ახალი ამბები

როცა პოლიცია ოჯახში ძალადობის ზარზე სათანადოდ არ რეაგირებს

26 თებერვალი, 2020 • 2226
როცა პოლიცია ოჯახში ძალადობის ზარზე სათანადოდ არ რეაგირებს

საქართველოში ქალები დღემდე არიან ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – მათზე ძალადობენ ფიზიკურად, სექსუალურად, ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად.

მხოლოდ 2019 წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 7 ქალი გარდაიცვალა, გამოიწერა 10 000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი, ხოლო 4 000 პირზე მეტი ოჯახში ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისგებაში მიეცა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობას 20 ქალი ემსხვერპლა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ქალთა უსაფრთხოებასა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას. პროგრესს ამჩნევს სახალხო დამცველის აპარატიც, თუმცა აქვე ამბობს, რომ სამართალდამცველებს შორის პრობლემის მიმართ ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული მიდგომის შემთხვევები.

ნეტგაზეთს ესაუბრა სამი ქალი. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ასაკით, საცხოვრებელი ადგილითა და ინტერესებით, თუმცა მათ მიერ ნაამბობი ისტორიების მიხედვით პარტნიორებისგან ძალადობის, ხოლო პოლიციისგან გულგრილობის გამოცდილება აერთიანებთ.

“სასტიკად მცემა, სარდაფში ჩამკეტა და თოკით შემიკრა ხელი“

მარიკა (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ მასსა და მის ყოფილ ქმარს ოჯახში კონფლიქტები ხშირად ჰქონდათ, რასაც ბოლო პერიოდში დაემატა ფინანსური პრობლემები და დედამთილის მათთან საცხოვრებლად გადასვლა. ქალი რამდენიმე წლის წინ მომხდარ ისტორიას იხსენებს და დასძენს, რომ პოლიცია მათ სახლში „დიდი კონფლიქტიდან მესამე დღეს მოვიდა, ანონიმური ზარი იყო“.

მარიკა გვიყვება, რომ პოლიციის მოსვლა იმ დროს დაემთხვა, როდესაც მასზე ქმრის დედა ძალადობდა – ქალს გაშორება უნდოდა, ოჯახს – არა.

“დედას ვერ ვუჩივლებდი და ოჯახში კონფლიქტი დავარქვი, ასე დავწერე [პოლიციის ოქმში], ამის შემდეგ [ქმარმა] სოფელში მცემა სასტიკად, სარდაფში ჩამკეტა, თოკით შემიკრა ხელები.. ძალიან ნაცემი ვიყავი, მაგრამ ვერ წავედი პოლიციაში, ხმამაღლაც ვერ ვყიროდი”.

ქალის მონათხრობის მიხედვით, ძალადობა აქ არ დამთავრებულა. მსგავსი რამ ერთხელ ქუჩაშიც მოხდა, რის შემდეგაც ახლომდებარე პოლიციის განყოფილებაში მივიდა:

„მივედი ტირილით. რატომ გირტყამსო, რა მიზეზითო – ყველაფერი ვუთხარი, მაგრამ ქმრის რთული ხასიათი და ეჭვიანობა რომ დავამატე, ღლიცინზე გადავიდნენ. მოკლედ, ფეხებზე დაიკიდეს და მითხრეს, შენს ქმარს გავესაუბრებითო, ოჯახი უნდაო, პატიოსანი ბიჭი ჩანსო, მიდი ოჯახში და გააგრძელეო…

შემაკავებელი ორდერი შემომთავაზეს ცალყბად, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავდა… ჩემი ოჯახის წევრები არ მაძლევდნენ გაშორების უფლებას…“

პოლიციაში მისვლის შემდეგ მარიკამ, როგორც თვითონ ამბობს, ქმართან კიდევ ორი თვე იცხოვრა, ქალის ოჯახს უნდოდა ასე – „მაგრამ ყოველი დღე შიშით თენდებოდა და ღამდებოდა. ერთ ღამეს, როდესაც სექსზე უარი ვუთხარი, მახრჩობდა.. ალბათ, წამის მეასედი დამაკლდა…“.

