ახალი ამბები

ფოთში რუსეთიდან დიზელით დატვირთული გემი შემოვიდა, რომელზეც სანქციები არ ვრცელდება – შემოსავლების სამსახური

17 სექტემბერი, 2022 • 1254
ფოთში რუსეთიდან დიზელით დატვირთული გემი შემოვიდა, რომელზეც სანქციები არ ვრცელდება – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 16 სექტემბერს, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რუსეთის პორტიდან შემოვიდა, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი – ,,CALLIOPE”.

მათივე განმარტებით, აღნიშნული გემი დატვირთული იყო ტრანზიტული ტვირთით – დიზელი 4 044 ტონა, რომლის მიმღებიც სომხური კომპანია. თუმცა უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან.

მათივე განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემზე და გემის მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.

„ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთზე ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი