ახალი ამბები

საპატრიარქო კორონავირუსის გამო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს

29 თებერვალი, 2020 • 6984
საპატრიარქო კორონავირუსის გამო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, საუკუნეების მანძილზე, როცა მსოფლიოში სხვადასხვა ინფექცია ვრცელდებოდა, მორწმუნეები საერთო კოვზით ზიარებას არ უშინდებოდნენ. შესაბამისად, ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებენ.

მართმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოში ასევე აცხადებენ, რომ გადაამოწმეს რუმინეთის ეკლესიაზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გაიცა, რაც არ დადასტურდა.

“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში გავრცელებულ ეპიდემიასთან, – კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს: ინტერნეტ-სივრცეში დაიდო ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ, ვირუსისაგან თავდაცვის მიზნით, ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რაც გადამოწმდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმართლე არ აღმოჩნდა.

ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ ქონდა ადგილი სხვადასხვა სახის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის გავრცელებას. ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, – განმწმენდელსა და მაკურნებელს სულისა და ხორცისა. ამასთან, საერთო თაყვანისცემისთვის სამღვდელოება გამოაბრძანებდა ხოლმე საეკლესიო სიწმინდეებს: სახარებას, ჯვრებს, ხატებს, წმინდა ნაწილებს და აწყობდნენ ლიტანიობებს”, – ნათქვამია საპატრიარქოს 29 თებერვლის განცხადებაში

საპატრიარქო ასევე აცხადებს, რომ ილია II-ის კურთხევით სასურველია, კვირას, 1 მარტს, შენდობის ლოცვის წაკითხვის შემდეგ, ყველა ეკლესიაში შედგეს ტაძრის გარშემო ლიტანიობა, ნაკურთხი წყლის სხურება და ხალხის დალოცვა. სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის მსახურება დაიწყება საღამოს, 18:00 საათზე.

საქართველოში კორონავირუსი უკვე დაუდგინდა 3 ადამიანს, რამდენიმე ათეული ადამიანი კი კარანტინში რჩება. კორონავირუსისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალება პირადი და საზოგადოებრივი სივრცეების ჰიგიენის დაცვაა. მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოსახლეობას მოუწოდა, ნუ გადაკოცნიან ერთმანეთს, ნუ ჩამოართმეევნ ხელს და ხშირად დაიბანონ ხელები, რადგან კორონავირუსი ინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანს სწორედ წვეთოვანი ნაწილაკებითა და დაბინძურებულ ზედაპირზე შეხებით გადაედება.

საპატრიარქოს ერთჯერადი კობვზებით ზიარებისკენ მოუწოდა დეპუტატმა რომან გოცირიძემაც. რაც შეეხება რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, მათი რჩევის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ:

კორონავირუსი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, ნუ აკოცებენ ხატებს

მასალების გადაბეჭდვის წესი