„დახრჩობის სურვილი იმდენად დიდი ჰქონდა, რომ შემდეგ ადგა და ტელეფონი გადატეხა, რასაც ულტიმატუმი მოჰყვა – წადი შენებთან სოფელშიო. მეც ვაპირებდი, მაგრამ, როდესაც დედაჩემთან დავრეკე, ხმამაღლა მიყვირა.. მივხვდი, რომ იქ წასვლა არაფერს შეცვლიდა.

ვიცოდი, ისიც ჩამოვიდოდა… 15 წუთში მოვიფიქირე საზღვარგარეთ წასვლა. ბავშვი მეგობართან დავტოვე და გავიქეცი. დავაგირავე ოქრო და პასპორტის აღებაზე დავიწყე ზრუნვა.”

მარიკა იხსენებს, რომ ამ დროისთვის უკვე სხვა ქალაქში იყო, პასპორტის აღებისას კი მასთან პოლიციელები მივიდნენ. ქალი ყვება, რომ საბედნიეროდ,  სამართალდამცველები მას დაეხმარნენ.

„ახლა დაბლოკილი მყავს.. ცდილობს დაკავშირებას.. აქ როგორც კი ჩამოვედი, ვიჩივლე სასამართლოში, მაღიარეს დაზარალებულად.. თუ ის აქ ოდესმე ჩამოვა, ციხე არ ასცდება, არ დავინდობ – საქართველოში კი ნათესავების მეშინოდა,“

მარიკას თქმით, ახლა მისი შვილები მშობლებთან ცხოვრობენ, ოჯახმა კი საბოლოოდ დაიჯერა, რომ მისი ქმარი მოძალადე იყო.

„ველოდები მინდობილობას, და წამოვიყვან ჩემს შვილებსაც. მამას მათთან კომუნიკაცია აქვს. მე მათ შორის არ ჩავდგები, მხოლოდ საკუთარ უფლებებს ვითხოვ.“[/toggle]

“ისე დამარტყა, რომ გონება დავკარგე”

მაია (სახელი შეცვლილია) იხსენებს, რომ პირველი შეხება პოლიციასთან მაშინ ჰქონდა, როდესაც 7 წლის წინ მისი მცირეწლოვანი შვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. საჭესთან მისი ქმარი იჯდა – მაია როგორც ამბობს – არაფხიზელ მდგომარეობაში.

ქალი იხსენებს, რომ პოლიციამ ამ საქმეზე მისი აწ უკვე ყოფილი ქმარი 40 დღის შემდეგ დაკითხა. საქმის აღძვრის შემდეგ კი ქმრისგან სისტემატური აგრესია დაიწყო. ეს აგრესია კი დღმედე, არაერთი შემაკავებელი ორდერისა და სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, არ წყდება.

„იმიტომ, რომ მიხვდა – თავისი საქციელის გამო შესაძლებელი იყო მისი პასუხიგებაში მიცემა. გახდა აგრესიული, დაიწყო სახლში ყველაფრის მტრევა. უნდოდა, რომ გამოვეწვიე, მაგრამ მე ისე ცუდად ვიყავი, არაფერზე ვრეაგირებდი.

ისე მოხდა, რომ 5 თვე ერთ ჭერქვეშ ვცხოვრბდით, ამ დროის განმავლბაში მე და ჩემი უფროსი შვილი ვიმალებოდით – ხან სხვა ქალაქში მივდიოდით… იმიტომ, რომ  შეუძლებელი იყო მასთან ცხოვრება. მაგალითად, გათბობის ჩართვის უფლებას არ გვაძლევდა… მე კი მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ესეც ძალადობის ფორმა იყო.

ვთვლიდი, რომ ეს იყო მისი ემოცია, რომ ტკივილსა და გაჭირვებას ასე გამოხატავდა – მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მას არ შეემთხვა?! ჩვენც ხომ ოჯახის წევრები ვიყავით?“.

როგორც მაია ყვება, ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ქალმა პოლიცია გამოიძახა, რადგან კაცმა შვილი სახლში ჩაკეტა. მაია იხსენებს, რომ სამართალდამცველები მივიდნენ, უთხრეს, რომ კაცს გაესაუბრნენ და წავიდნენ. ქცევა კი გრძელდებოდა. ბოლოს მაიამ პირდაპირ პროკურორს დაურეკა. ამ დროისთვის ავტოავარიის საქმე ჯერ კიდევ სასამართლოში მიმდინარეობდა.

ავტოავარიის საქმეზე კაცი დააკავეს და მან ციხეში 11 თვე გაატარა, თუმცა ამნისტია შეეხო – „ამნისტიის შემდეგ არავის უთქვამს, როდის გამოვიდოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად რეკავდა და გვემუქრებოდა. ამ პერიოდში მე მაინც დავდიოდი ციხეში, მან კი გადაწყვიტა, გამშორებოდა, რაზეც დავთანხმდი“.

ქალის მონათხრობის მიხედვით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მაიას ყოფილი ქმარი მასთან მივიდა და დაუწყო ჩხუბი, შუაში კი მათი უფროსი შვილი ჩადგა, რომელიც საბოლოოდ შეუძლოდ გახდა. მაიამ პოლიციაში დარეკა, პოლიციამ ოქმი შეადგინა და კაცი უკან დააბრუნა იმ ადგილას, სადაც კონფლიქტი მოხდა.

მაია განმარტავს, რომ მაშინ შემაკავებლ ორდერს სასამართლო წერდა, შემთხვევა კი გვიან ღამით მოხდა. სასამართლომდე კი მაიას დილამდე უნდა დაეცადა.

„მე ვკითხე, რატომ მოგყავთ უკან, იგივე მოხდება, რა გინდათ, მომკლას-მეთქი?! რაზეც მიპასუხეს, არა, კაცი ციხიდან გამოვიდაო, იტირაო, ცუდად იყოო და ეზოში მაინც მიმიყვანეთო,“ – ამბობს მაია და ამატებს, რომ კაცის სახლში დაბრუნებაზე უარი შვილმაც თქვა.

ქალი ყვება, რომ პოლიციელმა მას უთხრა, 112-ში არ დაერეკა, სანაცვლოდ კი მისი პირადი ნომერი მისცა და დაჰპირდა, ხვალ დილით სასამართლოში წავალთო.

მაია ამბობს, რომ იმ ღამეს მასთან სახლში ნათესავები იყვნენ, მოსული იყო 5 პოლიციელიც, შესაბამისად, ამ შემოთავაზებას დათანხმდა. თუმცა ღამის განმავლობაში ქმრის აგრესიული ქცევის გამო პოლიციელს კიდევ 4-ჯერ დაურეკა.

დილის 7 საათისთვის კი კაცმა „დემონსტრაციულად განაცხადა, პოლიციაში მივდივარო და წავიდა“. მაია აბაზანაში შევიდა, თუმცა მოულოდნელად კარი ყოფილმა ქმარმა გამოანგრია, რომელიც პოლიციაში წასვლის ნაცვლად უკან დაბრუნდა.

„მე არ ველოდი, ვიცოდი, რომ წავიდა სახლიდან. შემოვარდა, დამარტყა ისე, რომ მე გონება დავკარგე და მირტყამდა თავში, ტკივილისგან ვიკივლე და ჩემივე კივილმა გამომაფხიზლა, ჩემი ყვირილი გაიგონა ჩემმა შვილმაც, შემოვარდა, დაინახა, რომ მამამისი მირტყამდა და ყურიდან მდიოდა სისხლი. დღემდეც ცალ ყურში არ მესმის.

მე რომ გამომგლიჯა, მერე დაუწყო ჩემს შვილსაც ცემა – შენ თუ დედაშენისკენ ხარო, ჯერ მას მოვკლავ, მერე შენო. ამ ჩემს ყვირილზე გაიღვიძეს სტუმრებმაც, შემოცვივდნენ და გამოგვიყვანეს.

