ახალი ამბები

ციხელაშვილი, სავარაუდოდ, ავსტრიაში ელჩად ინიშნება

21 თებერვალი, 2020 •
ციხელაშვილი, სავარაუდოდ, ავსტრიაში ელჩად ინიშნება

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

აღნიშნული „ნეტგაზეთს“ ოთხმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

ჩვენი ინფორმაციით, რომელიც სახელმწიფო უწყებებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, ციხელაშვილის ელჩად დანიშვნის პროცედურები უკვე დაწყებულია.

სახელმწიფო მინისტრის აპარატში „ნეტგაზეთს“ ამ საკითხზე კომენტარი არ მისცეს.

„ნეტგაზეთი“ რამდენიმე საათის წინ დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ავსტრიაში საქართველოს ელჩი ამ დრომდე დავით დონდუა იყო, რომელიც ახლახან საბერძნეთში დაინიშნა საქართველოს ელჩად. შესაბამისად, ეს პოსტი ამ ეტაპზე ვაკანტურია.

ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს 2016 წლიდან იკავებს — მას შემდეგ, რაც ეს პოსტი პაატა ზაქარეიშვილმა დატოვა. მანამდე ზაქარეიშვილის მოადგილედ მუშაობდა იმავე მინისტრის აპარატში.

მასალების გადაბეჭდვის წესი