დღეს, 23 მაისს ცნობილი გახდა, რომ გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტურია — ირაკლი შოთაძე ამ თანამდებობას მის კარიერაში უკვე მეორედ ტოვებს და ამჯერად ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე ვადით ირაკლი შოთაძე 2020 წლის თებერვლიდან საქმიანობდა და უფლებამოსილება 2026 წლის თებერვალში ეწურებოდა.
წლების განმავლობაში ირაკლი შოთაძის სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს დაუკავშირდა. მათ შორის, გიორგი გვიჩიანის, ხაზარაძე-ჯაფარიძის და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეებია.
გიორგი გვიჩიანის საქმე
თერთმეტწლიანი პატიმრობის შემდეგ გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია სააპელაციო სასამართლოში დარბაზიდან 2017 წლის თებერვალში გაათავისუფლეს. ისინი „ეი ეს თელასის“ დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში იყვნენ მსჯავრდებულები.
„ეი-ეს თელასის მენეჯერი“, ნიკა ლომინაძე 2002 წელს მოკლეს. საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ეი-ეს თელასის ფინანსური მენეჯერი გიორგი გვიჩიანი, როგორც მკვლელობის შემკვეთი, ნოდარ გვიჩიანი, როგორც შუამავალი შემკვეთს და შემსრულებლებს შორის, და ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი, როგორც მკვლელობის უშუალო ჩამდენი. ნოდარ გვიჩიანს ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მოეხსნა პასუხისმგებლობა. სასამართლომ ხერკელაძეს მიუსაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, პაპაჩაშვილს- 5 წელი პირობითი მსჯავრი. ნიკა ჩემიას და გიორგი გვიჩიანს – უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომელიც 2014 წელს 15 წლამდე შეუმცირდათ.
გათავისუფლების შემდეგ გვიჩიანმა განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმის გადასაფარად დააკავეს. მან არ დაასახელა კონკრეტული გვარები, თუმცა განაცხადა, რომ მისი დაკავება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების ინტერესებში შედიოდა. პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს გვიჩიანის და ჩემიას საქმის გადასინჯვის მოთხოვნით 2016 წელს მიმართა.
გვიჩიანის საქმესთან შოთაძის შესაძლო კავშირზე მსჯავრდებულის ადვოკატები 2014 წელს ალაპარაკდნენ, მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ გენერალური პროკურორის პოსტი დატოვა. შოთაძე მაშინ ფარცხალაძის პირველი მოადგილე იყო და აღნიშნულ პოსტზე შოთაძის კანდიდატურა განიხილებოდა.
გვიჩიანის ადვოკატები ამბობდნენ, რომ შოთაძე ამ საქმის განხილვის დროს (2006-2007 წლებში) ბრალმდებელი პროკურორი იყო და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც ჰქონდათ. შოთაძის მიმართ წაყენებულ ამ ბრალდებას გამოეხმაურა საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც ამბობდა, რომ ამ პერიოდში შოთაძე პროკურატურის სტაჟიორი იყო და გვიჩიანის საქმეზე არანაირი პასუხისმგებლობა არ უნდა დაჰკისრებოდა, თუმცა საპირისპიროს ჰყვებოდნენ ადვოკატები:
„ის არის ადეიშვილის პროკურორი და ვერანაირი გამართლება ვერ ექნება იმას, რომ დღეს აწინაურებენ ისეთ [პირებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ადამიანების დატერორებაში მონაწილეობდნენ,“ — ამბობდა ადვოკატი ირმა ჭკადუა „კვირის პალიტრასთან“.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე
ოთარ ფარცხალაძის გადადგომის შემდეგ, საქართველოს მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილი დაინიშნა, თუმცა არც მისი მმართველობა ყოფილა ხანგრძლივი. ბადაშვილმა თანამდებობა 2015 წლის ნოემბერში დატოვა და მის ნაცვლად თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეარჩიეს. ის პოსტზე 2018 წლამდე დარჩა.
შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.
მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პროკურატურას მტკიცებულებების განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებდა და ამბობდა რომ მისი შვილის მკვლელებს პროკურატურის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მფარველობდა.
