ახალი ამბები

მცხეთის ისტორიულ ზონაში მშენებლობასა და პრივატიზებაზე მორატორიუმი გამოცხადდა

30 ივლისი, 2015 • • 4317
მცხეთის ისტორიულ ზონაში მშენებლობასა და პრივატიზებაზე მორატორიუმი გამოცხადდა

კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მორატორიუმი დაწესდა იმისთვის, რომ მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ძირითად ნუსხაში გადავიდეს. მორატორიუმი 2016 წლის დეკემბრამდე იმოქმედებს.

 

“მთავრობის სხდომაზე კულტურის სამინისტროს გამოაქვს დადგენილების პროექტი, რომელიც გულისხმობს მცხეთაში მორატორიუმის შემოღებას ყველანაირ მშენებლობაზე, პრივატიზაციაზე, გასხვისებაზე. ეს მოთხოვნა წამოაყენა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა საიმისოდ, რომ დამთავრდეს მიწათმოქმედებისა და ქალაქგეგმარების განვითარების  გენერალური გეგმები და შეთანხმდეს იუნეკსოსთან. მომავალ წელს, თუ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ, პრაქტიკულად, გარანტირებული გვაქვს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნება”, – მიხეილ გიორგაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

კულტურის სამინისტროს ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ისტორიული მცხეთის დაცვისა და განვითარებისთვის გასული ორი წლის განმავლობაში მცხეთის კულტურული ლანდშაფტის კვლევა განხორციელდა და მომზადდა ისტორიულ მცხეთაში განხორციელებული ახალმშენებლობების კულტურულ მემკვიდრეობაზე ზემოქმედების  შეფასებითი დოკუმენტი.   

მცხეთის თვითმმართველობა ამზადებს მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმას, რომელშიც ინტეგრირებული იქნება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაცია და მოთხოვნები.

 

მცხეთის ისტორიული ძეგლები (სვეტიცხოველი, ჯვარი და სამთავროს მონასტერი) იუნსეკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული, ხოლო 2009 წლიდან ისინი იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანა.

 

ამის მიზეზი მცეხთაში დაწყებული საშმენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მიმდებარე მიწების პრივატიზება გახდა, რამაც ძეგლების მოვლის ეფექტური მექანიზმის არქონასთან ერთად კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე შეუქმნა, წერს იუნესკო წლევანდელი კომისიის სხდომის წინასწარი დოკუმენტის ტექსტში.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტი 2016 წელს განიხილავს მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოღებისა და ძირითად ნუსხაში გადატანის საკითხს.

მცხეთა. ფოტო –  mtskheta.org.ge
მცხეთა. ფოტო – mtskheta.org.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი