ახალი ამბები

ფოთის პორტი მთავრობას ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ნებართვისთვის მიმართავს

12 თებერვალი, 2020 • 2228
ფოთის პორტი მთავრობას ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ნებართვისთვის მიმართავს

“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ხელახლა დაიწყო საჭირო ნებართვების მიღების პროცესი, “ფოთში ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის აშენების მტკიცე განზრახვით”.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პორტის პრესსამსახური ავრცელებს.

“2020 წლის 11 თებერვალს “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” მიმართა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიწათსარგებლობის ნებართვის მისაღებად ფოთში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისათვის, რაც წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის მიღების ოფიციალური სამსაფეხურიანი პროცედურის საწყის ეტაპს.

როგორც “ეიპიემ ტერმინალსმა” საქართველოს მთავრობასთან ახლახან გამართული განხილვებისას ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, კომპანია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, გააფართოოს ფოთის საზღვაო ნავსადგური, რათა საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე ლოგისტიკური კარიბჭე, რომელიც მოემსახურება „პანამაქსის“ ტიპის გემებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არსებული სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდით”, – ნათქვამია პორტის განცხადებაში.

“მიწათსარგებლობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენით კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩვენს მზაობას, წავიწიოთ წინ. აღნიშნული ნებართვის მიღება გახლავთ აუცილებელი წინაპირობა, რათა ღრმაწყლოვანი ნავსადგური, როგორც დაგეგმილია, ექსპლუატაციაში შევიდეს 2022 წლის მეორე კვარტალში. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილდება და უახლოეს მომავალში შევძლებთ 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების დაწყებას და ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, საქართველოში მეტად საჭირო ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენებას და შემდგომ წარმატებით მართვას”, – განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა.

როგორც ცნობილია, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ნებართვის მიღების პროცედურა 2019 წელს დაიწყო და პირველადი ნებართვა მიიღო კიდეც, რის გამოც შეშფოთება გამოხატა ანაკლიის კონსორციუმმა, რომელიც ანაკლიაში აშენებდა ღრმაწყლოვან პორტს.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 2 მაისს მიიღო, მის შესახებ კი 29 მაისს განაცხადა. აღნიშნულს დაუყოვნებლივ მოჰყვა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მწვავე განცხადება. სწორედ ეს კონსორციუმი აშენებს ფოთის სიახლოვეს, ანაკლიაში, საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს. ანაკლიის პორტის მშენებელმა კონსორციუმმა “შოკისმომგვრელად” შეაფასა ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გამოცემული ბრძანება და დასძინა, რომ თუ აღნიშნულს არ მოჰყვებოდა “რადიკალური რეაგირება”,  საფრთხე შეექმნებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობას.

2019 წლის 30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიისთვის მიცემული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა გააუქმა. მთავრობის უკითხავად ნებართვის გაცემაში კი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე დაადანაშაულა და თანამდებობიდანაც გაათავისუფლა. მთავრობის წევრები ამ დრომდე ირწმუნებიან, რომ მათ არაფერი იცოდნენ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემაზე. თავის მხრივ, “ეიპიემ ტერმინალმა” თქვა, რომ აანალიზებენ ეკომონომიკის სამინისტროს ბრძანების გაუქმების გადაწყვეტილებას და განიხილავენ შესაფერის სამართლებრივ ღონისძიებებს, რომელთაც შესაძლოა მიმართონ.

„ეიპიემ ტერმინალსი“- ზოგადი მიმოხილვა. 2011 წლის აპრილში „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2 900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. კომპანიის განცხადებით, სათავეში მოსვლის დღიდან „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.

“აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის ნავსადგურმა შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი