ახალი ამბები

“არ გვაშფოთებს” – ფხაკაძე კრიტიკულ წერილებზე დასავლეთიდან

14 თებერვალი, 2020 •
“არ გვაშფოთებს” – ფხაკაძე კრიტიკულ წერილებზე დასავლეთიდან

ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ აშშ-ის კონგრესმენები/სენატორების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილი კრიტიკული წერილები “არ აშფოთებს”. ასე უპასუხა ფხაკაძემ  ტვ პირველის “საქმის კურსის” კითხვას იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მთავრობის კრიტიკა.

“პირდაპირ გეტყვით, რომ არ გვაშფოთებს… ჩვენ [საქართველოს ბიზნესასოციაციას] იმდენად მსხვილი ორგანიზაცია გვაქვს, რომ ქვეყნის ეკონომიკის პულსზე გვიდევს ხელი და მაჯისცემას მართლა კარგად ვგრძნობთ. კვლევები მოწმობს, რომ 2019 წელი უფრო კარგად არის შეფასებული ბიზნესის მხრიდან… ეს ძალიან პრაგმატული შეფასებაა… კონფიდენციალური ხასიათის გამოკითხვაა. შესაბამისად, 2019 წელი უფრო კარგი იყო, ვიდრე 2018 წელი. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და ფინანსურ/ ბიზნესგეგმებს პოლიტიკურ დღის წესრიგს არასდროს ვუკავშირებთ, შესაბამისად, 2020 წელსაც იმას გავაკეთებთ, რასაც 2019 ან 2018 წლებში ვაკეთებდით”,-ამბობს ფხაკაძე.

უზენაესი სასამართლოს 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე.

უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით შეშფოთება, სხვა აქტორებთან ერთად, გამოთქვეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა, შვედეთის, ესტონეთის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, ასევე, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოებმა საქართველოში. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან (მათ შორის ეკონომიკის კუთხით) დაკავშირებით კრიტიკული პოზიციები დაფიქსირებული აქვთ კონგრესმენებსა და რამდენიმე სენატორსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი