ახალი ამბები

რა პრინციპით არჩევს ოპოზიცია მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს

21 თებერვალი, 2020 • 2284
რა პრინციპით არჩევს ოპოზიცია მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს

დღეს, 21 თებერვალს, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც პარტიების ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დასახელება იქნება იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნები მოქმედი საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თბილისში ეს პროცესი უკვე დაძრულია და გვარებზე შეთანხმების ეტაპზე არიან:

“73 მაჟორიტარულ ოლქში საკვანძო საკითხებზე მოხდება კოორდინირება. თბილისში უკვე დაძრულია პროცესი, გვარებამდე ვართ მისული და რეგიონებშიც საკვანძო ადგილებში აუცილებლად მივაღწევთ შეთანმებას”, – ამბობს ბოკერია.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რა პრინციპით არჩევენ მაჟორიტარობის კანდიდატებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათ ჰკითხა, მოხდებოდა ეს წინა არჩევნებში ნაჩვენები შედეგბით, პრაიმერიზის მეთოდით თუ პარტიებს გარკვეული კვოტები ექნებოდათ.

აღნიშნულ კითხვაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ასეთი კრიტერიუმები განსაზღვრული არაა და კანდიდატების შერჩევა “პოლიტიკური წონის და გავლენის” მიხედვით მოხდება:

“კანდიდატებს ჩვენ ვიღებთ მათი პოლიტიკური წონის და გავლენის მიხედვით. კონკრეტულ ოლქში ვისაც უკეთესი კანდიდატი ჰყავს, იმაზე ვთანხმდებით. ბევრი ფაქტორი იქნება გათვალისწინებული, ჩამოყალიბება მოხდება მარტივად”, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე კი ამბობს, რომ პარტიები თავიანთ კანდიდატებს წარმოადგენენ და მათ შორის მოხდება შერჩევა:

“არანაირი ასეთი განსაზღვრული კრიტერიუმები არ არსებობს, საუბარია იმაზე, რომ ყველა პარტია წარმოადგენს თავიანთ კანდიდატებს, ვისაც წარმოუდგენია, რომ ჰყავს კარგი კანდიდატი და შეუძლია გამარჯვება, და შემდეგ მოხდება უბრალოდ საღი აზრის დონეზე შერჩევა”, – ამბობს ჯაფარიძე.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი  ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების შესახებ მოლაპარაკებებში “ლელო”  აქტიურად არაა ჩართული. ბადრი ჯაფარიძის თქმით, მათი პოზიცია ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის ცნობილია:

“ჩვენ არ ვართ ამ შეთანხმების პროცესში ჩართული. ჩვენ ვახორციელებთ ჩვენ მიერ დასახულ გეგმას. აქედან გმომდინარე, ვერ ვხედავ ვერანაირ ტრაგედიას, რომ გარკვეული პარტიები შეთანხმდნენ და ერთი მაჟორიტარი ჰყავდეთ, თბილისი იქნება თუ რეგიონები. ჩვენმა კოლეგებმა იციან ამის შესახებ. ვერ ვხედავ პრობლემას, რომ დამოუკიდებლად ვაგრძელებთ არჩევნებისთვის მზადებას. ხაზი მინდა გავუსვა, ჯერ არ ვიცით, რა ფორმით ან საერთოდ თუ მივაღწევთ შეთანხმებას ხელისუფლებასთან. ამიტომ ნაადრევად მეჩვენება.

საბოლოო ჯამში, ამოცანა უნდა იყოს, ეს ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით და ჩვენ საქმიანობას ამ ამოცანას დავექვემდებარებთ. კოორდინაცია იქნება მჭირდო. რაც შეეხება შეთანხმებას, ჩვენ იმ მაგიდის ირგვლივ საუბრებში დამკვირვებლის სტატუსით ვართ. ძალიან აქტიურად ვართ ჩართლები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ მაჟორიტარებზე შეთანხმებას რაც შეეხება, აქტიურად ჩართულები არ ვართ”, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

ოპოზიციური პარტიები ერთიან ფორმატში სწორედ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხზებზე საუბრობენ. პარლელურად, როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, 4 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მსჯელობენ.

სწორედ ამ აქციაზე აქვთ პარტიებს დაანონსებული საზოგადოებისთვის ერთიანი ხედვისა და გეგმების წარდგენა. “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ რომ ეს აქცია ოპოზიციისთვის, პრაქტიკულად, საარჩევნო კამპანიის სტარტი იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი