გუშინ, 26 მარტს, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვენაში ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა მინისტრს, ბეათე მაინლ-რაიზინგერს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მაკა ბოჭორიშვილმა და ბეათე მაინლ-რაიზინგერმა პრესკონფერენცია გამართეს და იმ საკითხების შესახებ ისაუბრეს, რაც მათ განიხილეს.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა არაფერი თქვა იმ კრიტიკაზე, რომელიც ბოჭორიშვილმა ავსტრიელ მინისტრთან შეხვედრისას მოისმინა.
რა ინფორმაცია გაავრცელა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავსტრია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და დადებითად აფასებს ორი ქვეყნის დინამიკურ ურთიერთობებს. კერძოდ, ის კვლავაც განაგრძობს საქართველოს დახმარებას განვითარების პროგრამის ფარგლებში და თანხების გამოყოფას ამ მიმართულებით.
განსაკუთრებით დადებითად შეფასდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ის ფაქტი, რომ საქართველოში არაერთი ავსტრიული კომპანია ოპერირებს. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
ავსტრიულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოში მეტი ავსტრიული ინვესტიციის განხორციელებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის სფეროში. ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური პროგრესი.
მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მისი გავლენა როგორც საქართველოზე, ისე მთლიანად ფართო რეგიონის ქვეყნებზე. ავსტრიის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ და განსაკუთრებით აღნიშნეს ავსტრიის მიერ საქართველოს მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და მთელ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე შემდგომი განვითარებისთვის“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
„თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კვლავაც დაადასტურა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და განაცხადა, რომ მზადაა ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ამ გზაზე დიალოგის არსებობის მნიშვნელობას და შემდგომი კომუნიკაციისთვის მზადყოფნას“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რა თქვა ავსტრიის მინისტრმა
ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა მინისტრმა, ბეათე მაინლ-რაიზინგერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაგმო რუსული ოკუპაცია.
ამასთან, ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ავსტრიელმა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის გზაზე „ქართული ოცნების“ მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე, გააკრიტიკა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა და ხაზი გაუსვა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობას.
„კარგ პარტნიორებს შორის ასევე შესაძლებელია გულწრფელი და ღია დისკუსიები. სამწუხაროდ, დღეს დღის წესრიგში ბევრი რთული თემაც გვქონდა.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, საქართველოს უკუსვლა აქვს ავსტრიული და ასევე ევროპული პერსპექტივიდან. ეს სამწუხაროა. ჩვენ ვხედავთ უკუსვლას რეფორმების მიმართულებით, მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში, ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიცაა კანონმდებლობა, რომელიც ეხება სამოქალაქო საზოგადოებას და დარღვევებს 24 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც ეუთო/ოდირმა გამოავლინა.
შედეგად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად შეჩერებულია.
მე ჩემს ქართველ კოლეგას ნათლად ვუთხარი, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობა დადგეს.
ძალადობის საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებისთვის 120 მილიონ ევროზე მეტი პირდაპირი დახმარება. ჩვენ ასევე შევაჩერეთ 2024 წლისთვის 30 მილიონი ევროს მხარდაჭერის ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით და არ ვგეგმავთ რაიმე მხარდაჭერას 2025 წლისთვის. თუმცა ევროკავშირი და ავსტრია გააგრძელებენ ქართველი ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.
მოვუწოდებთ პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირებს, დაძლიონ განხეთქილება და პოლარიზაცია. ვფიქრობ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს, გარდა აქტიური დიალოგისა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან. უნდა გაგრძელდეს დიალოგი ევროკავშირის შიგნით და ასევე ორმხრივ რეჟიმში. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო, რომ დღეს ეს საუბარი გვქონდა, მაგრამ საქართველოს შიგნითაც ასევე აუცილებელია დიალოგი პოლიტიკურ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – განაცხადა , ბეათე მაინლ-რაიზინგერმა.
გარდა ამისა, ბეათე მაინლ-რაიზინგერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი მთლიანად დამოკიდებულია ხელისუფლების ნაბიჯებზე.
„როგორც უკვე ვთქვი, ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. მოვლენების შემდგომი განვითარება მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზე. დარწმუნებული ვარ, საკითხი, თუ როგორ უნდა მივყვეთ გზას ევროკავშირისკენ, მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. და, რა თქმა უნდა, ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება. მაგრამ ასევე ნათელია, რომ ჩვენ მივესალმებით თქვენს უფრო აქტიურ ძალისხმევას ევროპული გზისკენ.
მე წინააღმდეგი ვარ კარის ბოლომდე დახურვის. ვფიქრობ, ეს ნათლად განვაცხადე დღევანდელ შეხვედრაზე. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ კომუნიკაციის ღია არხები. ვენა დიდი ხანია არის დიალოგისა და დიპლომატიის კერა. როგორც ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, ასევე ქართველი კოლეგების ვიზიტი ვენაში, ეუთო-ში, ხაზს უსვამს ამ როლს.
ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და საქართველოს გაწევრიანების გზაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელი მოქმედებების კურსს. ასევე, პროევროპულ კურსზე დაბრუნება თანხვედრაში იქნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებასთან, რომელთა 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა.
ამასთან, ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე მაკა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვა ავსტრიელმა ჟურნალისტმა. მან ბოჭორიშვილს სთხოვა აღეწერა, როგორ ურთიერთობენ ევროპულ ინსტიტუტებთან, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა და წევრი ქვეყნების პარლამენტებმა არ აღიარეს ბოლო არჩევნები და ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ და არა იმ პრეზიდენტს, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა აღიარებს.
ჟურნალისტის პასუხად მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნებს 1200-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდებოდა, მათ შორის ეუთო/ოდირიდან, და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არჩევნების შედეგებს პროტესტი მოჰყვა.
მისი თქმით, როცა ხალხსა და მათი სუვერენული არჩევანის პატივისცემაზეა საუბარი, მნიშვნელოვანია მათ შორის საქართველოს მოსახლეობის არჩევანის პატივისცემა.
ბოჭორიშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა არჩევანი თავისუფალ გარემოში გააკეთა და არავის შეუძლია დააბრალოს, რომ მათ არჩევანი არ ჰქონდათ.
„ყველა პარტიას შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა, შედეგი შედეგია. ხალხი თავიანთ არჩევანს აკეთებს, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ აქტორს, რომელიც უარყოფს საქართველოს ხალხის არჩევანს. თუმცა კიდევ ერთხელ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისთვის, რომ პატივი ვცეთ დემოკრატიული საზოგადოების ზოგად წესებს. პირველ რიგში, ეს მოიცავს ხალხის დემოკრატიულ არჩევანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ევროკავშირის მხარეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელი და კარგი თანამშრომლობა გვქონდეს ჩვენს პარტნიორებთან. ევროპული ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის მთავარი პრიორიტეტია და ეს უცვლელი რჩება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.