ამ თემაზე წაიკითხეთ სტატია „ნეტგაზეთის“ არქივიდან: რა შენიშვნები აქვს სარალიძის ოჯახს პროკურატურასთან – დეტალები მოკლედ
ზაზა სარალიძე ამბობდა, რომ საქმის პირველადი გამოძიების ეტაპზე მირზა სუბელიანი არც კი დაკითხულა მაშინ, როცა რუსთავი 2 –ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, მკვლელობის შემდეგ იგი სტუმრობდა ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახს, რომელიც მისი ნათესავია. სარალიძის თქმით, ჩხუბში ასევე მონაწილეობდა სუბელიანის შვილიც.
პროტესტი გამწვავდა მას შემდეგაც, რაც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალდებულებს ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში უცნობი დარჩა, თუ ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.
სწორედ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ისაუბრა ირაკლი შოთაძემ გადადგომის შესახებ საკუთარ გამოსვლაში:
„მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.
რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება. აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან,“ — აცხადებდა ირაკლი შოთაძე.
შოთაძის გადადგომის შემდეგ გენერალური პროკურორის პოსტი შალვა თადუმაძემ დაიკავა, რომელიც 2011–2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, მოგვიანებით კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა.
მამუკა ხაზარაძის შეხვედრა ჩხარტიშვილ-ივანიშვილთან
ირაკლი შოთაძის გვარი ფიგურირებს კიდევ ერთ სკანდალში, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს უკავშირდება 2019 წელს.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ბიზენს-სამართლებრივი საქმეები ივანიშვილთან კერძო მოლაპარაკებით წყდებოდა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ის [რამდენიმე წლის წინ] სოლოლაკის რეზიდენციაში შეხვდა „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს. მისივე თქმით, შეხვედრას ესწრებოდა იმდროინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ხაზარაძე ამ შეხვედრას „პატარა სასამართლოს“ უწოდებდა.
„არსებობს ასეთი პერსონა ვანო ჩხარტიშვილი. მიჭირს, მას ბიზნესმენი დავუძახო. მან ძალიან მოკლე ხანში ჩვენი ბანკის წინააღმდეგ აღძრა საქმე და დაიწყო სამართლებრივი დავა. ვანო ჩხარტიშვილი “თიბისი ბანკს” სთხოვდა 30 მილიონ ლარს. ჩვენი იურისტები ჩაერთნენ ამაში და აღმოვაჩინეთ, რომ ანალოგიური საქმეები მას აღძრული ჰქონდა სხვადასხვა კომპანიის მიმართ და ყველა ეს საქმე ხვდებოდა ერთ მოსამართლესთან.
ყველა ეს საქმე, რა თქმა უნდა, მისი მოგებით ცხვებოდა, როგორც იმერული ხაჭაპური. მივხვდით, რომ მსგავს რიგში ვიდექით ჩვენც, რუსულად ამას ჰქვია “ნაეზდი”, ეს არის ცნობილი სიტყვა, როცა პოლიტიკური პროკურატურის და სასამართლოს გაერთიანება ხდება ფულის ამოღების მიზნით. მე ასეთ ამბავში მოვყევი, როცა “ბორჯომში” ვსაქმიანობდი უკრაინაში. იქ გაგვიჩერეს ქარხნები და დაიჭირეს დირექტორები, ანალოგიური სქემა იყო – პროკურატურა, საგადასახადო და ა.შ.“ — ყვებოდა მამუკა ხაზარაძე.
ხაზარაძე ამბობდა, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს, რადგან ამის გარეშე ბანკს არ ექნებოდა დავის გაგრძელების საშუალება, რადგანაც პირველივე ინსტანცია ბანკს დააყადაღებდა და ფულს ამოიღებდა.
ამის შემდეგ ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა და არწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი გამოეტანათ და სანაცვლოდ შეხვედრაზე დაიბარა მისსავე რეზიდენციაში სოლოლაკში. ხაზარაძის თქმით, შეხვედრას ის და ბადრი ჯაფარიძე ესწრებოდნენ, ასევე იქ იმყოფებოდა ვანო ჩხარტიშვილი, ბიძინა ივანიშვილი და იმდროინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე.
ხაზარაძის თქმით, შოთაძე მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩუმად იყო:
„მე პატარა სასამართლოზე აღმოვჩნდი, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც. კიდევ კარგი, შოთაძეც იყო იქ, რომელიც მთელი შეხევდრის განმავლობაში ჩუმად იყო და ეს დისკუსია რომ წავიდა და ვითხოვდით, გაგვარკვიეთ, რასთან გვაქვს საქმე, დაახლოებით 1.5 საათის შემდეგ ჩაიჩურჩულა, მაინც გაბედა და თქვა, რომ ის ვერ ხედავდა “რაიმე ისეთს”, რაზედაც ვიყავით შეკრებილები.
მე შოკირებული გამოვედი. ივანიშვილი იყო, პრაქტიკულად, პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა. გვერდით უზის პროკურორი და არჩევდა საქმეს. თუ მეუბნები, საქმე გამოიტანე სასამართლოდან, მაშინ პროკურორს რატომ მახვედრებ?[…].
[…}ჩხარტიშვილს ვკითხე, 30 მილიონი რა რიცხვია-მეთქი და რამე ხომ უნდა იყოსო. ეს თემა მოკვდა იმ წუთშივე, როგორც კი შოთაძემ თქვა, რასთან გვაქვს საქმე. იურისტია და იცის, ლეგალურად რა ხდება. ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნებამდე,“ — ამბობდა მამუკა ხაზარაძე.
ასეთი შეხვედრის გამართვა დაადასტურეს როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ირაკლი შოთაძემ, თუმცა შეხვედრის შინაარსზე დეტალები არცერთ მათგანს არ მოუყოლია. ივანიშვილმა 2019 წლის იანვარში ახსენა ვანო ჩხარტიშვილსა და “თიბისი ბანკს” შორის არსებული დავა და აღნიშნა, რომ თავად იყო ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში. როგორც ივანიშვილმა თქვა, ჩხარტიშვილმა უკან დაიხია, ხაზარაძეს კი “ნორმალური მადლობაც არ უთქვამს.
ირაკლი შოთაძე მოგვიანებით ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეხვედრა, რომელსაც ისიც ესწრებოდა – მეგობრული ხასიათის იყო. შოთაძემ თქვა, რომ შეხვედრის მიმდინარეობაში მას მონაწილეობა არ მიუღია:
„მე გავმეორდები მხოლოდ იმ კუთხით, რომ მთავარ პროკურორს, გენერალურ პროკურორს აქვს სრული უფლება, აწარმოოს კერძო შეხვედრები, როდესაც ეს შეხვედრები არ ეხება მის სამსახურეობრივ საქმიანობას, არ არის დაკავშრებული სისხლის სამართლის საქმესთან, ბრალდებასთან – ეს არის გენრპოკურორის, როგორც ადამიანის, ფუნდამენტური უფლებები“, – ამბობს შოთაძე.
აღნიშნულ კითხვას ირაკლი შოთაძემ მაშინ უპასუხა, როცა პარლამენტში 2020 წელს მისი, როგორც გენერალური პროკურორის მოსმენა მიმდინარეობდა — უკვე მეორე ვადით.
ირაკლი შოთაძის მეორედ მოსვლა
გენერალური პროკურორის პოსტი კიდევ ერთხელ ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე 2020 წელს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.
შოთაძის კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა.
ირაკლი შოთაძის მიერ კიდევ ერთხელ გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავებას ეხმაურებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოუწოდებდნენ ჯერ საპროკურორო საბჭოს, შემდგომ კი პარლამენტს არ დაემტკიებინათ ყოფილი მთავარი პროკურორი კიდევ ერთხელ ამ პოსტზე. შოთაძის კანდიდატურის წინააღმდეგი იყო ოპოზიციაც.
მიუხედავად ამისა, პარლამენტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გენერალური პროკურორის პოსტზე 2020 წლის მაინც დაამტკიცა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს, შესაბამისად შოთაძეს უფლებამოსილება 2026 წლამდე ჰქონდა.
2024 წელს თანამდებობის დატოვების მიზეზად ირაკლი შოთაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი თქმით, ამჟამდ უცხოეთში გადის მკურნალობას და ამის პარალელურად საქმიანობის გაგრძელება შეუძლებლად მიაჩნია.
რატომ ახლა?
გადადგომის შესახებ განცხადებაში ირაკლი შოთაძე წერს, რომ უკვე კვირაზე მეტია სამედიცინო მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება და აცხადებს, რომ მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღო და უკვე მიმართა პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით.
უკვე ყოფილი გენერალური პროკურორის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ როგორც ოპოზიციაში, ასევე „ქართულ ოცნებაში“. ოპოზიციის ნაწილი შოთაძის გადადგომას აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან რუსული კანონის გამო დაანონსებულ სანქციებს უკავშირებს — მმართველ პარტიაში კი აღნიშნულს სპეკულაციებს უწოდებენ:
„შოთაძის გადადგომა ნამდვილად არის დასტური იმისა, რომ ოლიგარქიის გუნდი და ეს სისტემა იწყებს რღვევას. შოთაძე არ იყო რიგითი წევრი ამ გუნდის. ის იყო კულუარული მაგრამ ძალიან გავლენიანი და კარგად ინფორმირებული ფიგურა ივანიშვილის კარზე. შესაბამისად მისი გაქცევა ნიშნავს იმას რომ ჩაძირული გემიდან უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს რომ გაიქცეს,“ — ამბობს „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.
შოთაძის გადადგომას გამოეხმაურნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“. პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით შოთაძემ უარი თქვა დეკლარირებულად რუსული საქმის კეთებაზე, რასაც მისი სანქცირება მოჰყვებოდა:
„პროკურორად წოდებული ადამიანის ეს გადაწყვეტილება უნდა მიანიშნებდეს სავარაუდო სანქციების შიშზე და ყველას კარგად ესმის, რომ ეს სანქციები აუცილებლად იქნება, მათ შორის ძალოვანი უწყების წარმომადგენლებზე. დარწმუნებული ვარ ყველა მოძალადეზე, რომელიც არის იდენტიფიცირებული კონკრეტული პერსონალური სანქციები გავრცელდება მათზეც.
შოთაძეს ესმოდა, რომ ამ მთავრობის წევრობა უკვე ნიშნავს ღიად რუსული საქმის კეთებას მიუხედავად იმისა, რომ ფარულად ის ამას აკეთებდა, ახლა უკვე ღიად, დეკლარირებულად მან ამის გაკეთებაზე თქვა უარი სწორედ იმ მიზეზით, რომ მან იცის, რომ ის აუცილებლად იქნება სანქცირებული.
ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც დღეს მაღალ თანამდებობაზეა, რომ მათ უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც არ უკავშირდება პოლიტიკურ-პარტიულ გადაწყვეტილებას, ეს უკავშირდება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და მათ უნდა დატოვონ თანამდებობები იმისთვის, რომ არ მისცენ შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს გაიხანგრძლივოს ხელისუფლება.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი კი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არა ირაკლი შოთაძემ, არამედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, რომელიც დეპუტატის თქმით არჩევნებში მარცხისთვის ემზარება და ახალი ლოიალური გენერალური პროკურორის არჩევა აქვს განზრახული 6 წლის ვადით:
„გენერალური პროკურორი გადადგა. ივანიშვილის სრულიად მოსალოდნელი გადაწყვეტილება (დიდი ხანია ვამბობდი). გენერალურ პროკურორს არჩევნების მერე მალევე ვადა გასდის. ივანიშვილი წაგებისთვის ემზადება და მისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების შემდეგ პროკურატურის და სასამართლოსგან უსაფრთხოდ იყოს. ამიტომ, არჩევნებამდე უნდა აირჩიოს ახალი ლოიალური გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით,“ — ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ოპოზიციის არგუმენტები სპეკულაციურია და შოთაძის გადაწყვეტილება მისსავე განცხადებაშია განმარტებული
„ესაც მეტყველებს ამ რადიკალური ჯგუფების დამოკიდებულებაზე. ადამიანი ასახელებს კონკრეტულ არგუმენტს თუ რის გამო მიიღო მან ეს გადაწვყეტილება და ესაც გახდა სასპეკულაციო. მე ვუსურვებ ირაკლი შოთაძეს ჯანმრთელობას,“ — ამბობს ანრი ოხანაშვილი.
ამავეს აცხადებს თავად ირაკლი შოთაძეც, რომელსაც ტელეკომპანია იმედი დაუკავშირდა. სატელეფონო ინტერვიუში შოთაძე ამბობს, რომ სამწუხაროა რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეკულაციის საგანი გახდა და იგივე გაიმეორა, რაც გადადგომის შესახებ განცხადებაში თქვა:
„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს. თუმცა რა თქმა უნდა არ მიკვირს ეს. მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ავხსენი თუ რა იყო მიზეზი ჩემი გადადგომის,“ — უთხრა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია „იმედს“.
ახლა, ახალი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი საპროკურორო საბჭომ უნდა დაიწყოს. ორგანომ მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა შეარჩიოს, რომლებსაც პარლამენტს გადაუგზავნიან. თავის მხრივ საკანონმდებლო ორგანო სამიდან ერთ კანდიდატს აირჩევს. გენერალური პროკურორის პოსტზე კანდიდატის დასამტკიცებლად პარლამენტს 76 ხმა სჭირდება. ამ პოსტზე კანდიდატი 6 წლის ვადით ინიშნება.