ახალი ამბები

მე ვიცი ბავშვები, ჯართის მოპარვისთვის 5-6 წელი ახეხინეს ციხეები – ვოლსკი უგულავაზე

10 თებერვალი, 2020 •
მე ვიცი ბავშვები, ჯართის მოპარვისთვის 5-6 წელი ახეხინეს ციხეები – ვოლსკი უგულავაზე

“ან მე, ან აშშ-ის წარომადგენლებმა რა კომენტარი უნდა გააკეთონ, პოლიტიკური ფიგურა არაა…” ,- ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯაზე “ქართული ოცნების” ლიდერმა გია ვოლსკიმ.

აშშ-ის ელჩთან გაცნობითი შეხვედრიდან გამოსული ვოლსკის თქმით, პროკურატურამ მიიჩნია, რომ წინა ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაესაჩივრებინა და თავად მეტ კომენტარს ვეღარ დაამატებს:

“პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ უგულავამ 50 მილიონი მოიპარა და ფიქრობენ, უნდა გაასაჩივრონ უმაღლეს სასამართლოში და ეს საკითხი ასე არ დატოვონ. აქედან გამომდინარე, ან მე, ან აშშ-ის წარმომადგენლებმა რა კომენტარი უნდა გააკეთონ, პოლიტიკური ფიგურა არაა… მე ბავშვები ვიცი, 3-4 კილო ჯართის მოპარვისთვის 5 და 6 წელი ახეხინეს ციხეები. ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაჭერა, მათ შორის, უგულავასი, მაგრამ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არაფერ შუაშია”, – თქვა ვოლსკიმ.


უზენაესი სასამართლოს 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიგი უგულავას, გიორგი საბანაძის, დავით ავალიანის, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი