პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ 2018 წელს ირაკლი შოთაძე გენპროკურორობის თანამდებობიდან თავისი ნებით კი არ გადადგა, ეს გადაწყვეტილება „ოცნებამ“ მიიღო.
გოგიჩაიშვილი ტვ „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ 31 მაისს, ანუ იმ დღეს, როდესაც შოთაძემ თანამდებობა დატოვა, მმართველმა გუნდმა შეხვედრა გამართა. დამსწრეთა უმრავლესობა შოთაძის წინააღმდეგ იყო „არა იმიტომ, რომ მან ხორავას საქმეს ვერ გაართვა თავი, არამედ მის მიმართ არსებობდა კითხვები, მისი უპატივცემულობა პარლამენტის მიმართ“.
გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ შოთაძეს კავშირი ჰქონდა ყოფილ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან. ეს უკანასკნელი კი „ოცნებაში“ თავიდანვე გაერთიანებულ წევრებს არ მოსწონდათ.
„ჩვენ ვიყავით შეკრებილი კობახიძის ოთახში, დაახლოებით 30 ადამიანი, ვინც იქ არ იყვნენ, ჩვენი კოლეგები – ისინი უკვე ფეისბუკ -ოსტებს დებდნენ, რომ ის [შოთაძე] უნდა გადამდგარიყო. დღეს ვინც გამოდის შოთაძის მხარდასაჭერად, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცესპიკერები – ეს ადამიანები იყვნენ შოთაძის წინააღმდეგ“, – ამბობს გოგიჩაიშვილი.
გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, დღეს ის ადამიანები უცხადებენ შოთაძეს მხარდაჭერას, რომლებსაც წარსულში მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ ადამიანებს შორის არიან მინისტრებიც.
16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე წარუდგინა, რომელიც თანამდებობიდან 2018 წლის მაისში გადადგა. თანამდებობიდან წასვლას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.