომპანიებს, სუვენირების გაყიდვას, გიდებს და მთლიან სექტორს, სადაც სამუშაო ადგილებია და თავისი მნიშვნელოვანი წილი შეაქვს ეკონომიკაში“.

რა გადასახადები აქვთ სასტუმროებს?

3 მარტს შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს, რომ ისინი წარმოადგენენ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებს, რომლებსაც შედარებით ნაკლები გამოცდილება აქვთ, ვიდრე 20 და მეტი წლის წინ დაფუძნებულ კომპანიებს და ამ ვითარებაში მათ გაცილებით ძლიერი დარტყმა მიადგათ, ვიდრე დიდ კომპანიებს.

შეხვედრაზე არაერთმა გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნალური გადასახადების გარდა, მარტი-აპრილის სავარაუდო შემოსავლებით შეუძლებელი იქნება საშემოსავლო, დამატებითი ღირებულებისა და ქონების გადასახადების გადახდა გადავადების ან გადანაწილების გარეშე;

„გადაუხდელი მრჩება გადასახადები — კომუნალურები — გაზი, დენი, წყალი… ასევე, პრობლემა არის სასტუმროს მეპატრონესთან, რომელსაც საკმაოდ მაღალ ქირას ვუხდი. იმიტომ, რომ გამოცხადებული არ არის არც კარანტინი, არც ფორსმაჟორი, ხელშეკრულების მიხედვით, მასთან ამაზე საუბარი იურიდიულად რთულია, რომ გადამინაწილოს ან გამიჩეროს“, – ამბობს ქეთევან წერეთელი.

ამასთან, მათი თქმით, არაერთ მათგანს ვალდებულებები აქვს ბანკებთან, რაც ასევე პრობლემურია. შალვა ალავერდაშვილის თქმით, ბანკებთან ვალდებულებები სასტუმროების სფეროში აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს და მთავრობისგან მათთან შუამდგომლობა დასჭირდებათ.

ნინო ჩუბინიძე, ბუტიკ-სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალური მენეჯერი ამბობს: „ფორსმაჟორული სიტუაციაა, ჩვენს ძალებს აღემატება ახლა რამე სხვა ნაბიჯები… მთავარი თხოვნა გვექნება, რომ მოხდეს გარკვეული შუამდგომლობა კერძო კომპანიებთან კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, საბანკო სფეროსთან, და სახელმწიფო გადასახადების გადავადება ან გადანაწილება თუ იქნება შესაძლებელი“.

რა შეიძლება გამოსავალი იყოს?

შეხვედრის შემდეგ ბიზნესის ამ სექტორის წარმომადგენლები შეჯერდნენ თხოვნებზე, რითაც ხელისუფლებას, კერძოდ კი ეკონომის მინისტრ ნათია თურნავას მიმართავდნენ და ეს თხოვნები საერთო წერილში გააერთიანეს. ეს თხოვნებია:

  • საქართველოს მთავრობამ მიიღოს ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი ტურიზმის სექტორში შექმნილი დაუძლეველი გარემოებიდან გამომდინარე ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების, კომპანიების და სასტუმროების მხარდაჭერის მიზნით;
  • ისინი ითხოვენ მხარდაჭერას სახელმწიფო და კომუნალური გადასახადების გარკვეული ვადით გადავადებისა და დავალიანების შემდგომ თვეებზე გადანაწილებაში. ეს გადასახადებია: ქონების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი;
  • ითხოვენ მხარდაჭერას და შუამდგომლობას ენერგოკომპანიებთან;
  • ითხოვენ მხარდაჭერას და შუამდგომლობას საბანკო სექტორთან. „კერძოდ, სახელმწიფოს შუამდგომლობა საბანკო სექტორთან, აღებული საბანკო ვალდებულებების გარკვეულ ვადამდე გადაწევისა და რესტრუქტურიზაციის მიზნით“, – წერია მიმართვაში.

„იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დადგეს უმუშევრობის კიდევ უფრო დიდი პრობლემა, — რადგან დიდი წილი დასაქმებულია ტურიზმის სფეროში, — სახელმწიფო გარკვეულად უნდა ჩაერიოს ამ პროცესში და რაღაც საშეღავათო პერიოდი მოგვცენ, რომ გადავრჩეთ ამ პერიოდში“, – ამბობს ნინო ჩუბინიძე.

როგორც სასტუმროების წარმომადგენლების შეხვედრაზე გამოიკვეთა, ძირითადი შეშფოთება მარტსა და აპრილს შეეხება, და სწორედ ამ ორი თვის გადასახედებისა და ვალდებულებების გადანაწილებაზეს ეხება თხოვნები. რა მოხდება შემდეგ? „იმედი გვაქვს უკეთესი თვეების და იმედია, რომ ეს სიტუაციაც მალე გამოსწორდება“, – ამბობს ჩუბინიძე.

რას იზამს მთავრობა?

როგორც შალვა ალავერდაშვილი ამბობს, ინდუსტრიის წარმომადგენლები 4 მარტს შეხვდებიან ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ამ საკითხებზე სასაუბროდ.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურს კითხვით, თუ არის ამ საკითხების განხილვა დაწყებული სამინისტროში/მთავრობაში, როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას და რა შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყოს.

პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


გარეკანის ფოტოზე – გუდაური. ფოტო: Booking.com

მასალების გადაბეჭდვის წესი