მე ეგრევე დავრეკე პოლიციაში, იმ პოლიციელს, ვისი ნომერიც მქონდა. პოლიციელი მოვიდა ჩემი ზარის შემდეგ და სისხლიანი რომ მნახეს, ჩემს ყოფილ მეუღლეს ჰკითხეს – ეს რა გიქნიაო, მან კი უთხრა, მე არაფერი მიქნია, თავისით ქნაო,“

ქალი ამბობს, რომ პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, ექსპერტიზა არ ჩაუტარდა. სამართალდამცველები მას ეუბნებოდნენ, რომ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, თუმცა 4 საათის შემდეგ მასთან ექსპერტ-გამომძიებელი არ მისულა.

მაიამ თქვა, რომ დახმარებისთვის დარეკა ტელევიზიაში, პარალელურად კი დაიწყო სასამართლო პროცესი.

„პროცესი რომ დაიწყო, ირკვკევა, რომ თურმე მე ვარ მოსული მხოლოდ იმიტომ, რომ მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. არანაირ ძალადობაზე ლაპარაკი არ არის, მე მეგონა, რომ რაკიღა ძალადობა მოხდა ფიზიკურიც, ჩვეულებრივად მიდის სასამართლო პროცესი და ამას სასამართლოშიც ახსენებდნენ.

ეს პოლიციელი, რომელიც მთელი ეს საათები ჩემთან იყო და მნახა, რომ ფიზიკურად დავზარალდი, გამოდის პროცეზე და ამბობს, რომ მე არ ვიცოდი, რომ ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენესო“.

მაია იხსენებს, რომ პოლიციელის სიტყვების შემდეგ მოსამართლეს ნაიარევი აჩვენა, ისინი კი იძულებულნი გახდნენ ექსპერტიზაზე გადაეყვანათ. ექსპერტიზაზე კი, ქალის მონათხრობის მიხედვით, აგდებულად ექცეოდნენ – „დამცინავი დამოკიდებულება ჰქონდათ, სასწრაფოდ ნახეთ, თორემ ხვალ შეიძლება აღარ დაეტყოსო არაფერი და მერე როგორღა დაამტკიცებს, ხელით რომ შეეხნენო“.

ექსპერტიზის შემდეგ მაია იხსენებს, რომ სახლში დაბრუნდა, სადაც შეუძლოდ გახდა. მოვიდა სასწრაფო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ ქალს ტვინის შერყევა ჰქონდა.

პოლიციამ ფაქტზე შემაკავებელი ორდერი გამოწერა და დაიწყო საქმის გამოკვლევა. საქმე ოჯახში ძალადობის მუხლით აღიძრა, თუმცა ქალი დასძენს, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა მისი არასრულწლოვანი შვილიც, ეს უკანასკნელი კი საქმეში ნახსენები არ იყო.

კაცი დააკავეს, მაიამ კი გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციელის წინააღმდეგ. თუმცა 2015 წლის საქმეზე დასაკითხად 2 წლის შემდეგ, ანუ 2017 წელს მოვიდნენ.

ამასობაში გავიდა 11 თვე და მაიას ყოფილი ქმარი ციხიდან გამოვიდა. მაია ამბობს, რომ კაცი მას კიდევ ერთხელ დაესხა თავს. ქალი იხსენებს, რომ კაცს მისი მოკვლა უნდოდა, როდესაც ეს არ გამოვიდა, მან დანა თვითონ დაირტყა მუცელში. პოლიციამ დაკითხა მეზობლები და გამოძიება თვითმკვლელობამდე მუხლით დაიწყო. ის, რომ მაია მანამდე დაზარალებულად ცნეს – საქმეში ნახსენები არ ყოფილა.

ეს საქმე დღემდე ღიაა.

„ყველანაირად ვეცდები, რომ განვერდიო, სხვა ქალაქში ვცხოვრობ, არასდროს არ გავდივარ ქუჩაში მარტო, ეს დასაჯეს კიდევ ერთხელ, ციხეში იყო, მაგრამ გამოვიდა.

