ახალი ამბები

ოპოზიცია 4 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს

11 თებერვალი, 2020 •
ოპოზიცია 4 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს

ოპოზიცია 4 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას აანონსებს, სადაც საერთო სამოქმედო გეგმით წარდგება.

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი.

“ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ოპოზიცია ამოაგდოს კონსტიტუციური სივრციდან, საარჩევნო სივრციდან. ჩვენ მას ვეუბნებით: დაგამარცხებთ მაინც არჩევნებით და ქუჩიდან ზეწოლას გავაძლიერებთ და გავაღრმავებთ. თბილისში ძალიან დიდი და მასობრივი აქცია ჩატარდება. ჩვენ ამ აქციაზე გავალთ უკვე მნიშვნელოვანი შეთანხმებებით, მათ შორის, მაჟორიტარული ოლქების საკმაო ნაწილში შეთანხმებებით”, – განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა დავით ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ ეს აქცია ოპოზიციისთვის, პრაქტიკულად, საარჩევნო კამპანიის სტარტი იქნება.

“ახალი გეგმა მდგომარეობს შემდეგში: დღე და ღამე მუშაობა ხალხთან, საერთაშორისო ასპარეზზე. 4 აპრილს, 16:00 საათზე, რუსთაველზე ვიკრიბებით, სადაც განვაცხადებთ, არჩევნებში ჩვენი ერთობლივად თანამშრომლობის მექანიზმი რა გვექნება. ეს არის თარიღი, როცა მართლაც ისტორიული პროცესი იწყება, როდესაც ქართულმა ოპოზიციამ მოძებნა საერთო ენა”, – განაცხადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი 4 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებას სახალხო ყრილობას უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი