“ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის 2019 წლის ანგარიშში საქართველოზე, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებას ეხება და მიმოხილულია 2019 წელს განვითარებული მოვლენები, მათ შორის, 20 ივნისის მოვლენების პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება და ა.შ. ანგარიშის ავტორი ევროკომისიის აპარატია
“2019 წელი დიდი პოლიტიკური აქტიურობით გამოირჩეოდა, ჩატარდა შუალედური არჩევნები პარლამენტში ერთი მანდატის მოსაპოვებლად და ხუთ ქალაქში მერის თანამდებობის დასაკავებლად. ზაფხულიდან მოყოლებული მიმდინარეობდა მასშტაბური საზოგადოებრივი საპროტესტო გამოსვლები და გაიმართა საკმაოდ ინტენსიური საპარლამენტო საშემოდგომო სესია დემოკრატიულ კონსოლიდაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კანონმდებლობის მისაღებად”, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა. იგი მოწვეული იყო პარტია “ქართული ოცნების” წევრების მიერ.
“ამ მოვლენას საპასუხო რეაქციად ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრაციები პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია, რამაც მძიმე დაზიანებები გამოიწვია და შემდეგი თვეების განმავლობაში მომდევნო დემონსტრაციები განაპირობა. დაიწყო ორი გამოძიება, ერთი – დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ხოლო მეორე – პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გადაჭარბებასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, პროტესტების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილების წინადადება შემოიტანა, რომლის მიხედვითაც სრულად პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო უკვე 2020 წელს, 2024-ის ნაცვლად, როგორც ეს თავდაპირველად იყო კონსტიტუციით გათვალისწინებული.
“2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა და მის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა. „ქართული ოცნების“ შეთავაზებით 2020წლისთვის პარლამენტში მოსახვედრად გადასალახი ბარიერი ნულოვანი უნდა გამხდარიყო (დე ფაქტო მიღებული ხმების 0.67% ბარიერი) არსებული 3%-ის ნაცვლად. 14 ნოემბერს პარლამენტის კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნამ შემდგომი პოლიტიკური არასტაბილურობა და ქუჩაში გამართული პროტესტები გამოიწვია. საარჩევნო რეფორმის პროცესი შეჩერებულია. ჩიხიდან გამოსასვლელი გზის მოსაძიებლად და არჩევნების წინ შემდგომი ნაბიჯების შესათანხმებლად პოლიტიკური დიალოგის შეხვედრები გაიმართა”, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, 2020 წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რომ “გააგრძელოს რეფორმების გატარების მზაობა, რაც გადამწყვეტი იქნება მისი შემდგომი წინსვლისთვის ევროპის გზაზე”.
“დიდი მნიშვნელობა ექნება მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გასანეიტრალებლად ამბიციური საარჩევნო რეფორმების გატარებას და სასამართლო რეფორმის განხორციელებას. რაც შეეხება მომავლს, 2020 წლის შემოდგომაზე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის დემოკრატიისადმი ერთგულების დასადასტურებლად. მიმდინარე საარჩევნო რეფორმის ამოცანა უნდა იყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის(OSCE/ODIHR) მიერ შემოთავაზებულ ყველა რეკომენდაციასთან შესაბამისობა. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არჩევნების წინ თავისუფალი და პლურალისტული მედიისთვის ხელშემწყობი გარემოს არსებობა კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება”, – ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.