ახალი ამბები

გახარია აშშ-თალიბანის შეთანხმებას ეხმაურება

1 მარტი, 2020 • 1996
გახარია აშშ-თალიბანის შეთანხმებას ეხმაურება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება აშშ-სა და თალიბანს შორის გაფორმებულ შეთანხმებას. გახარიამ თავისი პოზიცია ტვიტერზე დააფიქსირა.

“დღეს მნიშნელოვანი მომენტი დადგა. პრეზიდენტ ტრამპის მშვიდობის გეგმა ავღანეთში ომის დასრულების კუთხით რეალურ პროგრესს მოიტანს. საქართველო გააგრძელებს აშშ-ს გვერდით დგომას, რათა დაინახოს, რომ შეთანხმების პირობები შესრულდება”, – აცხადებს გახარია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თალიბანმა ხელი მოაწერეს ისტორიულ შეთანხმებას, რომლის მიზანია მრავალწლიანი სამხედრო კონფლიქტის დასრულება და მშვიდობის მიღწევა ავღანეთში.

შეთანხმებას ხელი თბილისის დროით დაახლოებით 17:30 საათზე მოეწერა ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც უკვე წელიწადზე მეტია, მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დოჰაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო; თალიბანის მხრიდან დოჰაში ჩავიდა 31-წევრიანი დელეგაცია, რომელსაც პოლიტიკური ლიდერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი ხელმძღვანელობს.

რას ითვალისწინებს შეთანხმება?

ამ შეთანხმებით, აშშ ჯარისკაცთა რაოდენობას ავღანეთში, პირველ ეტაპზე, 13 000-დან 8 600-მდე ამცირებს, თუმცა თუკი თალიბანი შეთანხმების პირობების შესრულებას გააგრძელებს, აშშ და ნატო ავღანეთიდან შემდეგი 14 თვის განმავლობაში სრულად გაიყვანენ სამხედრო ნაწილებს.

სანაცვლოდ თალიბანი პირობას დებს, რომ ექსტრემისტებს აღარ მისცემს საშუალებას, გამოიყენონ ქვეყანა აშშ-ის და კოალიციის ჯარებზე თავდასხმისთვის;

ამასთან, თალიბანი პირობას დებს, რომ დაიწყებს მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობასთან, რაზეც აქამდე უარს აცხადებდა, რადგან მას „დასავლეთის მარიონეტად“ მიიჩნევდა.

თალიბანსა და მთავრობას შორის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობით, მოლაპარაკებების საკითხი უნდა იყოს ცეცხლის სრულად შეწყვეტა ქვეყნის მასშტაბით და ძალაუფლების გადანაწილება სახელმწიფოში.

თალიბანი პირობას დებს, რომ ხელმოწერისთანავე გაათავისუფლებს 1000 ავღანელ ტყვეს, სანაცვლოდ კი მათი 5000 მებრძოლის გათავისუფლებას ელის.

როგორც „როიტერსი“ წერს, ავღანეთში მცხოვრები მილიონიბით ადამიანი იმედიანადაა განწყობილი შეთანხმების მიმართ და იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს.

აშშ-მა და თალიბანმა ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

მასალების გადაბეჭდვის წესი