გენპროკურორობის კანდიდატი და ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. მისივე თქმით, მან ასევე დამოუკიდებლად მიიღო 2018 წელს გადადგომის გადაწყვეტილება.
შოთაძეს დღეს ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ რიგი პარლამენტარების თქმით, მის გადადგომას საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს და, შესაბამისად, ეს უკანასკნელი მხოლოდ შოთაძის გადაწყვეტილება არ ყოფილა. რაზეც შოთაძე პასუხობს:
„უპირველეს ყოვლისა, თითოეულ გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად, დამოუკიდებლად, ვარ ზრდასრული ადამიანი და, შესაბამისდ, ყველა გადაწყვეტილებას, რასაც ვიღებ, ვიღებ პირადად.
რაც შეეხება უმრავლესობის დამოკიდებულებას ჩემს გადადგომასთან, ჩემთვის ეს ცნობილია მხოლოდ მაშინდელი საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, რაც შეეხება იმას, თუ როგორ მივიღე ეს გადაწყვეტილება – მე ეს გადავწყვიტე დამოუკიდებლად და არაერთხელ ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ ნამდვილად არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე მაშინ“, – ამბობს შოთაძე.
ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დღეს 17 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობას შოთაძის გენპროკურორობის თანამდებობიდან გადადგომა უნდოდა, ლევან გოგიჩაიშვილი საუბრობს.
გოგიჩაიშვილი ტვ „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ 31 მაისს, ანუ იმ დღეს, როდესაც შოთაძემ თანამდებობა დატოვა, მმართველმა გუნდმა შეხვედრა გამართა. დამსწრეთა უმრავლესობა შოთაძის წინააღმდეგ იყო „არა იმიტომ, რომ მან ხორავას საქმეს ვერ გაართვა თავი, არამედ მის მიმართ არსებობდა კითხვები, მისი უპატივცემულობა პარლამენტის მიმართ“.
უმრავლესობაში ვინც შოთაძეს უჭერს მხარს, მისი წინააღმდეგი იყო – გოგიჩაიშვილი