გავყიდე მიწა, მივეცი ფული, რომ ეყიდა ბინა, დავფარე მისი ვალები. სანამ ფული ჰქონდა, იყო ჩუმად, შემდეგ ისევ მოითხოვა ფული. ისევ შევიტანე შემაკავებელ ორდერზე, 1 წელი გაჩუმებული იყო.

ახლა ისევ დაიწყო მუქარები, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ადვოკატის მიმართაც. გამოწერილია ორდერი,“.

მაია ამბობს, რომ კაცი ახლა საზღვარგარეთაა. მანამდე კი ქალს მისი ადვოკატი დაუკავშირდა და უთხრა, წერილი დაეწერა, სადაც მაია იტყოდა, რომ პრეტენზია საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებით არ აქვს.

„მე ვუთხარი, რომ არაფერს დავწერ, უნდათ- გაუშვან, უნდათ -არა, ჩემთვის უკეთესია-მეთქი, მაგრამ მე წერილობით არ დავწერ, რომ პრეტენზია არ მაქვს”, – ამბობს მაია და დასძენს, რომ კაცს საზღვარგარეთ წასვლაზე სასამართლომ უფლება მისცა.

“ისე ჩანდა, თითქოს, ამ ამბავზე გამოძიების დაწყება ეზარებოდათ”

„სექსუალურად იძალადა ორი თვის წინ ჩემზე ბიჭმა“ – ასე იწყებს თავისი ისტორიის მოყოლას ნეტგაზეთთან თეონა (სახელი შეცვლილია). მისი თქმით, ეს შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ქალი ამბობს, რომ პარტნიორი მასზე ფსიქოლოგიურადაც ძალადობდა, აშანტაჟებდა და ემუქრებოდა – „ბოლოს დავწერე ქალების ჯგუფში ჩემი ამბავი და მირჩიეს, მეჩივლა… ერთ-ერთი გოგო გამომყვა კიდეც პოლიციაში“.

თეონა ამბობს, რომ განყოფილებაში მისვლისთანავე პოლიციისგან გულგრილობა იგრძნო, თავდაპირველად გამომძიებლისგან, რომელმაც უთხრა:

„ბიჭიაო და სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უნდოდაო… ამის გამო შენ არავინ გაგრიყავსო… ისე გამოჰყავდა, თითქოს ჩემი ბრალი იყო და როგორ ვუთხარი უარი ბიჭს. მერე ჰორმონები თუ გეძალებაო, კარგი მამაკაცი უნდა იპოვოო  – ამას ვითომ ხუმრობით ამბობდა, მაგრამ ჩემზე ძალიან იმოქმედეს ამ სიტყვებმა. ლამაზი და ჭკვიანი გოგო ხარ.. კარგი მამაკაცი გჭირდებაო,“.

თეონა ყვება, რომ მეორე განყოფილებაში ერთ-ერთმა პოლიციელმა სიცილი დაიწყო, თუმცა მან შემაკავებელი ორდერი კაცის წინააღმდეგ მაინც გამოაწერინა.

„ერთი ის, რაც გამოვცადე და მერე, პოლიციაში კიდევ დამიმატეს.. ისე ჩანდა, თითქოს, გამოძიების დაწყება ეზარებოდათ.. რაც შეეხება ამ ბიჭს, შემაკავებელის ვადა ჯერ არ გასულა, ცდილობდა მოწერას, მაგრამ დავბლოკე..

როდის უნდა დამთავრდეს მიდგომა, როდესაც მსხვერპლი მივა პოლიციაში, მას კი დაუწყებენ ხოლმე: ლამაზი გოგო ხარ, ცხოვრებას ნუ დაინგრევ და ა.შ?! ასეთი ფრაზებით ადამიანებს არ უნდა ისტუმრებდნენ.

მსხვერპლს სჭირდება ნუგეში და გვერდში დგომა,“.

რას აკეთებს შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ?

შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წლის ივლისში სპეციალური უწყება – ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა. ამ დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს დროული რეაგირება და გამოძიების ეფექტინობა, მათ შორის, ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა ქალებზე და ოჯახში ძალადობა.

შსს ამბობს, რომ ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის მაჩვენებლებმა იკლო და ამას სტატისტიკაც აჩვენებს. მაგალითად, უწყების მონაცემების მიხედვით, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი და ოჯახში ძალადობის შედეგად ქალთა გარდაცვალების რიცხვიც.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. სამინისტროს ინიციატივით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განმეორებითი ძალადობისაგან დაცვის მიზნით, საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც, რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პოლიციელთა მიერ მოძალადეთა მიმართ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ნეტგაზეთმა ვრცელი კომენტარისთვის მიმართა შსს-ს, თუმცა უწყებიდან არავინ ჩაგვეწერა.

“ტენდენციის სახით ასეთი შემთხვევების რაოდენობამ იკლო, თუმცა ერთეული საქმეები მაინც არსებობს”

ნეტგაზეთს ქალებსა და ოჯახში ძალადობაზე პოლიციის რეაგირების შესახებ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, ეკა სხილაძე ესაუბრა. მისი თქმით, წლების განმავლობაში ეფექტური რეაგირება პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა შსს-ში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნისა და სხვა რეფორმების შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა.

„ტენდენციის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ასეთი შემთხვევების რიცხვმა იკლო და გასული წლის ფემიციდის ანგარიში ცხადყოფს, რომ არ არის მაღალი ისეთი შემთხვევების რიცხვი, როდესაც სამართალდამცავი უწყება შემთხვევამდე ინფორემირებული იყო.

თუმცა ინდივიდუალური საქმის წარმოების ფარგლებში კვლავ ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც მსხვერპლი მიუთითებს პოლიციის მხრიდან რიგ შემთხვევებში სტერეოტიპულ დამოკიდებულებაზე, დაგვიანებულ რეაგირებაზე და ა.შ.“ ,- ამბობს სხილაძე.

მისი თქმით, სტერეოტიპული დამოკიდებულებები პოლიციის მხრიდან განსაკუთრებით ჩანს ეთნიკური უმცრესობების მიმართ, როდესაც საქმე ეხება გოგოებისა და ქალების უფლებების დარღვევას, მათ შორის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ქორწინების იძულებას.

სხილაძე დასძენს, რომ ამგვარი მიდგომების აღმოსაფრხვრელად პოლიციელებს სპეციალური ტრენინგები უტარდებათ, რაშიც მონაწილეობას სახალხო დამცველის აპარატის იღებს.

„სახალხო დამცველის რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ემუშავათ სპეციალიზებულ გამომძებლებს, რომლებბსაც ექნებოდათ მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ტიპის საქმეები, რაც გააადვილებდა ინფორმაციის მიწოდებას.

მაგრამ დღეს, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ მთლიან სამართალდამცავ უწყებაზე, რადგან მიუხედავად სპეციალიზებული ტრენინგებისა, ცალკე სპეციალიზაცია შსს-ში არ გვხვდება, განსხვავებით პროკურატურისგან, სადაც არის სპეციალიზებული პროკურორები, რომლებიც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითებზე მუშაობენ“, – განმარტავს სხილაძე.

სხილაძე მიიჩნევს, რომ პოლიციელებისთვის განკუთვნილი ტრენინგები საკმარისი ვერ იქნება, ვინაიდან სტერეოტიპები გენდერულ როლებთან და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამჯდარია, პოლიცია კი თავის მხრივ არის საზოგადოების ნაწილი.

„ხშირად იკვეთება, რომ ისინი ქმედებაზე რეაგირების დროს, შესაძლოა, რეაგირებდნენ წინასწარი განყწობებით და არა – მაღალი გენდერული მგრძნობელობით.

ცხადია, ამ მიმართულებით უფრო მეტი ღონისძიებაა აუცილებელი. მათ შორის, იმ ღონისძიებების შეფასებაც მნიშვნელოვანია, რაც უკვე ტარდება“, – ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი